სომხეთში იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ადამიანის უფლებათა დამცველად აირჩიეს
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქრისტინე გრიგორიანი სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველად აირჩიეს. ხელისუფლების ხშირ კრიტიკოსს, არმან ტატოიანს პოსტზე ყოფნის ვადა ეწურება.
გრიგორიანი პოლიტიკურ სფეროში 2009 წლიდან მუშაობს, 29 წლის ასაკში ის პარლამენტის თანამშრომელი გახდა. 2018 წლის რევოლუციის შემდეგ, ვიცეპრემიერის, არარატ მირზოიანის მრჩევლად მუშაობდა, 2019 წელს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში გრიგორიანი პოლიციის ბოლო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო — რეფორმა საგზაო საპატრულო სამსახურის შექმნას მოიცავდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის, ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის პროექტის კოორდინატორი, დანიელ იოანისიანი OC Media-სთან საუბრისას ამ "საპასუხიმგებლო" პოსტზე მის დანიშვნას მიესალმება. იოანისიანი პოლიციის რეფორმის ფარგლებში გრიგორიანთან ერთად მუშაობდა.
მისი თქმით, გრიგორიანს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ადრე "მთავრობის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის" განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი.
მიუხედავად ამისა, იოანისიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველად სახელმწიფო მოხელის დანიშვნა "შეშფოთებას იწვევს", განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი უფლებადამცველია, რომლებიც შესაძლოა, ამ პოსტზე შესაფერისები ყოფილიყვნენ.
ახალ უფლებადამცველზე ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს დადებითი განწყობა კიდევ უფრო ნაკლებად აქვს.
გამომდინარე იქიდან, რომ ის მხოლოდ მმართველი პარტიის ხმებით აირჩიეს და თან ფაშინიანის ადმინისტრაციაში მინისტრის მოადგილედ მსახურობდა, ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ თავისი უფლებამოსილების მიუკერძოებლად შესრულებაში, შეიძლება, "შეიზღუდოს".
გრიგორიანმა პარლამენტში კენჭისყრამდე ისაუბრა და პირობა დადო, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხის განხილვისას თავს არ შეზღუდავს. მისი თქმით, შეფასებების დროს იქნება "მკაფიო".
პრობლემური ურთიერთობა
არმან ტატოიანს უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა 23 თებერვალს ეწურება. გრიგორიანი მას ოფიციალურად მეორე დღესვე ჩაანაცვლებს. სომხეთის მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება, რომ ტატოიანს უფლებამოსილების ვადას არ განუახლებდნენ, 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა — მას შემდეგ, რაც ტატოიანმა მთავრობა აზერბაიჯანთან სასაზღვრო დავების მართვაში გააკრიტიკა.
საპასუხოდ, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, არმენ გრიგორიანმა ტატოიანი მიკერძოებაში და რევოლუციის "წინააღმდეგ ლაპარაკში" დაადანაშაულა.
არმან ტატოიანი, რომელიც ქვეყნის პრერევოლუციამდელი ხელისუფლების დროს აირჩიეს, მთავრობას 2018 წლიდან აკრიტიკებს, თუმცა მისი განცხადებები განსაკუთრებით მკვეთრი მთიანი ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის დამარცხების შემდეგ გახდა. ტატოიანის კრიტიკა ძირითადად ეხებოდა იმას, რომ მთავრობამ სომხეთის აღმოსავლეთ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის უფლებები ვერ დაიცვა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები