ინჟინრებმა ახალი დრონის შესაქმნელად ლეონარდო და ვინჩის მონახაზები გამოიყენეს
ლეონარდო და ვინჩიმ თავი, ძირითადად, თავისი ნახატების წყალობით დაგვამახსოვრა, თუმცა ბევრისათვის დღესაც უცნობია, რომ 1480-იან წლებში — პირველ ფრენამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე — მან საფრენი აპარატის მონახაზი შექმნა. შესაბამისი მასალების ნაკლებობის გამო, და ვინჩის შვეულმფრენისმაგვარი მოწყობილობა არასოდეს აუწყვია, ჩვენ კი შემოგვრჩა კითხვა: აფრინდებოდა თუ არა მისი მონახაზის მიხედვით შექმნილი აპარატი?
სწორედ ამის საპასუხოდ, მერილენდის უნივერსიტეტის ინჟინრებმა და ვინჩის მონახაზები გამოიყენეს და საფრენი დიზაინის კონკურსისათვის ფუნქციური დრონი Crimson Spin შექმნეს. ეს უპილოტო, კვადკოპტერული მოწყობილობაა ფრთებით, რომლებიც და ვინჩის "საჰაერო ხრახნის" დიზაინითაა შთაგონებული. იგი არქიმედეს ხრახნის კონცეფციას იყენებს და ფრენისათვის ჰაერს აწვება.
დრონს შტოპორის ფორმის, პლასტმასისაგან დამზადებული ოთხი ფრთა აქვს, თუმცა, და ვინჩის შეთავაზებისგან განსხვავებით, ისინი ბატარეებსა და ელექტროძრავებზე მუშაობს.
ოსტიმ პრიტმა, ინჟინერთა გუნდის წევრმა, Crimson Spin მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად შექმნა. მან მოწყობილობა რამდენჯერმე ააფრინა მოკლე მანძილზე და ამის ამსახველი პირველი ვიდეო Transformative Vertical Flight კონფერენციაზე წარმოადგინა.
პრიტის თქმით, საფრენი აპარატი თითოეული ფრთის კიდეზე აირის გრიგალურ ნაკადს ქმნის, რომელიც სწრაფად მცირდება და აღმავალ ძალვას წარმოქმნის.
დრონი, დაახლოებით, DJI-ის ერთ-ერთი დრონის ზომისაა, თუმცა, ინჟინრის აზრით, გეომეტრიული ოპტიმიზაციებისა და რამდენიმე საფრენ რეჟიმში მისი უნარების კვლევით, დრონის გაზრდა იქნება შესაძლებელი — შესაძლოა, ერთ დღეს მან მგზავრის ტარებაც კი მოახერხოს. მეცნიერი ამაზე თავად არ იმუშავებს, თუმცა, სავარაუდოდ, კვლევა მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარდება. ინჟინერი თვლის, რომ თანამედროვე დიზაინებში გამოყენებამდე ფუნქციურობის, სანდოობისა და მუშაობის კუთხით დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს.
კომენტარები