ჩვენი ტვინი საკმაოდ აქტიური და კოორდინირებულია მაშინაც კი, როცა სხეული კვდება. ახლახან მკვლევრებმა დააფიქსირეს ტვინის ტალღები ინდივიდის სიკვდილის დროს და აღმოაჩინეს შემეცნებითი აქტივობების მსგავსი, როგორიცაა ოცნება ან მედიტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი რამ ვიცით ვარსკვლავების "დაღუპვის" შესახებ, ადამიანის სიკვდილის ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გვესმის. ახლა, დაკვირვებამ მოგვცა პირველი ხედვა იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში სიკვდილის დროს.

შემთხვევა

დაკვირვება ესტონეთში 87 წლის კაცზე მოხდა, მას შემდეგ რაც ის სპეციალურ განყოფილებაში დაცემის შემდეგ შეიყვანეს. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ამის შემდეგ 12-მდე ეპილეფსიური შეტევა დაფიქსირდა. ინდივიდის მონიტორინგის ფარგლებში, ექიმებმა გამოიყენეს უწყვეტი ელექტროენცეფალოგრაფია (EEG), რომელიც უზრუნველყოფდა კრუნჩხვების გამოვლენას. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში პაციენტს გულის შეტევა დაემართა და დაიღუპა. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, უწყვეტი EEG მონიტორმა ადამიანის ტვინის აქტივობა ჩაწერა და ეს ყველაფერი სიკვდილის დროს.

ტვინის აქტივობა EEG-ში ასახულ რხევებში იზომება. მეცნიერებს გამოვლენილი აქვთ ამ რხევების სხვადასხვა ტიპები, როგორიცაა ალფა, ბეტა, დელტა, თეტა და გამა. გამა რხევები ასოცირდება უფრო მაღალ შემეცნებით შესაძლებლობებთან, როგორიცაა კონცენტრაცია, ოცნება, მედიტაცია, მეხსიერება, ინფორმაციის დამუშავება და ცნობიერი აღქმა. 87 წლის კაცის შემთხვევაში, მკვლევრებმა დააფიქსირეს ყველა სხვადასხვა ტიპის ტვინის აქტივობა, მაგრამ მათ შორის გამა ტალღები უფრო დომინანტური იყო. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს ტალღები დაკავშირებულია მეხსიერების გააქტიურებასთან სიცოცხლის ბოლო მომენტებში.

Flashback — მოგონებები

"რხევების გენერირების მეშვეობით, რომლებიც დაკავშირებულია მეხსიერების აღდგენასთან, ტვინი შესაძლოა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენებს მართლაც უკანასკნელად იხსენებდეს, ისევე როგორც ეს სიკვდილთან დაკავშირებული გამოცდილებების შემთხვევაში ფიქსირდება", — თქვა დოქტორმა აჯმალ ზემარმა, ნეიროქირურგმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.

ეს ადამიანის შემთხვევაში ასეთ დროს ტვინის ტალღების პირველი ჩანაწერია, თუმცა, მეცნიერებს მსგავსი ტალღები ვირთხების სიკვდილის დროს აქვთ ჩაწერილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების გარშემო ტვინის აქტივობის სპეციფიკური ცვლილებების მიუხედავად, მსგავსი გამოვლინებები შეიძლება ხდებოდეს ყველა სახეობაში.

თუმცა, მკვლევრები ჯერ საბოლოო დასკვნის გაკეთებას არ ჩქარობენ. ზუსტი დასკვნებისთვის კვლევის გაგრძელება იქნება საჭირო, ამისთვის ერთი შემთხვევის აღწერა საკმარისი ვერ იქნება.

კვლევა რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Frontiers in Aging Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.