ამ კომპანიას სურს, სუფთა ენერგიის მოსაპოვებლად ხმელეთი 20 კილომეტრ სიღრმეზე გაბურღოს
Quaise Energy-ის სახელით ცნობილი კომპანია გეგმავს, რომ დედამიწის ქერქი 20 კილომეტრ სიღრმეზე გაბურღოს და იქიდან "თითქმის ულევი", სუფთა ენერგია მოიპოვოს. ამისთვის მათ უკიდურესად მაღალი სიხშირის (მილიმეტრულ) ტალღებზე დაფუძნებული საბურღი სისტემის გამოყენება სურთ.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპმა უკვე 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მიიღო, რომლის დახმარებითაც იქ მომუშავე სპეციალისტები მიზნის მიღწევას შეეცდებიან.
"სუფთა ენერგიის მოხმარებაზე სწრაფად გადასვლა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. გეოთერმულ ენერგიას მეტის მოცემა შეუძლია, ნაკლები რესურსის გამოყენებით. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ მას", — აცხადებენ კომპანიაში.
ტრადიციული ბურღები ჩვენი პლანეტის ქერქის შემადგენელ ქვებსა და მინერალებში მარტივად ჩადის. თუმცა, უფრო ქვემოთ ბევრად მყარი სტრუქტურები, ძლიერი წნევა და სიცხეა, რის გამოც ამგვარი მოწყობილობები სიღრმეში ვერ აღწევს. ისეთი მატერიის შექმნა კი, რომელიც მსგავს პირობებს გაუძლებს, კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება ზემოხსენებულ საბურღ სისტემას, ის დამყარებულია ტექნოლოგიაზე, რომელზეც თითქმის ათწლეულია, თეორიულად მსჯელობენ, მაგრამ სრულად ფუნქციონირებადი მოდელი ჯერჯერობით არ აგებულა. მისი უპირატესობა შემდეგშია: ხმელეთში გზის გასაკვლევად ის მაღალი სიხშირის ტალღების საშუალებით ქვას ისე აცხელებს, რომ ადნობს ან აორთქლებს.
Quaise Energy კონკრეტულ სიღრმემდე ჩასვლას ჩვეულებრივი ბურღით აპირებს, შემდეგ კი საქმეს "გიროტრონზე მომუშავე საბურღ პლატფორმას" მიანდობენ. ამ გზით მოპოვებული ენერგიით ელექტროსადგურებს წიაღისეული საწვავის გარეშე ავამოქმედებთ.
უნდა ითქვას, რომ ასეთი მოწყობილობები დიდძალ ენერგიას საჭიროებს ტალღების წარმოსაქმნელად, რომლებიც გარკვეული მანძილის გავლისას სუსტდება. ამას ემატება მაღალი ტემპერატურაც, რომელიც გამოსხივების გადაცემას მეტად აფერხებს.
უცნობია, რამდენად შეძლებს სტარტაპი ჩამოთვლილი დაბრკოლებების გადალახვას. პასუხს 2024 წლამდე მივიღებთ, რადგან პლატფორმის დამზადება სწორედ ამ დროისთვის იგეგმება.
კომენტარები