როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და ვინ იჯერებს მას — კვლევა
ახალმა კვლევამ შეისწავლა ის თუ როგორ მუშაობს რუსული დეზინფორმაცია და ვინ იჯერებს მას ყველაზე ხშირად. მკვლევრების დასკვნით, ასეთები ისინი არიან ვისაც შეთქმულებების თეორიების სჯერათ, არ ენდობიან მთავრობებსა და ვერ ერკვევიან პოლიტიკაში. კვლევის თანახმად, რუსული პროპაგანდა ძირითადად ასეთ ადამიანებზე მოქმედებს.
ჟურნალ Comparative Political Studies-ში მოხსენებული კვლევის მიხედვით, გერმანიაში 2 000-ზე მეტ ადამიანს სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაუტარდა. კვლევის დაწყებამდე მონაწილეებს ჰკითხეს მათი რწმენისა და დამოკიდებულების შესახებ. ეს მოიცავდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო საკითხებს, როგორიცაა გერმანიის მიერ ლტოლვილთა კრიზისის მოგვარება და პუტინის საეჭვო ფინანსური აქტივობები.
მონაწილეთა ხუთ ჯგუფად დაყოფის შემდეგ, ზოგიერთს ასევე მიეცა დამატებითი ინფორმაცია მოცემულ საკითხზე, რომლებიც წარმოადგენდნენ მეინსტრიმ და არა მეინსტრიმ ცნობებს. შემდეგ ზოგს უთხრეს, თუ საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია, იყო ის რუსული თუ "დასავლური" წყაროდან.
კვლევამ აჩვენა, რომ პროდასავლური, მეინსტრიმული თვალსაზრისის მიწოდება საკმარისი არ არის რუსული დეზინფორმაციის გასაბათილებლად. ეს ხსნის თუ რატომ არის დეზინფორმაციის პრობლემის მოგვარება ასე რთული.
"როგორც კი ადამიანი მეინსტრიმული პოლიტიკისგან გამოეთიშება და მას გაუცხოება უჩნდება, ჩათვალეთ ბრძოლა წაგებულია. მისთვის დეზინფორმაციის დაჯერების შანსები იზრდება. აქ, ცხადია, ჩნდება კითხვა, როგორ დავაინტერესოთ ხალხი პოლიტიკით და დავიცვათ ისინი დეზინფორმაციისგან. ამ კითხვაზე პასუხი მდგომარეობს გრძელვადიან ფაქტორებში და არა სწრაფ და მარტივ გამოსავალში. საუბარია ადრეული სამოქალაქო განათლებაზე", — უთხრა IFLScience-ს დოქტორმა მათიას მადერმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა და გერმანიის კონსტანცის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებულმა პროფესორმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე დეზინფორმაციის გავრცელების შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. Meta-მ, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა კომპანიამ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ წაშალა ანგარიშებისა და გვერდების ქსელი, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ამბებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. როგორც ამ ქსელის ნაწილი, ჯგუფი აწარმოებდა რამდენიმე ვებსაიტს, რომლებიც დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებებად იყო შეფარული. ისინი აქვეყნებდნენ ცრუ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ევროპა და აშშ ღალატობენ უკრაინასა და უკრაინაზე როგორც წარუმატებელი სახელმწიფოზე ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.
ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი მცდელობებიდან, რათა გარკვეულმა ძალებმა გავლენა მოახდინონ ადამიანებზე გავლენა და მათ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არასწორი მხრიდან დაანახონ. მაგალითად, საგამოძიებო ჟურნალისტურმა ჯგუფმა Bellingcat-მა უკვე გამოყო რამდენიმე მედია კამპანია, რომელიც შექმნილია კრიზისის შესახებ არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გასავრცელებლად.
თუმცა, ახალი კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ როდესაც საქმე ეხება უკრაინის მიმართ აგრესიას, ამჯერად რუსული დეზინფორმაცია ვერ იქნება ისეთი ეფექტიანი, როგორც ეს იყო წარსულში.
"არსებული ვითარება მიუთითებს დეზინფორმაციის და რუსეთის პროპაგანდის საზღვრებზე. რუსეთის ქმედებები უკრაინაში იმდენად უაზრო და აგრესიულია, რომ ამჯერად რუსული პროპაგანდაც ვეღარ მუშაობს", — ამბობს დოქტორი მადერი.
კომენტარები