რევოლუციურმა ტელესკოპმა კოსმოსს მზერა გაუსწორა — ნახეთ, რა გველის წინ
ასტრონომ ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიის უმნიშვნელოვანესი მისია უკვე დაიწყო. მის ოფიციალურ სადებიუტო სურათებს ძალიან მალე ვიხილავთ. მანამდე კი მეცნიერებმა ორი პირველადი კადრი გაგვიზიარეს, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ რევოლუციური ტელესკოპისგან.
ასევე, იხილეთ: ახალი ფანჯარა კოსმოსში — 23 ივნისს ამუშავდება ტელესკოპი, რომელიც ასტრონომიაში თამაშის წესებს შეცვლის
ესაა გამოსახულებები, რომლებიც ობსერვატორიამ ფუნქციონირების პირველი 10 საათის განმავლობაში დააფიქსირა. ამ დროში მან მილიონობით გალაქტიკა და არაერთი ასტეროიდი გადაიღო, რაც მიანიშნებს, რომ ასტრონომიაში ახალი ერა იწყება, რომელიც, დიდი ალბათობით, მრავალი აღმოჩენისკენ გაგვიკვალავს გზას.
ტელესკოპი 10-წლიან კვლევით პროექტ LSST-ს უკვე შეუდგა. მის ფარგლებში ის ცის სამხრეთ ნახევარსფეროს ახლო ულტრაიისფერ, ოპტიკურ და ახლო ინფრაწითელ სპექტრებში დააკვირდება. იგი მთლიან ცას რამდენიმე დღეში ერთხელ გადაიღებს, რათა სამყაროს ცვალებადობა აღბეჭდოს. დედამიწიდან ხილული კოსმოსის თითოეული მონაკვეთი ობსერვატორიის ობიექტივში დაახლოებით 800-ჯერ მოხვდება, კერძოდ კი მათ 2300-მეგაპიქსელიანი კამერა დააფიქსირებს — არსებულთაგან უდიდესი.
ამ სურათზე ორი ნისლეულია ნაჩვენები: მესიე 20-ისა და ლაგუნის. ისინი ირმის ნახტომში მდებარეობს და ვარსკვლავების წარმომქმნელ ღრუბლებს შეიცავს. ამ რეგიონს მზის სისტემისგან რამდენიმე ათასი სინათლის წელი აშორებს და ღირებულ ინფორმაციას ინახავს იმის შესახებ, თუ როგორ ფორმირდება და ვითარდება მნათობები. ამ გამოსახულების მისაღებად ობსერვატორიამ 7 საათის განმავლობაში 678 კადრი აღბეჭდა.
მეორე ფოტოზე ე.წ. ქალწულის გროვაა წარმოდგენილი, უფრო სწორად მისი ერთი ნაწილი (სრულად იხილეთ ვიდეოში). ესაა ათასობით გალაქტიკის "ქსელი", რომლის არსებობის შესახებაც რამდენიმე საუკუნეა, ვიცით. მისი ყველაზე კაშკაშა წევრების დანახვა მარტივი ტელესკოპებითაცაა შესაძლებელი, მთლიან სტრუქტურაზე დეტალურად დაკვირვება რთულია. ამის მიუხედავად, ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიამ ეს მოახერხა.
აი, შედეგი:
"რუბინის ობსერვატორია სამყაროს შესახებ იმაზე მეტ ინფორმაციას მოიპოვებს, ვიდრე ისტორიის განმავლობაში ყველა ოპტიკურმა ტელესკოპმა შეძლო. ამ გასაოცარი სამეცნიერო მოწყობილობის მეშვეობით უამრავ კოსმოსურ საიდუმლოს შევისწავლით, მათ შორის ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას", — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრაიან სტოუნმა.
პირველი ოფიციალური სურათების წარდგენა 23 ივნისის 19:00 საათზეა დაგეგმილი. პირდაპირი ტრანსლაციის სანახავად ამ ბმულზე გადადით — https://www.youtube.com/watch?v=Zv22_Amsreo.
კომენტარები