ელექტრონული კომერციის აკადემია — სივრცე ბიზნესის განვითარებისთვის
ინტერნეტში 24 მილიონზე მეტი ელექტრონული კომერციის ვებსაიტია და მათი რიცხვი ყოველდღე იმატებს, თავად ინდუსტრიის ბრუნვამ მსოფლიოს მასშტაბით გასულ წელს 4.8 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ინტერნეტის მომხმარებელთა 90%-ზე მეტს კი ერთხელ მაინც შეუძენია ნივთი ონლაინ.
მზარდი ტენდენციაა საქართველოშიც, განსაკუთრებით კი 2020 წლიდან, როცა პანდემიის გამო ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა და ონლაინ ვაჭრობა ბიზნესებისთვის საქმიანობის შესანარჩუნებლად, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა აღმოჩნდა. ამ შთამბეჭდავი მონაცემების მიუხედავად, ელექტრონული კომერცია არის დარგი, რომლის შესაძლებლობები ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. ამისათვის კი, პროფესიონალების მომზადება/გადამზადება, ცოდნისა და გამოცდილების მუდმივი გაზიარებაა საჭირო.
ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებისა და მიკრო, მცირე თუ საშუალო ზომის კომპანიებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდების მიზნით, იქომერს ასოციაცია საქართველო, TBC-სი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ელექტრონული კომერციის აკადემიას აფუძნებენ.
აკადემია ორი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: იგი დაინტერესებულ პირებს ელექტრონული კომერციის სტრატეგიული მართვის კურსს შესთავაზებს, მეორე მხრივ კი, შეიქმნება ონლაინ პლატფორმა, სადაც ელექტრონული კომერციის მიმართულებით საგანმანათლებლო სპეციალიზებული მოდულები განთავსდება, რაც ათასობით ადამიანს მისცემს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.
სტრატეგიული მართვის კურსი 4-თვიანი ინტენსიური პროგრამაა, რომლის მიზანი ელექტრონული კომერციის დარგში კვალიფიციური სტრატეგიული მენეჯერების მომზადებაა. კურიკულუმი დაფარავს ეკოსისტემის ყველა მიმართულებას. კურსის ათი მოდულიდან შვიდი თეორიული სახის, სამი კი — პრაქტიკული იქნება. თითოეულ კურსს კი დარგის გამორჩეული პროფესიონალები გაუძღვებიან, რომლებსაც, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გარდა, პედაგოგიური გამოცდილებაც აქვთ.
ელექტრონული კომერციის აკადემიის ონლაინ პლატფორმაზე კი კურსებს განათავსებს როგორც თვითონ აკადემია, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიც. კურსები დაფარავს ელექტრონული კომერციის სხვადასხვა მიმართულებს, როგორებიცაა ელ.კომერცია ჯანდაცვაში, საცალო ვაჭრობაში, მოდის ინდუსტრიაში და სხვა.
რატომ შეიქმნა ელექტრონული კომერციის აკადემია?
ელექტრონული კომერციის აკადემიაზე მუშაობა 2020 წლის ივნისში დაიწყო. მისი შექმნის იდეა ელექტრონული კომერციის ასოციაციას გაუჩნდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტიდან მაისამდე რამდენიმე ფართომასშტაბიანი საჯარო ონლაინ აქტივობა განახორციელა.
ასოციაციის თანადამფუძნებელი ანდრო კიკნაძე აღნიშნავს, რომ ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე დაიწყეს აკადემიის კონცეფციაზე ფიქრი, რომელიც შემდგომ TBC-სისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს გააცნეს.
"2020 წლის გაზაფხულზე, პანდემიის დაწყებისას დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესების უმეტესობას საქმიანობის გასაგრძელებლად ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლა დასჭირდა. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა საჭიროება, რომ დარგის შესახებ არსებული ცოდნა და გამოცდილება გაზიარებულიყო და ბიზნესებს ტრანზიცია გამარტივებოდათ. ელექტრონული კომერციის ასოციაციამ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით, ჩაატარა ვებინარების სერია, სადაც აუდიტორიას ელ.კომერციის სრული ციკლის დაგეგმვასა და მართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია და გამოცდილება გავუზიარეთ. ამის შემდგომ ასოციაციას ხშირად მომართავდნენ ელ.კომერციასთან დაკავშირებული ინფორმაციისა თუ პრაქტიკების გაზიარების მიზნით კერძო თუ საჯარო პირები", — აცხადებს ანდრო კიკნაძე.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ აკადემია რეგიონული თვალსაზრისითაც ინოვაციურია.
"ამ დრომდე ჩვენს რეგიონში, არათუ საქართველოში, არ არის ისეთი ჰაბი, სადაც ელ.კომერციასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ცოდნის და გამოცდილებების თავმოყრა და სტრუქტურირებული, მიზანმიმართული გაზიარება იქნება შესაძლებელი", — ამბობს ანდრო კიკნაძე, ასოციაციის თანადამფუძნებელი.
რით იქნება აკადემია გამორჩეული?
აკადემიის, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბის პოტენციალზე საუბრობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი, პაატა სირბილაძეც. მისი თქმით, ელექტრონული კომერციის აკადემია დიდ როლს ითამაშებს ქვეყანასა და რეგიონში ამ დარგის განვითარებაში.
"USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისთვის ელექტრონული კომერციის აკადემიის ინიციატივა გამორჩეულად მნიშვნელოვანია. არაერთი კვლევით და ჩვენი აქტიური კომუნიკაციით ბიზნეს-სუბიექტებთან გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება, შეიქმნას ცოდნის ბაზა ელექტრონული კომერციის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის", — ამბობს პაატა სირბილაძე.
ის ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ზოგადად, ელექტრონული კომერცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.სირბილაძის თქმით, აკადემიის კონცეფციის ჩამოყალიბებისას ორგანიზატორებმა საზღვარგარეთის საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს.
"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ლათინური ამერიკის ელექტრონული კომერციის ინსტიტუტთან, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს ლათინური ამერიკის 20-ზე მეტ ქვეყანაში ტრენინგებისა და აკადემიური პროგრამების დანერგვის კუთხით. მათი გამოცდილება გვეხმარება, რომ დავხვეწოთ კურიკულუმი და განვავითაროთ ელექტრონული სწავლების ფორმატი", —თქვა მან.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ამ ინიციატივაში, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, აკადემიის კურიკულუმის და სტრატეგიული განვითარების კუთხითაცაა ჩართული.
ვისთვის იქმნება ელექტრონული კომერციის აკადემია?
ელექტრონული კომერციის აკადემია ყალიბდება მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესისათვის ონლაინ ვაჭრობის განვითარება სურს, ამასთან ელექტრონული კომერციის სექტორში მომუშავე დამწყები ან საშუალო დონის პროფესიონალებისთვის და ელექტრონული კომერციის სექტორში დასაქმების მსურველებისთვის, რომელთა მიზანი კვალიფიკაციის ამაღლება და მენეჯერული პოზიციების დაკავებაა.
"აკადემიის კურსი საინტერესო იქნება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ისე მსხვილი კომპანიებისთვის, რომელთა თანამშრომლები ემპირიული მეთოდებით ცდილობენ საქმიანობის წარმართვას იქიდან გამომდინარე, რომ სისტემატიზებული სატრენინგო პროგრამები ჯერ არ არსებობს. ამ კურსების დახმარებით ისინი ბიზნეს პროცესების ეფექტიანად გაძღოლას შეძლებენ", — ამბობს პაატა სირბილაძე.
აკადემიის პარტნიორია TBC-სი, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და ელექტრონული კომერციის განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. TBC-სიმ გასული წლების განმავლობაში არაერთი პროექტი წამოიწყო ბიზნეს პროცესების გაციფრულების და ელექტრონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.
"ელექტრონული კომერციის აკადემია თიბისისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მომავალი სწორედ ამ მიმართულებაშია. TBC-სი ყოველთვის ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ამ დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს", — თქვა ანა თოთიბაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ასოცირებული პარტნიორი.
TBC-სი ელექტრონული კომერციის აკადემიის მხარდამჭერია როგორც მარკეტინგული, ისე სასწავლო პროცესების დაგეგმვის კუთხით.
"ნებისმიერი სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ დასაქმებული ადამიანები იყვნენ პროფესიონალები, ჰქონდეთ კარგი განათლება და წვდომა ახალ ინფორმაციაზე, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ელექტრონული კომერციის აკადემია დიდ როლს ითამაშებს ამ დარგის განვითარებაში", — აცხადებს ანა თოთიბაძე.
ელექტრონული კომერციის აკადემიაში პირველი კურსი 2022 წლის მარტში იწყება. მარტი-ივნისის პერიოდში იგეგმება აკადემიის სასწავლო პროგრამის პილოტირება და მიღებული უკუკავშირის შესაბამისად — მისი ადაპტაცია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტრონული კომერციის აკადემიისათვის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამის შედგენა, პარტნიორი აკადემიური, კერძო და საჯარო ორგანიზაციების მოძიება, და რაც მთავარია, ონლაინ სასწავლო პლატფორმის შექმნა. აკადემიის სასწავლო პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ.
აკადემიაში სწავლის მსურველები, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: ecomacademy.ge
კომენტარები