ატომური ომი კარგს რომ არაფერს მოიტანს, ეს დედამიწაზე მცხოვრებმა ყოველმა ადამიანმა იცის, მაგრამ რას ნიშნავს რეალურად ასეთი იარაღის გამოყენება და როგორია ბირთვული საფრთხეები?

რა არის ბირთვული იარაღი

ბირთვული იარაღი ეს ფეთქებადი მოწყობილობაა, მისი ენერგიის წყარო კი ბირთვული რეაქციაა. როგორც ალბერტ აინშტაინისგან ვიცით, E=mc2 — ანუ, შესაძლებელია მასა გადავაქციოთ ენერგიად. ბირთვული იარაღის მოქმედების პრინციპი ბირთვულ რეაქციას ეფუძნება. იმისთვის, რომ ჯაჭვური რეაქცია დაიწყოს, აუცილებელია შესაბამისი "საწვავი", ურანის იზოტოპის სახით.

თავად ბომბის შექმნის ისტორია მანჰეტენის პროექტთანაა დაკავშირებული, მაგრამ პირველი გარღვევა 1911 წელს სერ ერნესტ რუთერფორდს ეკუთვნის. მან აღმოაჩინა, რომ ატომური მასა მის ბირთვშია კონცენტრირებული. ამის შემდეგ ნილს ბორმა ატომის სტრუქტურა აღწერა. საბოლოოდ გასაგები გახდა, რომ შესაძლებელი იყო ატომური ჯაჭვის რეაქცია ურანის დიდი რაოდენობით. ეს უკვე ატომური ენერგიაა, რომელიც ატომების გახლეჩით ან შეერთებით მიიღება.

1938 წლის 17 დეკემბერს ფიზიკოსმა ოტო ჰანსმა ატომის ბირთვის გახლეჩა შეძლო. უკვე 1945 წლის 16 ივნისს პირველი ატომური ბომბი ნიუ-მექსიკოში წარმატებით გამოსაცდეს.

მთლიანობაში ატომური რეაქცია ორ კლასად იყოფა: ატომის ბირთვის დაყოფად და ატომის ბირთვის სინთეზად.

ატომის ბირთვის გახლეჩა — ასეთ დროს მძიმე ელემენტების ბირთვის გახლეჩვის ეფექტია საჭირო. ეს ელემენტებია ურანი და პლუტონიუმი. საუბარი გვაქვს მასის დეფიციტის პრინციპზე, რომელიც ფარდობითობის თეორიაშია ახსნილი. რაც მთავარია, ასეთი იარაღი საჭიროებს სუფთა და გამდიდრებულ ურანს. ურანის ასე სუფთად გამდიდრება კი ძალიან რთული ტექნოლოგიური საკითხია, ამიტომ არის რომ მისი წარმოება ძალიან ცოტას თუ შეუძლია. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს: რეაქცია ჯაჭვურია, იგივე ზვავის ეფექტის პრინციპით. ურანის ბირთვი დაშლისას ასხივებს ნეიტრონებს, რომლებიც თავის მხრივ ეჯახებიან ურანის სხვა ბირთვებს და ხლეჩენ მას.

ატომის ბირთვის სინთეზი — ეს თერმობირთვული რეაქციაა, რა დროსაც გამოიყენება მსუბუქი ელემენტის ბირთვის სინთეზის ეფექტი. მსუბუქ ელემენტად გამოიყენება წყალბადის ბირთვი და ესეც ეყრდნობა მასის დეფიციტის პრინციპს.

თავის მხრივ, წყალბადის იზოტოპი ტრიტიუმი არის ერთი ცალი პროტონისა და ორი ნეიტრონის ბმა. ეს იზოტოპებია, რაც ძალიან იშვიათად გვხვდება პლანეტაზე და მათი გარკვეული რაოდენობის მიღება ურთულესი ტექნოლოგიური საკითხია.

რაც შეეხება თავად პროცესს, წყალბადის ბირთვებს ენიჭება იმდენად დიდი ენერგია, რომ ურთიერთ შეჯახებისას ისინი ბირთვული ველის წინააღმდეგობას ძლევენ და ხდება ბირთვების სინთეზი, მიიღება ჰელიუმის ბირთვი. აღსანიშნავია, რომ ამ რეაქციის დროს გამოყოფილი ენერგია აღემატება ბირთვების გახლეჩის რეაქციის ენერგიას. შესაბამისად, ასეთი შეიარაღება კიდევ უფრო საშიშია.

ვის აქვს ბირთვული შეიარაღება

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და ცივი ომის დროს, მსოფლიოს ორი ზესახელმწიფო (აშშ & საბჭოთა კავშირი) ცდილობდა უფრო მეტი და უფრო ძლიერი ბირთვული იარაღის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ლობირებდნენ ბირთვული იარაღის შემცირებას, მსოფლიოში ბირთვული იარაღის მარაგი 1986 წელს რეკორდულ რიცხვამდე 70300 ქობინამდე გაიზარდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შედარებით შეამცირეს მარაგები, და გაჩნდა ბირთვული იარაღის მქონე ახალი სახელმწიფოები. მიუხედავად ამ შემცირებებისა, მსოფლიოს ბირთვული იარაღის თითქმის 90 პროცენტი აშშ-სა და რუსეთზე მოდის. მათ მოჰყვებიან ჩინეთი და საფრანგეთი, რომლებმაც დაიწყეს ბირთვული იარაღის გამოცდა, 1964-სა და 1960 წლებში. დიდ ბრიტანეთს აქვს მეხუთე ყველაზე დიდი ბირთვული იარაღი დღეს, თუმცა ის რიგით მესამე ქვეყანა იყო, რომელმაც შექმნა ატომური შეიარაღება ჯერ კიდევ 1952 წელს.

მთლიანობაში დღეს ბირთვული იარაღი 9 ქვეყანას აქვს, ესენია: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა. მსოფლიოში დაახლოებით 13 080 ბირთვული ქობინია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი მათგანის გამოყენება ახლაცაა შესაძლებელი. ზოგი მათგანი გაუქმებულადაც შეიძლება ჩაითვალოს.

საფრთხეები

ალბათ ყველა ბავშვმაც იცის, რომ ატომური იარაღის გამოყენებას კაცობრიობისთვის გამანადგურებელი შედეგი ექნება. ბირთვული აფეთქებებით ქალაქების დაუყოვნებელი განადგურების გარდა, ასეთი ომის პოტენციური შედეგი იქნება ხანძრები, ბირთვული ზამთარი, რადიაციული ავადმყოფობის გავრცელება და თანამედროვე ტექნოლოგიების დროებით, ან სულაც მუდმივად გათიშვა. ეს უკანასკნელი ელექტრომაგნიტური იმპულსების გამო.

გავიხსენოთ ჰიროსიმასა და ნაგასაკის შემთხვევა. ორივე ქალაქში მთლიანად განადგურდა ყველაფერი აფეთქების ცენტრიდან 1,6 კილომეტრის რადიუსში, გარდა გარკვეული რკინაბეტონის ჩარჩოებისა. ერთი აფეთქებით ჰიროსიმას მოსახლეობის მეოთხედზე მეტი დაიღუპა და კიდევ ერთი მეოთხედი მძიმედ დაშავდა. ქალაქი მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა. მეტიც, თითქმის ყველაფერი ძლიერ დაზიანდა აფეთქებიდან 5 კილომეტრის რადიუსის ფარგლებში. რაც შეეხება მინებს, ისინი 20 კილომეტრის რადიუსზე ჩაიმსხვრა.

მთლიანობაში ჰიროსიმაში მხოლოდ აფეთქების მომენტში 70 000 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მსხვერპლი შემდგომში კიდევ უფრო გაიზარდა და ამაში თავისი წვლილი რადიაციამ შეიტანა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დღეს სახელმწიფოებს ბევრად დიდი ატომური შეიარაღება აქვთ, აღარაფერს ვამბობ მომატებულ სიმძლავრეზე. ზოგიერთი თანამედროვე ბირთვული იარაღი 3000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰიროსიმაში ჩამოგდებული. მაგალითად, აშშ-ს ამჟამინდელ ბირთვულ არსენალში, W88 ქობინი 475 კილოტონაა. ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბი "პატარა ბიჭი" 12-13 კილოტონა იყო.

ექსპერტების შეფასებით, ბირთვულ ომს ქალაქების უმალ განადგურება შეუძლია. ეს ათობით მილიონი (თუ არა მეტი) ადამიანის სიკვდილის ტოლფასია. მსგავსი აფეთქებების შემდეგ შეიცვლება კლიმატი. გაჩნდება რადიაცია და ატმოსფეროში გაიფანტება ჭვარტლი, რომელიც დედამიწას მზის სინათლეს დაუფარავს. სწორედ ასეთ კატასტროფას უწოდებენ ბირთვულ ზამთარს, რომლისთვის გაძლებაც ძალიან რთული იქნება.

საბოლოოდ ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველადი დამრტყმელი ძალის გარდა მოჰყვება დასხივება, იონური გამოსხივება, რადიოაქტიური დაბინძურება და ელექტრომაგნიტური იმპულსი.

მხოლოდ მცირე მასშტაბებზე რომ ვისაუბროთ, თუ ამას მცირე შეიძლება ეწოდოს, ინდოეთი პაკისტანის ატომური ომიც კი პლანეტაზე სიცოცხლეს სერიოზულს საფრთხეს შეუქმნის. მკვლევრების თქმით, მხოლოდ ამ ორ სახელმწიფოს შორის ბირთვულმა ომმა, შეიძლება გამოიწვიოს უდიდესი პრობლემები ათობით ქვეყანაში, რაც საბოლოოდ მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ბირთვული ზამთარი მკვეთრად შეცვლიდა ოკეანეებს და, სავარაუდოდ, გაანადგურებდა მარჯნის რიფებსა და საზღვაო ეკოსისტემებს.

მთლიანობაში, ექსპერტების სრული უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ბირთვული ომი, რამდენადაც მცირე მასშტაბების არ უნდა იყოს ის, მთლიანად შეცვლის პლანეტის ეკოსისტემასა და რეალობას.

რამდენად შორს უნდა იყოთ, რომ ბირთვულ აფეთქებას გადაურჩეთ

ერთია მოვლენები რაც მსგავს უგუნურ ომს შეიძლება მოჰყვეს, მეორე თავად აფეთქება და ეპიცენტრი. ექსპერტების თქმით, კატასტროფის შედეგი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: ამინდზე, დღის მონაკვეთზე, სამიზნე არეალის გეოგრაფიულ მახასიათებლებსა და აფეთქების ადგილზე (ჰაერი/ხმელეთი). თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, გარკვეული პროგნოზის გაკეთება მაინც შესაძლებელია.

ატომური აფეთქებისას გამოყოფილი ენერგიის დაახლოებით 35 პროცენტს თერმული გამოსხივების სახე აქვს. მაგალითად ავიღოთ 1 მეგატონა ენერგიის მქონე ბირთვული იარაღი, ჰიროსიმაში ჩამოგდებულზე 80-ჯერ მძლავრი, მაგრამ ბევრ თანამედროვე ატომურ ბომბზე სუსტი.

ასევე: რამდენად შორს უნდა იყოთ, რომ ბირთვულ აფეთქებას გადაურჩეთ — ინტერაქტიური რუკა

როგორც ამ სტატიითაც კარგად ჩანს, მსგავსი ატომური ბომბის გამოყენების შემთხვევაში 11 კილომეტრ დისტანციაზე პირველი ხარისხის დამწვრობას მივიღებთ, ხოლო 8 კილომეტრზე მესამე ხარისხის დაზიანება გვემუქრება. თუ ის სხეულის 24 პროცენტს მოიცავს, დაუყოვნებლივი სამედიცინო ჩარევის გარეშე, ადამიანი დაიღუპება. მეტიც, მსგავსი ბომბის აფეთქება 6 კილომეტრის რადიუსში არსებული 2-სართულიანი ნაგებობების კედლებს 180 მეტრული ტონა ძალით დაანგრევს და 255 კმ/სთ სიჩქარის ქარს წარმოქმნის. 1 კილომეტრის ფარგლებში 4-ჯერ მეტი წნევა და 756 კმ/სთ სიჩქარეა მოსალოდნელი.

შედარებისთვის, ვარაუდობენ, რომ ჰიროსიმაში, კატასტროფის ეპიცენტრში, სიცხე 300 000 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა. ეს 300-ჯერ მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე კრემაციისას იყენებენ.

თუმცა, ეს ყველაფერი ჰიპოთეტური მაგალითია, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ერთია თავად აფეთქება და პირველი ტალღა და მეორე მის მიერ დატოვებული რადიაცია, რაც კიდევ უფრო ბევრ ადამიანს დააზიანებს.

ადგილი, სადაც ატომური ომის შემდეგ ყოფნა ყველაზე ნაკლებადაა საშიში

რთულია ეს ორი ფენომენი — ატომური ომი და უსაფრთხოება ერთად ახსენო, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. როგორც ექსპერტები ამბობენ, არსებობს ადგილები, სადაც ატომური ომის დროს შედარებით ნაკლებად საშიში იქნება. ამის დასადგენად მკვლევრებმა სხვადსხვა სიმულაციები შექმნეს. ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ როგორ იმოქმედებდა ბირთვული კონფლიქტი დედამიწის მთელ სისტემაზე, ოკეანეებიდან ატმოსფერომდე და ხმელეთამდე.

სიმულაციის ფარგლებში მკვლევრებმა გადახედეს ბირთვული სახელმწიფოების ამჟამინდელ საერთაშორისო ბირთვულ მარაგს და განიხილეს ქვეყნებს შორის კონფლიქტის ალბათობა. ამით მათ რისკის ტრაექტორიების რეიტინგი გამოავლინეს. რაც მნიშვნელოვანია, სიმულაციაში ამინდის ფაქტორიც გათვალისწინებულია.

მაშ სად არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი?

"ჩვენი კომპიუტერული მოდელირება გვიჩვენებს, რომ თუ ატომური ომი მართლაც მოხდა, საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი (თუ ამას შეიძლება უსაფრთხო ეწოდოს) იქნება ანტარქტიდა", — ამბობენ მკვლევრები The Guardian-ის სტატიაში.

რაც შეეხება მიზეზებს, ეს კონტინენტი არამხოლოდ კილომეტრებითაა დაშორებული ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსგან, ის ასევე იყო მსოფლიოში პირველი ბირთვული იარაღის შეთანხმების ნაწილი 1959 წელს. ანტარქტიდის ხელშეკრულებით აქ ყველა ბირთვული იარაღის აფეთქება აკრძალულია და ეს გაყინული ლანდშაფტი მშვიდობიანი კვლევის სივრცედ ითვლება.

თუმცა, გასაგები მიზეზების გამო ანტარქტიდაზე ცხოვრება ადამიანებისთვის პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროშიც არ იქნებოდა სასურველი. მაშ სხვაგან სად?

ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, კიდევ ერთი ვარიანტი იქნება აღდგომის კუნძული სამხრეთ წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკიდან 3200 კილომეტრის დაშორებით. აქ გადარჩენილებს შეეძლებათ ნახონ მასიური იდუმალი ქანდაკებები, რომლებიც ცნობილია როგორც მოაი. ეს მონოლითები მოჩუქურთმებული იყო ძველი პოლინეზიელების მიერ, რომლებმაც მოჭრეს კუნძულის ყველა ხე, რათა გადაეტანათ ეს გიგანტური ქვის ფიგურები. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ამ გაჩეხვამ იზოლირებული კუნძული ეკოლოგიურ ნანგრევებად აქცია. შეიძლება ატომურ ომს გადარჩენილი ადამიანების უკანასკნელი თავშესაფარი სწორედ ეს მიტოვებული ადგილი გახდეს.

კი, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, მიტოვებული ადგილი, რომელის ეკოლოგიური კატასტროფაც ადამიანებმა გამოიწვის, სრული კატასტროფის — ატომური ომის შემდეგ შეიძლება ჩვენი ერთ-ერთი უკანასკნელი თავშესაფარი გახდეს.

კიდევ არის ერთი — ეს კირიბატის და მარშალის კუნძულების არქიპელაგია. შორეული და მზიანი კუნძულების ჯაჭვები სავსეა ტროპიკული პლაჟებით და გარშემორტყმულია ოკეანით. რატომ ის? ეს ოდესღაც ბირთვული იარაღის ისტორიული გამოცდის მთავარი ადგილი იყო. ბუნებრივია ახლა იქ არავინ ცხოვრობს, მაგრამ რამდენადაც (კიდევ ერთხელ) პარადოქსული არ უნდა იყოს, ადგილები რომლებიც ჩვენ გავხადეთ სიცოცხლისთვის შეუსაბამო მომავალში შეიძლება უკანასკნელ თავშესაფარად მოგვევლინონ. და ეს ბუნებრივიცაა, ატომური ომის დაწყების შემთხვევაში ბომბები ისეთ ადგილას არ ჩამოვარდება, სადაც არავინაა.

დაბოლოს

სტატიის დასასრულს მინდა იმედი გამოვთქვა, რომ დასასრული არ იქნება — ყოველ შემთხვევაში ისეთი დასასრული, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს გაანადგურებს და ამაში მთავარი დამნაშავე ჩვენი სახეობა იქნება. ბოლო ორ საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე ცივილიზაციის პასუხისმგებლობა კოლოსალურად იზრდება. დღეს სახეობა, რომელსაც ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით მთელი პლანეტის განადგურება შეუძლია, ფუნდამენტურ — ბიოლოგიურ დონეზე ზუსტად ისევ ის ცხოველია, რომელიც გამოქვაბულში იჯდა, ცეცხლსაც ვერ ანთებდა და ერთადერთი მისი იარაღი ძირს ნაპოვნი ხის ტოტი იყო.

ამ არსების ინსტინქტები, შიშები და მიდრეკილებები ფუნდამენტურ დონეზე ისევ პრიმიტიული პრიზმიდან იმართება. ჯოხის მაგივრად ხელში ატომური შეიარაღებით მყოფი პრიმატები ძალიან საშიშები ვართ, მაგრამ ამასთან ჩვენ ამ პლანეტაზე ერთადერთნი ვართ ვისაც მსგავსი პასუხისმგებლობის გააზრება შეუძლია — იმედი ვიქონიოთ რომ შეუძლია.

ეს ალბათ ის დროა, როდესაც საკუთარი პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა გავიაზროთ, ცივილიზაციისთვის მოვიდა მომენტი, როდესაც ბავშვობა უნდა დასრულდეს. . .