2-ეტაპიანმა იდენტიფიკაციამ Google-ს ანგარიშების დაჰაკვის რისკი 50%-ით შეამცირა
2021 წლის უკანასკნელ 3 თვეში Google-მა 150 მილიონი ანგარიშის მფლობელი, YouTube-ის 2 მილიონ მომხმარებელთან ერთად, 2-საფეხურიან ვერიფიკაციაზე (2SV) ავტომატურად გადაიყვანა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ამან მათი დაჰაკვის რისკი 50 პროცენტით შეამცირა.
ამგვარი იდენტიფიკაცია, ტრადიციული პაროლის გარდა, სისტემაში შესვლის დამატებით ეტაპს გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს, როგორც Google-ს აპლიკაციაში დადასტურების შეტყობინება, ასევე, მოწყობილობის უსაფრთხოების გასაღები. მსგავსი ორმაგი თავდაცვით თითოეული ჩვენგანის პირადი ინფორმაციის მოპარვის შანსი ნახევრდება.
"დაჰაკვის რისკის ასეთი შემცირება გვიჩვენებს, რამდენად ეფექტიანია ვერიფიკაციის მეორე ვარიანტის ქონა პერსონალური მონაცემების დასაცავად. გაააქტიურეთ 2SV (ან ამას ჩვენ გავაკეთებთ!), რადგან ის დიდ გავლენას ახდენს თქვენი პაროლის მოწყვლადობაზე", — წერს კომპანია ახლახან გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში.
Google-ს სურს, მომხმარებლებს ცვლილებებისკენ უბიძგოს, რაც გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ Gmail-ზე, Google Workspace-სა და YouTube-ზე მილიარდობით ადამიანია დარეგისტრირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის ანგარიში ჰაკერების პოტენციური სამიზნეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ელექტრონული ფოსტა, რომლის "გატეხვითაც" ისინი სხვა პლატფორმებზე წვდომასაც მოიპოვებენ.
2-ეტაპიანი იდენტიფიკაცია წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა თავად პაროლების საკითხიც პრობლემურია, რადგან ხშირად სუსტ კომბინაციებს ვირჩევთ ან სხვადასხვა საიტზე შესასვლელად ერთნაირ ასოებს/სიმბოლოებს/ციფრებს ვიყენებთ. შესაბამისად, მრავალი კომპანია უკვე ახლებური მიდგომის დანერგვას ცდილობს. მაგალითად, Microsoft ბიომეტრიულ ტექნოლოგიას გვთავაზობს, როგორიცაა Windows Hello-ის სახის ამოცნობის ფუნქცია, აპლიკაციები და გასაღებები. იგივე შეიძლება ითქვას Apple-ზე, რომელიც iCloud Keychain-ს ცდის. თავად Google ამ სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.
კომენტარები