"მთავრობის განცხადება არ ასახავს ჩემს პოზიციას" — ქართველებს უკრაინელებისთვის შეტყობინება აქვთ
2021 ევროპაში ომის მოლოდინით დასრულდა და 2022 წელიც ამ მოლოდნით დავიწყეთ. მაშინ, როცა ცივილიზებული სამყარო უკრაინის საზღვრებზე რუსული ჯარების განლაგებას აკვირდებოდა და მსოფლიო ლიდერები კიევში ერთმანეთის მიყოლებით ჩადიოდნენ, საქართველოში მთავრობის წევრებს ვეხვეწებოდით მეგობარი უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოეხატათ — ჩასულიყვნენ კიევში და ეჩვენებინათ, რომ უკრაინის გვერდით ვართ. მიუხედავად უამრავი თხოვნის, მოთხოვნის და მოწოდებისა, ღარიბაშვილმა წარმომადგენელიც არ გაგზავნა და დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეორე, არჩასვლის მიზეზი ჩაკეტილი საჰაერო სივრცით "ახსნა".
ეს არ ყოფილა ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებიდან ერთადერთი, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. პრემიერმინისტრმა ისე, რომ არც უკითხავთ, გამოაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთისთვის, ოკუპანტი ქვეყნისთვის, ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დაწესებას.
თუმცა მალევე, მოსახლეობამ აჩვენა, რომ ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მეგობრობაც ესმით და სოლიდარობაც — ამიტომ საჯაროდ თქვეს, რომ მთავრობის განცხადება მათ პოზიციას არ ასახავს. ამ სტატიაში სწორედ იმ მესიჯებს ნახავთ, რომლებიც დღეს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეებს გაუგზავნეს — მხარდაჭერა და არა "არგაღიზიანება".
ერთ-ერთი პირველი, ვინც პრემიერმინისტრის განცხადებას გაემიჯნა სახალხო დამცველი იყო. ნინო ლომჯარიამ დაწერა, რომ ქართველები მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ, ხოლო უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის, ქართველების ბრძოლაცაა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ პრემიერმინისტრის განცხადებისა და მთავრობის უმოქმედობის გამო რცხვენია და არ ასახავს მის პოზიციას.
არც მეტი არც ნაკლები, მოქმედი პრემიერმინისტრის განცხადებას გაემიჯნა ყოფილი პრემიერმინისტრიც, რომლის შს მინისტრობის დროსაც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიოკუპაციური აქცია გაიმართა. გახარიამ ღარიბაშვილის განცხადება დაგმო.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მას შემდეგ, რაც პარლამენტში უკრაინული ჰიმნი გააჟღერა და ოპოზიციის სახელით მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა დაუფიქსირა, ტვიტერზე დაწერა, რომ ღარიბაშვილის კომენტარი ქართველი ხალხის აზრს არ ასახავს.
ფეისბუქზე თავისი პოზიცია გამოხატა TV პირველის დირექტორმაც. ვატო წერეთელმა დაპოსტა, რომ პრემიერმინისტრის განცხადება მისი და მისი შვილის პოზიციას არ გამოხატავს.
აქტიურად დააფიქსირეს თავისი პოზიცია ჟურნალისტებმაც.
ღარიბაშვილის განცხადებამ მალევე მიიქცია, როგორც მეგობარი უკრაინის, ასევე პუტინის პროპაგანდისტების ყურადღება და ამ უკანასკნელთა მოწონებაც დაიმსახურა. რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ კი თქვა, რომ პრემიერს შეუძლია ომის დასრულების მერეც არ ჩავიდეს კიევში და საზოგადოებას მოუწოდა, აუხსნან ღარიბაშვილს, როგორ უნდა მოიქცეს. ფეისბუქპოსტზე, რომელსაც 5 000-მდე კომენტარი აქვს, უკრაინელ დეპუტატს უხსნიან, რომ პრემიერმინისტრის განცხადება არ არის საქართველოს პოზიცია.
"ღარიბაშვილი საქართველო არ არის!"
"ჩვენ გვრცხვენია ღარიბაშვილის! უკრაინის გვერდით ვართ!"
"მე ვარ ანანო საქართველოდან და ღარიბაშვილი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას"
"მე ქართველი ვარ, გერმანიაში უკრაინულ ოჯახთან ვცხოვრობ. ისინი ძალიან კარგები არიან. ღარიბაშვილი საქართველო არ არის. დიდება უკრაინას!"
"მე ვარ ქართველი და მრცხვენია ჩემი მთავრობის! ღმერთო დაიფარე უკრაინა! ქართველი ხალხი თქვენთანაა!"
"ღარიბაშვილი არ არის მთელი საქართველო, გვაპატიეთ! ჩვენ თქვენთან ვართ!"
"ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ღარიბაშვილი არ არის მთელი საქართველო! ძალიან გვრცხვენია მათ გამო. ჩვენ თქვენსკენ ვართ!"
"გვაპატიეთ, ქართველი ხალხი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება! ღარიბაშვილი ჩვენი ქვეყნის სირცხვილია."
"მე ქართველი ვარ, ბოდიში ჩემი მთავრობის გამო!"
რუსეთის ინტერვენციიდან ჯერ 48 საათიც არ გასულა და საქართველოში არაერთი აქცია გაიმართა რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად, მოთხოვნით — უფრო აქტიურად დააფიქსიროს მთავრობამ უკრაინისადმი მხარდაჭერა.
პარლამენტთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ღარიბაშვილის პოზიცია დაგმო. მათ სცადეს უკრაინისა და პარტნიორებისთვის ეჩვენებინათ, რომ ქვეყნის არჩევანი დემოკრატიაა, დასავლეთი და არა აგრესორის მორჩილება.
მესიჯებმა კიევში ჩააღწია — უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა "საოცარი ქართველი ხალხი მთავრობაზე უკეთესია".
აქციას უკრაინელების დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც.
ისტორია ზოგჯერ მეორდება, თუმცა წითელი არმიის მიერ თბილისის აღებისა და საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 101 წლის შემდეგ, დამტკიცდა, რომ საქართველოს რუსეთის ირიბი თუ პიდაპირი კლანჭებიდან თავის დაღწევა და ცივილიზებულ სამყაროსთან შეერთება სურს.
კომენტარები