ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდმა კომეტის კუდში გაიარა
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა, სახელად Solar Orbiter (SolO), კომეტა ლეონარდის კუდში გაიარა, რომელიც ასტრონომმა გრეგორი ლეონარდმა 2021 წლის იანვარში აღმოაჩინა.
ობიექტი, რომელსაც Comet C/2021 A1-დაც მოიხსენიებენ, დედამიწასთან ყველაზე მოკლე დისტანციაზე 12 დეკემბერს მოვიდა, როცა მისგან 34 მილიონი კილომეტრი გვაშორებდა. ცაზე მისი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც იყო შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ეს იშვიათი ვიზიტორი ჩვენს პლანეტას მომდევნო 35 000 წლის განმავლობაში აღარ მოუახლოვდება.
ESA-ს ინფორმაციით, მათი კუთვნილი აპარატი კომეტის გრძელ კუდში მაშინ შევიდა, როცა თავად ლეონარდი უკვე მზისკენ მიიწევდა, თუმცა მის მიერ დატოვებული მტვრისა და აირის კვალი საკმაოდ დიდ მანძილზე იყო გადაჭიმული. კერძოდ, იმ დროისთვის ვენერას მახლობლად მოძრავი ასტრონომიული სხეული SolO-სგან 44.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა.
ამის მიუხედავად, ზონდს საშუალება მიეცა, რომ ობიექტის შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა, როცა მოძრაობის ასაჩქარებლად დედამიწასთან ჩაიარა. იქ კი კომეტის კვალი იყო დარჩენილი.
ხომალდზე დამონტაჟებულმა ხელსაწყოებმა იონები და სხვადასხვა ნაერთები დააფიქსირა, რომელთა წარმომავლობაც სწორედ ლეონარდს უკავშირდება და არა მზის ქარს, ანუ ჩვენი ვარსკვლავისგან მომავალ დამუხტულ ნაწილაკებს. მისმა მაგნიტომეტრმა მნათობის მაგნიტურ ველთან კომეტის ურთიერთქმედებით გამოწვეული ცვლილებებიც შენიშნა. ამის გარდა, ორბიტერმა სურათებიც გადაიღო, როგორც ულტრაიისფერი, ასევე, ხილული სინათლის სპექტრში.
ეს SolO-სთვის ამგვარ კოსმოსურ მატერიაში გადაადგილების მეორე შემთხვევა იყო. პირველად მსგავსი რამ 2020 წელს მოხდა, როცა მან C/2019 Y4-ის, იგივე ატლასის კუდში გაიარა.
კომენტარები