შორეულ პროტოპლანეტურ დისკში რეკორდულად დიდი მოლეკულა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა, ატაკამის უდაბნოში განლაგებული ინტერფერომეტრის ALMA მეშვეობით, პროტოპლანეტურ დისკში დიმეთილის ეთერი აღმოაჩინეს, რაც ისტორიაში პირველი პრეცედენტია. თუმცა, ეს ყველაფერი არაა — ის 9 ატომისგან შედგება, ანუ მსგავს ადგილას მიკვლეულ მოლეკულებს შორის ყველაზე დიდია. ასევე, შესაძლოა, უფრო კომპლექსური ორგანული მოლეკულების წარმოქმნას დაედოს საფუძვლად, რომლებიც სიცოცხლის გაჩენას განაპირობებს.
დიმეთილის ეთერი ორგანული ნაერთია, რომელიც ვარსკვლავების წარმომშობ რეგიონში არსებულ აირის ღრუბლებში ხშირად გვხვდება, მაგრამ პროტოპლანეტურ დისკში მისთვის აქამდე არ მიუგნიათ. ამის გარდა, ასტრონომებმა იქ მეთილის ფორმიატიც დააფიქსირეს, რომელსაც თითქმის იგივე პოტენციალი აქვს.
აღნიშნული დისკი ჩვენგან 444 სინათლის წლით დაშორებულ ახალგაზრდა მნათობთან, სახელად IRS 48, გველისმჭერის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ის მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ბევრჯერ გამხდარა "მტვრის ხაფანგად" წოდებული რეგიონის გამო, რომელშიც უმცირესი ზომის ნაწილაკები ერთიანდება და ბევრად დიდ ასტრონომიულ სხეულებს ქმნის, როგორიცაა კომეტები, ასტეროიდები და, სავარაუდოდ, პლანეტებიც.
მიიჩნევა, რომ ამგვარი მოლეკულები ვარსკვლავურ მატერიაში მათ გაჩენამდეც კი არსებობს. ეს გახლავთ საკმაოდ ცივი გარემო, სადაც ატომები მტვრის ნაწილაკებს უერთდება და ყინულოვანი ფენის გაჩენას უწყობს ხელს. იქ მიმდინარე ქიმიური რეაქციების შედეგად კი კომპლექსური მოლეკულები ფორმირდება. IRS 48-ის სითბოს გავლენით, ნივთიერებები აირად მდგომარეობაში გადადის, რაც ღრუბლის შემადგენლობის შესწავლას აადვილებს, როგორც ეს უკანასკნელ შემთხვევაში მოხდა.
მეცნიერთა განცხადებით, მსგავსი მოლეკულები შეიძლება პლანეტების წარმოქმნაშიც მონაწილეობდეს. ეს აქამდე არ ვიცოდით, რადგან სისტემების უმეტესობაში ისინი ყინულითაა გარემოცული და შეუმჩნეველი რჩება. გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნებული ნაშრომი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სიცოცხლის პოტენციურ საფუძვლებს ეხება და ამ მხრივ ინფორმაციას გვაწვდის არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ სხვა ციურ სხეულებზეც.
კომენტარები