ახალი მოწყობილობა მთვარის ზედაპირიდან 70% ჟანგბადის მოპოვებას შეძლებს
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) შეარჩია გუნდი, რომელიც მთვარის ზედაპირიდან ჟანგბადის მოსაპოვებლად სპეციალურ მოწყობილობას შექმნის.
ისინი კოსმოსურ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია Thales Alenia Space-ის წარმომადგენლები გახლავთ, რომლებზეც ორგანიზაციამ არჩევანი კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო დიზაინის გამო შეაჩერა. ახალი აპარატი შეძლებს, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გაგზავნილი ასტრონავტები ჟანგბადით უზრუნველყოს, რომელსაც ისინი სუნთქვისთვის ან რაკეტების საწვავის სახით გამოიყენებენ.
მეცნიერთა გუნდი მცირე ზომის ექსპერიმენტულ მოდელს დაამზადებს, რაც ESA-ს იმის განსაზღვრაში დაეხმარება, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მსგავსი დიდი მოწყობილობები მთვარეზე გასაშვებად. სადემონსტრაციო პროტოტიპი საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის რეგოლითიდან 50-100 გრამი ჟანგბადი გამოვაცალკეოთ, ეს კი ნიმუშში არსებული სრული მარაგის დაახლოებით 70%-ის ეკვივალენტურია. მეტი სიცხადისთვის, 10 წუთის განმავლობაში სუნთქვისთვის ადამიანს 5 გრამი O2 სჭირდება.
ამისთვის აპარატს 10 დღე ექნება, რადგან ის მზის ენერგიაზე იმუშავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთვარეზე ღამის დადგომის შემდეგ, ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს. ის უნდა იყოს კომპაქტური და ნაკლებ ენერგიას მოიხმარდეს. ასევე, მთვარეზე დასაჯდომ სხვადასხვა მოდულს მოერგოს.
"მთვარის ზედაპირიდან ჟანგბადისა და გამოსაყენებლად ვარგისი ლითონების მოპოვება ამ ციური სხეულის გამოკვლევის პროცესში ბევრ რამეს შეცვლის, რადგან მეცნიერები დედამიწიდან გაგზავნილ ტვირთზე აღარ იქნებიან დამოკიდებულნი", — აცხადებენ სააგენტოში.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ზემოხსენებულ მოდელს ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე 2030-იანი წლების დასაწყისში გაუშვებენ.
კომენტარები