გასულ წელს, ვიშვა რაჯაკუმარმა 13.5 წამში მისთვის მიცემული 80 შემთხვევითი რიცხვი დაიმახსოვრა. ამ მიღწევით მან მეხსიერების ჩემპიონატი მოიგო, სადაც მონაწილეები ერთმანეთს გონებრივ შესაძლებლობებში ეჯიბრებოდნენ. ერთ-ერთი დავალების მიხედვით, მათ უნდა დაემახსოვრებინათ შერეული კარტის დასტის სრული თანმიმდევრობა.

მაშინაც კი, თუ ჩვენი მეხსიერება ამ ჩემპიონატში გასამარჯვებლად საკმარისად ძლიერი არ არის, ეს უნარი ნებისმიერი ადამიანისთვის მაინც ძალიან ფასეულია. ადამიანების თითქმის 75% ამბობს, რომ კროსვორდებსა და სხვადასხვა თავსატეხებს არამარტო გასართობად, არამედ მეხსიერების გასაუმჯობესებლად ხსნის. კარგი მეხსიერება ინტელექტუალურ განვითარებასთან ასოცირდება, ხოლო სწრაფი დავიწყება — გაფანტულობასა და ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევასთან.

ფოტო: Getty Images

ამის მიუხედავად, მეცნიერთა აზრით, დავიწყებასაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ადამიანისთვის. ამ უნარის გარეშე ჩვენი ცხოვრება სავსე იქნებოდა მოძველებული, უსარგებლო და ხანდახან მტკივნეული ინფორმაციითაც. იმის მიუხედავად, რომ დავიწყება უმეტესად გაუცნობიერებლად ხდება, კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეულწილად შეგვიძლია იმის კონტროლი, თუ რა გვახსოვდეს და რა — არა.

რატომ არის დავიწყება მნიშვნელოვანი

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დავიწყების უნარის გამომუშავება სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კრეატიულობისთვის. ზოგიერთი ექსპერტი დავიწყებას, როგორც მკურნალობის მეთოდს, პრაქტიკაშიც აქტიურად იყენებს. ისინი დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ პაციენტებს დავიწყების უნარის გამომუშავებაში ეხმარება. თანამედროვე ეპოქაში კი, როცა ჩვენი მეხსიერება თითქმის მთლიანად გაჯეტებზეა დამოკიდებული, დავიწყება შეიძლება კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდეს.

"დავიწყების პროცესი მაშინვე იწყება, როცა მეხსიერებაში ახალი ინფორმაცია ჩნდება და ეს ძალიან კარგია. რომ არა დავიწყების უნარი, ჩვენი ცხოვრება გაცილებით უფრო მტკივნეული და რთული იქნებოდა", — ამბობს კანადელი ნეირომეცნიერი ჯონათან ფოსეტი.

ფოსეტს მოჰყავს საბჭოთა ჟურნალისტის — სოლომონ შერეშევსკის — მაგალითი, რომელიც იმდენად კარგად იმახსოვრებდა ყველაფერს, რომ გონება ზედმეტად გადატვირთული ჰქონდა. მისი ტვინი სავსე იყო არასაჭირო მათემატიკური ფორმულებითა და უცხოური გამონათქვამებით. ამის გამო ხშირად უჭირდა კონცენტრირება და ინფორმაციის სიუხვით იმდენად იტანჯებოდა, რომ სერიოზული ფსიქიკური პრობლემებიც კი შეექმნა. ის დავიწყებას სხვადასხვა უცნაური მეთოდით ცდილობდა, მაგალითად, ინფორმაციას ბარათებზე წერდა და შემდეგ წვავდა ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ ცეცხლსაც კი არ შეეძლო მისი მოგონებების წაშლა.

როგორ დავივიწყოთ?

ჩვეულებრივ, დავიწყება ავტომატური პროცესია და ხშირად სრულად გაუცნობიერებლად ხდება. ის ინფორმაცია, რომელსაც ყურადღებას არ ვუთმობთ და აღარ გვჭირდება, უბრალოდ ქრება მეხსიერებიდან. დროთა განმავლობაში, ამ არასაჭირო მოგონებებს ახალი ფაქტები ცვლის.

ფოტო: The New York Times

საინტერესოა, რომ დავიწყება შეიძლება გამიზნულ მოქმედებაც იქცეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მაიკლ ანდერსონი ამას "მოტივირებულ დავიწყებას" უწოდებს, ანუ პროცესს, როცა ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს კონკრეტული ფაქტის მეხსიერებიდან გაქრობას.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა მაიკლ ანდერსონმა ე.წ. "იფიქრე/არ იფიქრო" მეთოდი შექმნა. იგი მონაწილეებს სიტყვათა წყვილებს (მაგალითად, "ბალახი — სკამი") აჩვენებდა. ჯერ იწყებოდა ექსპერიმენტის "იფიქრე" ნაწილი, რომლის დროსაც მონაწილეებს აჩვენებდნენ სიტყვას "ბალახი" და ეუბნებოდნენ, რომ წარმოედგინა მისი მეწყვილე სიტყვა, ანუ "სკამი". შემდეგ მოდიოდა "არ იფიქრო" ნაწილი და ამ დროს, მონაწილეებს ეუბნებოდნენ, რომ ეფიქრა პირველ სიტყვაზე "ბალახი", ისე, რომ არ წარმოედგინა მეორე სიტყვა "სკამი". შედეგად მეორე სიტყვა ნელ-ნელა ქრებოდა მეხსიერებიდან, ზუსტად ისე, როგორც მტკივნეული ან არასაჭირო მოგონებები.

ეს პროცესი მეხსიერების "დამუხრუჭებას" ჰგავდა, დაახლოებით ისე, როგორც ხელის ინსტინქტურად შეჩერება ცხელ ზედაპირთან შეხებამდე. იმ დროს, როცა ადამიანები მოგონების შეკავებას ცდილობენ, ტვინის ის ნაწილი აქტიურდება, რომელიც მტკივნეული ან საშიში მოქმედების დამუხრუჭებას აკონტროლებს. ხელის ავტომატურად შეკავების ნაცვლად, ამჯერად ეს სიგნალი ტვინის მეხსიერების ცენტრს — ჰიპოკამპუსს — გადაეცემა.

ანდერსონის ექსპერიმენტის მონაწილეები გაოცებულები დარჩნენ, როცა გაიაზრეს, რომ უბრალოდ საკუთარი თავისთვის "არ იფიქროს" თქმა საკმარისი იყო მოგონებების გასაქრობად. ამ უნარის გამომუშავება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მისი სარგებელი აშკარაა.

2023 წელს ჩატარებულ კვლევაში ანდერსონის ჯგუფმა COVID-19-ის შფოთვასთან გამკლავების მიზნით ადამიანებს უარყოფითი აზრების დავიწყება ასწავლა. მისი "იფიქრე/არ იფიქრო" მეთოდის წყალობით, სამი დღის შემდეგ, მონაწილეთა უმეტესობა აცხადებდა, რომ ის ფიქრები, რომლებითაც ადრე იტანჯებოდნენ, მოგვიანებით უბრალოდ პოზიტიურ მოგონებებად იქცა.

ფოტო: Illinois State University

ანდერსონის მსგავსად, სხვა მეცნიერებიც თვლიან, რომ განზრახ დავიწყებაც ისეთივე შესაძლებელია, როგორც ახალი ინფორმაციის ათვისება. ერთ-ერთი ტექნიკის მიხედვით, თუ არასასურველი მოგონების მხოლოდ სასიამოვნო დეტალებზე კონცენტრირდები, უარყოფითი მალევე გავიწყდება. მაგალითად, თუ სიმღერისას სცენაზე წაიქეცი, მაგრამ ამ ფაქტზე ფიქრისას მხოლოდ მეგობრების ღიმილიანი სახეები გახსენდება, ეს გამოცდილება მეხსიერებაში უფრო პოზიტიურ ფაქტად დაგრჩება და ჩამოვარდნის მომენტი უკანა პლანზე გადაინაცვლებს.

"ადამიანებს მეხსიერების გაუმჯობესებისკენ მიდრეკილება მუდამ გვექნება, მაგრამ ამ პროცესში დავიწყების მნიშვნელობა არ უნდა დაგვავიწყდეს", — ამბობს ფოსეტი.

დავიწყება შფოთვის გაქრობასა და კრეატიულობის განვითარებაში გვეხმარება. იგი ხელს უწყობს გონების მოქნილობას და როგორც ნეირომეცნიერი სტივ რამირესი ამბობს, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ახალი იდეების მოფიქრება, როცა გონება ძველი და არასაჭირო მოგონებებისგან სრულად დაცლილია.

არ არის საჭირო, რომ ყველა უარყოფითი მოგონება გავაქროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ტვინში დავიწყების ძალაც ისევე არსებობს, როგორც დამახსოვრების და ორივე მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.