"ვოცნებობდი თავისუფლებაზე"
50 წლის ლიბანელ-სომეხი მარალ ნაჯარიანი ბეირუთის პორტის აფეთქების შემდეგ უსაფრთხო და უფრო მშვიდი ცხოვრების საძებნელად საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა. მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასასრული მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა — ის და მისი საქმრო, ვიგენ ევლეჯიანმა აზერბაიჯანის სამხედროებმა მთიან ყარაბაღში ტყვედ ჩაიგდეს. მიუხედავად იმისა, რომ მარალმა საკუთარი თავისუფლება დაიბრუნა, ვიგენი ჯერ არ გამოუშვიათ.
ბეირუთში სილამაზის სალონი მქონდა. მანიკიურზე და ვარცხნილობებზე ვმუშაობდი, შვილთან ერთად. ლიბანში ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაფერი გართულდა. ყველაფერი უფრო ძვირდებოდა, რაც აზარალებდა მომსახურების სექტორს.
ვფიქრობდი, რომ სომხეთში უნდა გადმოვსულიყავით. ჩემი და, ანიც იზიარებდა ჩემს აზრს. 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში სომხეთის მიმართულებით ბილეთები ვიყიდეთ. რამდენიმე დღის შემდეგ, 4 აგვისტოს, ჯერ კიდევ ბეირუთში ვიყავით, როცა აფეთქება მოხდა. სახლი შეზანზარდა, იატაკი დაზიანდა: ერთი წუთით ვიფიქრეთ, რომ ომი დაიწყო. ამ მომენტმა წამოსვლის შესახებ ჩვენი გადაწყვეტილება უფრო გააძლიერა.
25 აგვისტოს მე და ჩემი და უკვე სომხეთში ვიყავით. აქ მანამდეც ვიყავი ნამყოფი, ეს ჩვენი პირველი ვიზიტი არ იყო.
თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მთიან ყარაბაღში ვიცხოვრებდით. იქ არსებული განსახლების პროგრამის შესახებ გვაცნობეს. რამდენიმე დღე ერევანში გავჩერდით და უკვე 16 სექტემბერს მე და ჩემი და მთიან ყარაბაღში გადავედით — ბერძორში [ლაჩინში] დავსახლდით. იქ გარკვეული დროით ცხოვრებას, მოწყობასა და შემდეგ ჩვენი შვილების წამოყვანას ვგეგმავდით.
მხოლოდ 11 დღის ჩასულები ვიყავით, როცა ომი დაიწყო. ცოტა ხნით კიდევ დავრჩით, თუმცა როცა სიტუაცია დაიძაბა, ერევანში გადავედით. პირადი ნივთები არ წაგვიღია, ვიფიქრეთ, რომ ომი მალე დასრულდებოდა და უკან რამდენიმე დღეში დავბრუნდებოდით.
10 ნოემბერს, როცა ომი დასრულდა, მე და ჩემი საქმრო ჩვენი ნივთების ასაღებად ბერძორში წავედით. ერევანში არაფერი გვქონდა და ბინას უკვე ვქირაობდით. თავდაპირველად, ჩემი ნივთები წამოვიღეთ, შემდეგ ვიგენმა თქვა, რომ მისი ნივთების წამოსაღებად შუშაში უნდა წავსულიყავით.
როცა შუშის შესასვლელთან მივედით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გაგვაჩერეს. მოგვიახლოვდნენ, ტელეფონები და ჩანთები გამოგვართვეს, შემდეგ მანქანიდან ჩამოგვიყვანეს და დაგვათვალიერეს. შიშისგან ვკანკალებდი — ვერც კი მივხვდი, რომ ტყვე ვიყავი. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ მოვკვდებოდი.
მანქანაში ჩაგვსვეს, სამხედრო ბაზაზე წაგვიყვანეს, სადაც ტრანსპორტი გამოიცვალეს და გზა გავაგრძელეთ. თვალები ახვეული არ მქონია, ყველაფერს ვხედავდი. ძალიან უსწორმასწორო და უცხო გზა იყო. მთები გავიარეთ და დაახლოებით 5 საათი ვმგზავრობდით.
როცა ჩავედით, მე და ვიგენი სხვადასხვა ლოკაციაზე წაგვიყვანეს. ძალიან პატარა ოთახში ვიყავი, ტუალეტიც იქვე იყო. საწოლი კედელზე იყო მიმაგრებული, ტყავი იყო გადაკრული რკინაზე. მითხრეს, რომ შემეძლო, აქ დავწოლილიყავი და დამეძინა. ამ მომენტში გავიაზრე, რომ ტყვე ვიყავი და აზერბაიჯანში ვიმყოფებოდი.
იმ დროს საკუთარ თავზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ჩემს დასა და ოჯახზე ვდარდობდი. ჩემზე არაფერი იცოდნენ და შეშფოთებულები იქნებოდნენ. ტელეფონიც არ მქონდა, არ ვიცოდი, ჩემი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათთვის როგორ მიმეწოდებინა.
მომდევნო დღეს ოთახი შემიცვალეს. დამკითხეს, ციხის საკანში წამიყვანეს, სადაც 3,5 თვე ვიყავი. ყოველ დღე ვლოცულობდი, ვიტანჯებოდი.
დღეებს კედელზე ჩანაწერების გაკეთებით ვითვლიდი. 12 თებერვალს წითელი ჯვრის წარმომადგენელი მესტუმრა. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ ჩემი გადარჩენა შესაძლებლი იყო. შემდეგ, ჩემი ნათესავებისთვის წერილი დავწერე, რომ ცოცხალი ვიყავი.
გათავისუფლების შესახებ რომ მაცნობეს, ბეირუთში წაყვანა ვთხოვე, რადგან ჩემი შვილები მენატრებოდნენ, დედაჩემიც იქ იყო. როცა კარი გამოაღეს და მითხრეს, რომ თავისუფალი ვარ, მივხვდი, როგორ იგრძნობდა თავს ჩიტი, რომელიც გალიიდან გაუშვეს. მე დავბრუნდი [ბეირუთში], მაგრამ ვიგენი კვლავ იქ არის.
9 სექტემბერს სომხეთში ისევ დავბრუნდი. ძალიან მიყვარს აქაურობა, როცა პირველად ვესტუმრე, 14 წლის ვიყავი და მაშინვე შემიყვარდა ეს ქვეყანა. ეს ჩემი სახლია.
ახლა მანიკიურის კურსებს გავდივარ. ვვარჯიშობ და მალე მუშაობას დავიწყებ. ჩემი შემდეგი მიზანია, რომ სახლი ვიყიდო, რადგან აქ არ მაქვს. მიწის ნაკვეთი მივიღე საჩუქრად, ჩემთვის სახლის ასაშენებელი ფულის ასაგროვებლად ღონისძიება მოეწყო. დღეს სახლს ჩემი დის ქმართან, შვილთან და მის საქმროსთან ერთად ვქირაობთ. ყველაფერი კარგად იქნება. ვიგენს ველოდები, მჯერა, რომ დაბრუნდება.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები