2050 წლისთვის ზღვის დონე 20 სანტიმეტრით მოიმატებს — კლიმატური კრიზისი გარდაუვალია

ფოტო: ScienceAlert
ზღვის დონის მატება 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში კაცობრიობის გამძლეობას გამოცდის. მიუხედავად იმისა, გლობალურ დათბობას ქვეყნები შეაჩერებენ თუ ვერა, ტემპერატურის დასაშვები 1.5 გრადუსით მომატებაც კი პრობლემებს გამოიწვევს.
კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო სამი ათწლეულია, რაც წყლის დონის მატების ტემპი გაორმაგდა. არსებული ტენდენციის მიხედვით კი 2100 წლისთვის კვლავ მოიმატებს და წელიწადში 1 სანტიმეტრით აიწევს.
"გლობალური დათბობის 1.5°C-იან მატებამდე დასტაბილურება დიდი მიღწევა იქნებოდა", — აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი კრის სტოუკსი, რომელიც ინგლისის დარემის უნივერსიტეტის პროფესორია — "ამ მიზანს რომც მივაღწიოთ, ზღვის დონის მატება მაინც აჩქარდება. მსგავს კლიმატურ პირობებში ცხოვრება ძალიან რთული იქნება".
თუ საჭირო ზომებს არ მიიღებენ, ზღვის დონე 2050 წლისთვის დაახლოებით 20 სანტიმეტრით მოიმატებს. ძველმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მსოფლიოს 136 ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარის ზარალს გამოიწვევს. დაახლოებით 230 მილიონი ადამიანი ზღვის დონიდან ერთ მეტრზე ცხოვრობს, მილიარდზე მეტი კი 10 მეტრის ფარგლებში.
ზღვის დონის მატება ოკეანეების გათბობით, ყინულის საფარისა და მთის მყინვარების დნობით არის განპირობებული. წყლები ჭარბი სითბოს 90%-ს შთანთქავს, რასაც კლიმატის ცვლილება იწვევს.
ასევე ნახეთ: ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — რა გველის მომავალში?
დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით უკვე 1.2°C-ით გაიზარდა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ მომდევნო საუკუნეებში წყლის დონემ რამდენიმე მეტრით აიწიოს. თუ ტემპერატურის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდება, საუკუნის ბოლოსთვის მაჩვენებელი 2.7°C-ით გაიზრდება.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფმა (IPCC) 2021 წელს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, 2100 წლამდე ზღვის დონე 40-დან 80 სანტიმეტრამდე მოიმატებს. ეს იმაზეა დამოკიდებული, კაცობრიობა სათბურის აირების გამოყოფას რამდენად შეამცირებს. გარდა ამისა, კრის სტოუკსმა და მისმა გუნდმა ყურადღება ყინულის დნობაზეც გაამახვილეს. 4 წლის შემდეგ სიტუაცია საგანგაშოა.
"დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღლა ავა", — განაცხადა სტოუკსმა.
ყინულის ფენები საკმარისად დიდი რაოდენობით გაყინულ წყალს შეიცავს. მათი დნობა ოკეანეების დონეს დაახლოებით 65 მეტრით აწევს. სატელიტურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ყინულის ის რაოდენობა, რომელიც დნება ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ოთხჯერ გაიზარდა.
"ადრე გვეგონა, რომ გრენლანდია რეაგირებას მხოლოდ მაშინ დაიწყებდა, როცა დედამიწის ტემპერატურა 3°C-ით გაიზრდებოდა", — ამბობს მეცნიერი — "ახლა კი ვიცით, რომ გრენლანდიისა და დასავლეთ ანტარქტიდის ყინულების გამოუსწორებლად დნობა დაახლოებით 1.5°C-იან მატებაზეა მოსალოდნელი".
2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმება გლობალური დათბობის 2-1.5°C-მდე დასტაბილურებას ითვალისწინებს. CO2 გლობალური დათბობის მთავარი მიზეზია.
მეცნიერებმა დედამიწის ბოლო სამი პერიოდი გამოიკვლიეს. მაშინ ტემპერატურა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე დღევანდელთან შედარებით თითქმის თანაბარი იყო. მაგალითად, დაახლოებით 125 000 წლის წინ ზღვის დონე დღევანდელზე 2-9 მეტრით მაღალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძველ დროში დედამიწის საშუალო ტემპერატურა ოდნავ ნაკლები და CO2-ის დონე ჰაერში გაცილებით დაბალი იყო. ეს ცხადყოფს, რომ ზღვის დონე შეიძლება, მნიშვნელოვნად გაიზარდოს, თუნდაც ტემპერატურამ ოდნავ მოიმატოს.
"თუ გსურთ, რომ ზღვის დონის მატება შეანელოთ, აუცილებელია, რომ დედამიწის ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით გაცივდეს", — თქვა სტოუკსმა —"ყინულის ფენებისგან გამოწვეული წყლის დონის მატების შენელება და მის მართვად დონეზე დაყვანა გრძელვადიან მიზანს საჭიროებს. ტემპერატურა 1°C-იან მატებაზე უნდა შეჩერდეს".
კვლევა გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები