პაპილომა ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში ქალებში ყველაზე გავრცელებული კიბოს ხუთეულშია. ვაქცინაცია კი, რეგულარულ სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია 2019 წლიდან ეროვნულ კალენდარშია შეტანილი და აცრა უფასოა. წელს ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა — აქამდე უფასოდ ორი დოზით აცრა 9-დან 13 წლის ჩათვლით ასაკის გოგოებში იყო შესაძლებელი, ახლა კი ვაქცინაცია უფასო იქნება 18 წლამდე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ 15 წლამდე ასაკში საჭიროა აცრის ორი დოზა, 15-დან 18 წლამდე ასაკის შემთხვევაში კი ვაქცინაცია სამდოზიანია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, 15 წლამდე ასაკში აცრებს შორის ინტერვალი მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს, 15-დან 18 წლამდე კი პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის არანაკლებ 3 თვე.

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში — პოლიკლინიკებში.

რა არის პაპილომა ვირუსი

ადამიანის პაპილომა ვირუსი (ავპ) არის ვირუსთა ჯგუფი, რომელიც იწვევს კანის, პირის ღრუსა და საშვილოსნოს ყელის დაინფიცირებას. ვირუსის ასზე მეტი გენოტიპია ცნობილი, რომელთაგან 13 კიბოს გამომწვევია. აპვ-ის ყველაზე გავრცელებულ სახეობებს გენიტალური მეჭეჭების, საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლია. პაპილომა ვირუსის დანარჩენი სახეობები, როგორც ქალებში, ასევე კაცებში მტკივნეული და რთულად განკურნებადი გენიტალური მეჭეჭების 90%-ის გამომწვევი მიზეზია.

აპვ არ არის მემკვიდრეობითი. იგი ვრცელდება კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას. პაპილომა ვირუსის დაახლოებით 30 შტამი გადამდებია სქესობრივი გზით. სულ 200-ზე მეტი შტამი არსებობს. ის შეიძლება ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს გავრცელდეს, იქნება ეს სქესობრივი აქტი თუ სასქესო ორგანოზე შეხება.

იშვიათად, თუმცა ვირუსი შეიძლება მშობიარობის დროს დედიდან ბავშვზე გადავიდეს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ახალშობილთა იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადება, რომელსაც რეკურენტული რესპირატორული პაპილომატოზი (RRP) ეწოდება.

პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია. როგორც კაცების, ასევე ქალების დაახლოებით 80% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აუცილებლად ინფიცირდება. ვირუსი განსაკუთრებით 25 წლამდე ქალებსა და კაცებს შორის არის გავრცელებული.

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს

საშვილოსნოს ყელის კიბო პაპილომა ვირუსით ინფექციით იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საშვილოსნოს ყელის ინფექციათა უმრავლესობა დაახლოებით 1-2 წლის განმავლობაში თავისით იკურნება, მაგრამ 10 შემთხვევიდან 1-ში ინფექციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს პათოლოგიური უჯრედების კლასტერების ჩამოყალიბება, რომელსაც კიბოსწინარე დაზიანება ეწოდება. ამ სტადიაზე ქალს შეიძლება არ აღენიშნებოდეს რაიმე სიმპტომი, მაგრამ, თუ არ მოხდა დაზიანებული უბნის დიაგნოსტირება და მისი მოცილება, შესაძლებელია, ნელა, რამდენიმე წლის ან ათეული წლის განმავლობაში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება გამოიწვიოს.

რას აკეთებს ვაქცინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, HPV-ს ვაქცინა ეფექტურია მე-16, მე-18 ტიპის ვირუსის შემთხვევაში, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და 70% შემთხვევაში არის ყელის კიბოს გამომწვევი. ვაქცინები ასევე ეფექტურია ვირუსებით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. ოთხვალენტიანი ვაქცინა ეფექტურია ანოგენიტალური მეჭეჭების პროფილაქტიკისთვის, საერთო გენიტალური დაავადებისას.

ფოტო: iStock/CatLane

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინა შეიცავს პატარა ნაწილაკებს, რომელთა სტრუქტურა ვირუსის ყველაზე გავრცელებული შტამების მსგავსია. ამ ნაწილაკებს არ შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა, მაგრამ ვაქცინის ინექციის შემდეგ ორგანიზმის იმუნური სისტემა მათ ვირუსის მსგავსად პასუხობს. ამ ნაწილაკების წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულებით ორგანიზმი ქმნის დამცავ სისტემას, რომელსაც, ინფიცირების შემთხვევაში, ნამდვილი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.

WHO-ს გამარტებით, ეს სისტემა იმდენად კარგად მუშაობს, რომ ინფიცირების პრევენცია თითქმის 100 პროცენტით არის შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოყოფს რამდენიმე მიზეზს, რატომ უნდა გავიკეთო პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა:

  • პაპილომა ვირუსი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა მთელ მსოფლიოში. სქესობრივად აქტიური პირების თითქმის 80% ინფიცირდება ვირუსის ერთი ან მეტი შტამით, მთელი ცხოვრების მანძილზე;
  • პაპილომა ვირუსს ინფექციას ავთვისებიანი სიმსივნეების რამდენიმე ტიპისა და გენიტალური მეჭეჭების გამოწვევა შეუძლია;
  • საშვილოსნოს ყელის კიბო პაპილომა ვირუსის ინფექციით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა და მთელ მსოფლიოში, ქალების ავთვისებიან სიმსივნეებს შორის, სიხშირით მეოთხე ადგილზე დგას;
  • პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფიცირებისა და ამით გამოწვეული სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს;
  • ვაქცინაციით მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავთ, არამედ მომავალ პარტნიორსაც;
  • პაპილომა ვირუსის ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია.

ფოტო: FB/მადონა ჯუღელი

"პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია პრევენციაა, 90%-ით იცავს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. მანამდე საშვილოსნოს ყელის პრევენცია ხდებოდა პაციენტის სკრინინგით, ვნახულობდით დაზიანებული უბანს თუ ა.შ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირველადი პრევენცია არის თავად ვირუსის პრევენცია, ანუ აქცინაცია", — ამბობს On.ge-სთან საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი , გინეკოლოგი მადონა ჯუღელი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს განცხადებით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად.

"აპვ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში აპვ ვაქცინის ჩართვას", — ამბობს ის.

ბიჭების ვაქცინაცია

პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის უპირველესი მიზანი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაა. რეკომენდებული ასაკის (9-14 წელი) გოგოების მაღალი მოცვისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაიის მიერ ჩადებული ინვესტიცია მიზნის მისაღწევად რესურსების ყველაზე ეფექტური გამოყენების გზად არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, აცრას აქვს დამატებითი სარგებელი როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის და თუ ქვეყანას აქვს შესაბამისი რესურსი, შეუძლია ვაქცინა შესთავაზოს როგორც გოგოებს, ასევე, ბიჭებს.

2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 71-მა ქვეყანამ პაპილომა ვირუსის ვაქცინა იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში შეიტანა მხოლოდ გოგოებისთვის, ხოლო 11-მა ქვეყანამ გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ერთად.

"10 ონკოლოგიური დაავადებიდან, რომელიც გამოწვეულია პაპილომა ვირუსით, 4 კაცის შემთხვევაშია. ესაა ასოს, ანუსის და ონოფარინგიალური", — უთხრა On.ge-ს მადონა ჯუღელმა.

სკრინინგი

საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ასაკის ქალებში სამ წელიწადში ერთხელ უფასოდ ტარდება. ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული პროგრამები ჩვეულებრივ გრძელდება.

არსებობს პაპილომა ვირუსის და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სამი სხვადასხვა მეთოდი:

  • პაპილომა ვირუსის ტესტი გამოიყენება აპვ-ის იმ სახეობების დიაგნოსტირებისთვის, რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლია;
  • პათოლოგიური უჯრედების ზრდის დიაგნოსტირებისთვის (კიბოსწინარე, ან კანცერული დაზიანებები) ფართოდ გავრცელებული პაპ ტესტი გამოიყენება;
  • საშვილოსნოს ყელის ვიზუალური დათვალიერება შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას თვალით ხილული დაზიანების დიაგნოსტირებისთვის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა ქალი ინფორმირებული იყოს, რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგ პროგრამაში რეგულარულ მონაწილეობას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

"ჩვენი აზრით, ეს სერვისები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, განსაკუთრებით კი, სოფლად და ძნელადმისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისათვის, რათა მივაღწიოთ კიბოს სკრინინგის მაღალ მოცვას და გადავარჩინოთ სიცოცხლე", — ამბობს ის.

2022 წლის 23-29 იანვარს ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს საკითხის პოპულარიზაციას საზოგადოებაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებსა და პოლიტიკოსებში.

გაიგე მეტი: