ბედნიერი უნდა ვიყო! — ტრანსგენდერი ბიჭის ამბავი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
"როცა რეგიონში იზრდები, საკუთარი ცხოვრება არ გაქვს. შენი ყველა გადაწყვეტილება ოჯახის, სანათესაოს, სკოლის საქმეა. ხალხი უბრალოდ მიიჩნევს, რომ ნებისმიერ მათთვის ნაკლებად მოსაწონ ნაბიჯზე მითითება შეუძლია, რაც თავის აღმოჩენას ისე აძნელებს, რომ თავს იტყუებ, ყველაზე მარტივ არჩევანს აჯერებ"— მეუბნება 18 წლის ტრანსგენდერი ბიჭი, რომელმაც სექსუალობაზე კითხვები ჯერ კიდევ 12-13 წლის ასაკში დასვა და უკვე 2 წელია, მიხვდა, რომ საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.
"ყოველთვის მარტო ყოფნა მომწონდა და თუ ვინმესთან მეგობრობას ვახერხებდი, ძირითადად, ბიჭებთან. კაბა სულ რამდენიმეჯერ ჩამაცვეს, ყოველთვის ვაპროტესტებდი, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. გარდატეხის ასაკში პირველად მომეწონა გოგო და, ალბათ, იმის გამო, რომ ყოველთვის მარტო ვიყავი, თავი დამნაშავედ არ მიგრძვნია, არც არაბუნებრივად ჩამითვლია რამე. ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის ძიება და იმ დროისთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ლესბოსელი ვარ. როცა მკერდი საგრძნობლად გამეზარდა და გარშემომყოფ გოგოებთან საერთო ნიშნები ცხადად დავინახე, პირველად ვიგრძენი დისკომფორტი, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი, რომ ბიჭი ვიყავი", — ასე ჰყვება თავის ამბავს მე-12 კლასის მოსწავლე ბიჭი, რომელსაც სახელი ჯერ არ შეურჩევია — "არც კი ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს სახელს, 18 წელია ამ სახელით მიცნობს ყველა, რატომ უნდა შევცვალო? ამ სახელთან ერთად გავიზარდე, მოგონებები დავაგროვე, რომელთა დიდი ნაწილიც კარგად მახსენდება, ამიტომ, არა ბიჭის ან გოგოს — ჩემი სახელია"
ოჯახი, რომელიც დაბრკოლებად იქცა
"სანათესაოს შეკრებები, დიდი სუფრები ჩვენს ოჯახში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, პატარაობიდან ყველა "პრინცესას" ან ათას სხვა მოფერებით სახელს მეძახდა, გარდატეხის ასაკი დამეწყო და ყველა იძახდა — ვინმე მოგიტაცებსო, ცოტაც და გაგათხოვებთო — ყველა მსგავსი შემთხვევა მაბრაზებდა. მაგ პერიოდში დაიწყო ოჯახისგან წინააღმდეგობაც, იქამდე მხოლოდ შარვლები თუ მეცვა, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ დაქალების დრო მოვიდა, დედაჩემი სახლში მოდიოდა და ახალი კაბა მოჰქონდა, მაინც არ ვიცვამდი. მამაჩემთან ბევრად უკეთესი ურთიერთობა მქონდა — მანქანის მართვას მასწავლიდა, სამსახურში დავყავდი, მაგრამ ეგეც მოჩვენებითი იყო", — ამბობს თინეიჯერი ბიჭი.
ემოციურად დაშორების პროცესზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ნელ-ნელა მიხვდა, ოჯახის წევრები რამდენად შორს იდგნენ ერთმანეთისგან:
"ჩემს იდენტობაზე მუდმივად ახალი კითხვები მიჩნდებოდა, რომლებსაც ვერავის ვუზიარებდი, ოჯახთან სულ უფრო გავუცხოვდი, თინეიჯერობის ძირითადი ნაწილი ოთახში გამოკეტილმა გავატარე, ალბათ, მაგ დაშორებამ მიმახვედრა, როგორი უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. დედა და მამა თითქმის არ კონტაქტობდნენ, ჩემი ძმა არასდროს იყო სახლში, მშობლებს კი ერთადერთი სათქმელი ჰქონდათ, უნდა გვესწავლა და ზრდილობა არ დაგვვიწყებოდა, ალბათ, მაგ დეტალების გააზრებამ უფრო გამიმარტივა საკუთარი თავის ბრძოლის გარეშე მიღება".
მეგობრობით დაწყებული თვითაღმოჩენის ახალი ეტაპი
"15-ის ვიყავი, როცა კლასელ ბიჭთან დავახლოვდი, ერთსა და იმავე სერიალს ვუყურებდით და მაგ საუბრებიდან ბევრად ხშირ კონტაქტზე გადავედით. არასდროს მიგრძვნია, რომ მოვწონდი, ეგ რომ მეგრძნო, ვერც გავაგრძელებდი მეგობრობას. სკოლაშიც ძმაკაცებად უფრო გვიცნობდნენ, ვიდრე მეგობრებად. გოგოები მომწონს-მეთქი თავიდანვე ვუთხარი, რაც კარგად მიიღო. ახალ ქრაშებზე დაუფარავად ვსაუბრობდით, ყველა ახალ საფიქრალს ვუზიარებდი და ყოველთვის საუკეთესო რჩევებს მაძლევდა. მაგ საუბრების წყალობით, ყველა კითხვას ნელ-ნელა გავეცი პასუხი, რაღაცებზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდი და იმასაც მივხვდი, რომ ზოგ სიახლეს შიშის გამო გავურბოდი — არ მინდოდა, ნაცნობებთან, საკუთარ თავთან ხელახალი ქამინგაუთის წნეხი გამომეცადა", — გვიყვება თვითაღმოჩენის ამბავს, რომელიც საკუთარი თავისთვის, მეგობრისთვის და მცირე სანაცნობო წრისთვის იმის გაზიარებით დამთავრდა, რომ ბიჭია.
პირველი სიყვარული
"ფეხბურთის წრეზე გავიცანი, თვითონ დამიახლოვდა, ყოველდღიურად მწერდა. იმ პერიოდში იმდენი კითხვა მქონდა, სხვა არაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ ხშირი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი, პირველად თვითონ მითხრა, მომწონხარო და ურთიერთობა დავიწყეთ. ყოველდღიურად ვნახულობდით ერთმანეთს, ჩემს სახლშიც ხშირად მოდიოდა და ოჯახიც კმაყოფილი იყო, რომ გოგო მეგობარი გავიჩინე, მალევე მივხვდი, რომ მიყვარდა. ჯერ კიდევ არ მქონდა ნათქვამი, რომ ბიჭი ვარ და როცა ვუთხარი — მიპასუხა, რომ ეგ არაფერს ცვლიდა, მაგრამ რამდენჯერმე მომართვისას "გოგო" რომ გამოიყენა და ვიჩხუბეთ, მერე პირდაპირ მითხრა — რა ვქნა, ბიჭად ვერ აღგიქვამო. მაშინვე დავშორდი", — ასე იხსენებს პირველ სიყვარულს, რომლის დასრულებასაც დედასთან ქამინგაუთი მოჰყვა.
"დაშორების მერე ცუდად ვიყავი, არც გარეთ გასვლა მინდოდა, ერთადერთ მეგობართან კონტაქტიც თითქმის გავწყვიტე და დედაჩემის კითხვებით თავმობეზრებულმა, ერთ დღეს პირდაპირ მივახალე, რომ ბიჭი ვარ. იტირა, მერე ის მითხრა, მამაშენს არ უთხრა, ორივეს დაგვხოცავსო. ნაცნობი ფსიქოლოგი გამომიძებნა, რომელმაც ჩემს იდენტობაზე ყველაფერი უკვე იცოდა და პირველივე სეანსზე იმაზე დამიწყო საუბარი, რომ მსგავს ეტაპებს ბევრი მოზარდი გადის და მალე მივხვდებოდი, რომ გოგო ვარ, უბრალოდ, რთული პერიოდი მქონდა. რამდენიმე თვე ვიარე, ვიჯექი და ვუსმენდი, ველაპარაკებოდი კიდეც, დიდად აღარ მადარდებდა, რას მეტყოდა, მაგრამ დედაჩემს ჩემი "გადარჩენის" ახალ ხერხებს ვერ მოვაფიქრებინებდი".
თვითგადარჩენა
ფსიქოლოგთან ვიზიტების დროს მეგობრებთან ურთიერთობა ისევ განაახლა, დედის და ფსიქოლოგის "გარდაქმნის მცდელობებისგან" მოშორებით დამლაპარაკებელი სჭირდებოდა, რომელიც გაუგებდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ აღარც იქამდე საყვარელ ადამიანებთან ჰქონდა საერთო.
"თავიდან მეგობრებთან ურთიერთობის განახლება ამოსუნთქვა იყო, თავისუფლად საუბარი შემეძლო და ვიფიქრე, რომ ერთ რამეში მაინც გამიმართლა. არ ვიცი, როგორ აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემი ჯანსაღი მეგობრები, სულაც არ იყვნენ ისეთები, როგორადაც მივიჩნიე. ერთ-ერთი საუბრისას თქვეს, რომ მე კი ძმა ვიყავი, მაგრამ სხვა ქვიარებს ვერ გაუგებდნენ. ხუმრობით ათას ჰომოფობიურ სიტყვას იყენებდნენ, რაც იქამდე შემჩნეული არც მქონდა, ყველაფერზე პირდაპირ ვუთითებდი და არაფერი იცვლებოდა. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ასე შეუმჩნევლად ჩამოვშორდი ყველას. ერთადერთ ადამიანთან მაქვს ხშირი კავშირი, მაგრამ ისიც არასდროს ცდილობს სხვებისთვის რამის ახსნას, რაც მესმის — ასე ვერ ადგები და ყველას წინააღმდეგ წახვალ, რთულია, მაგრამ პატივისცემა მაინც გეკარგება" — გვიყვება ის მეგობრებთან კავშირის გაწყვეტის შესახებ და ამბობს, რომ სამომავლოდ სწავლა მისთვის არჩევანი აღარც კი არის.
"ოჯახს უნდა რომ ვისწავლო, გარშემო ყველა მიზნებს ალაგებს და მე მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ აქედან უნდა გავაღწიო, ახლა სწავლის დრო არ მაქვს, თავი უნდა გადავირჩინო. ალბათ, ჩავაბარებ, თბილისში გავაგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ უნივერსიტეტში სიარულზე დროს არ დავკარგავ. უნდა ვიმუშაო, ფული დავაგროვო და ამ ქვეყნიდან გავაღწიო, აქაურობა მანადგურებს და რატომ უნდა დავრჩე?! ვიცი, აუცილებლად ვიპოვი ადგილს, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ. ერთადერთი მიზანი დამრჩა — ბედნიერი უნდა ვიყო და ვიცი, რომ ამას აუცილებლად მივაღწევ".