Intel-მა ოჰაიოში, Licking Country-ში, 20 მილიარდ დოლარიანი მეგა ქარხნის მშენებლობის შესახებ გვამცნო. ორი ახალი ქარხანა იმ დიდი მშენებლობის ნაწილი იქნება, რომელიც ჯამში 400 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისია. Intel-ის თქმით, ამ 400 ჰექტარზე 8 მეგა ქარხანა უნდა განთავსდეს და სავარაუდოდ, მომდევნო ათწლეულში ჩადებული ინვესტიცია 100 მილიარდსაც მიაღწევს.

ამჟამად ინტელი 2 ქარხნის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. სამუშაოები, სავარაუდოდ, 2022 წლის მიწურულს დაიწყება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ინტელი ამ ორ ქარხანაში ჩიპების წარმოებას 2025 წლიდან დაიწყებს.

ეს Intel-ისთვის უდიდესი სიახლე და წინგადადგმული ნაბიჯია. უკანასკნელ 40 წელში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინტელი ახალ მეგა ქარხნებს აშენებს. გასულ წელს ტექნოლოგიურმა გიგანტმა IDM 2.0 გეგმა წარადგინა, რომლითაც ცხადი გახდა, რომ ინტელს ჩიპების საწარმოო ბაზარზე ლიდერობა სურს.

ჩიპების ბაზარზე ბოლო წლებში კონკურენცია განსაკუთრებით გაიზარდა, რამდენიმე წლის განმავლობაში ინტელი ბაზარს თამამად ლიდერობდა, თუმცა ბოლო წლებში AMD-მ შეძლო და Zen არქიტექტურაზე შექმნილი პროცესორების დახმარებით, ბაზარზე ლიდერობა დაიბრუნა.

ასევე: Intel-ის ლიდერობა სრულდება? — AMD-იმ CES 2022-ზე ახალი პროცესორები წარადგინა

Intel-მა, ერთი შეხედვით, AMD-ის ფეხი ვერ აუწყო, ამას კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შეცვლა მოჰყვა. გასულ წელს ინტელი CEO პეტ გესლინგერი გახდა და როგორც ჩანს, სასიკეთო ცვლილებებმაც არ დააყოვნა. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ნახევარგამტარების დეფიციტი მძვინვარებს და გამოსავალი ჯერ ნამდვილად არ ჩანს. ვიდეო ბარათებსა თუ სხვა ტექნიკაზე ფასები კატასტროფულად გაზრდილია.

ეს ოჰაიოს შტატისთვისაც ძალიან კარგი სიახლეა. ინტელის თქმით, ქარხნები 3 000 ახალ სტაბილურ სამუშაო ადგილს შექმნის, თვითონ მშენებლობის პროცესში კი 7 000 ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, ასეთი მასშტაბის ინვესტიცია შტატში ახალ სტიმულებს გააჩენს და სხვა მსხვილ კომპანიებსაც მიიზიდავს. აღანიშნია ისიც, რომ Intel, ოჰაიოს უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან პარტნიორობით, დამატებით 100 მილიონ დოლარს ადგილობრივი მოსახლეობის აზრის შესწავლისთვის დახარჯავს.

"მეგა ქარხნებს ოჰაიოზე უდიდესი გავლენა ექნება. ნახევარგამტარების ეს ქარხანა სხვებს არ ჰგავს. ნახევარგამტარების მეგა ქარხანათა ქსელის აშენება პატარა ქალაქის აშენებას ჰგავს, ამას თან მოჰყვება მაცხოვრებლებთა შემოკრება და სხვადსხვა სერვისების გაჩენა. Intel-ს ამერიკაში გაფართოება სურდა და ოჰაიო ამისთვის იდეალური ადგილია. აქ უამრავი ტოპ ტალანტი იყრის თავს, ინფრასტრუქტურა გამართულია და აქაურობას წარმოების უდიდესი ისტორია აქვს", — ყვება Keyvan Esfarjani, ინტელის წარმოების, საწარმოო ჯაჭვისა და ოპერაციების ვიცე პრეზიდენტი.

Intel განმარტავს, რომ ოჰაიოს ქარხნები ანგსტრემ ეპოქაზე იქნება გათვლილი. ანგსტრემი საზომი ერთეულია, რომელიც ზომით ნანომეტრის მეათედია. ინტელის ამჟამინდელი ჩიპების ზომები სწორედ ნანომეტრებში იზომება. ოჰაიოს ქარხნები 2025 წლის პროცესორებზე იქნება გათვლილი.

გახდება თუ არა ოჰაიო ახალი სილიკონ ველი?

სილიკონ ველი ალბათ უფრო უნიკალურია, ვიდრე უბრალოდ ნახევარგამტარების წარმოებაა. მას უდიდესი ისტორია აქვს და თავის ნიშას ინარჩუნებს. სილიკონ ველზე უამრავი ტალანტია თავმოყრილი, იქ არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, თუმცა ეს ისეთ პრობლემებსაც იწვევს, როგორიც უძრავ ქონებაზე კატასტროფულად გაზრდილი ფასებია.

"როდესაც ჩვენ გადავედით ორეგონში, ჩვენ დავაარსეთ Silicon Forest. როცა ჩვენ მივედით არიზონაში, ჩვენ დავეხმარეთ შტატს Silicon Desert-ის შექმნაში. ინტელმა ირლანდიაში შექმნა Silicon Isle. ჩვენ ისრაელშიც ჩავედით და Silicon Oasis დავაარსეთ", — განაცხადა ინტელის CEO-მ პრეზენტაციაზე.

კიდევ რამდენი ადგილის სახელში ურევია "Silicon" შეგიძლიათ აქ ნახოთ.

ასევე აღსანიშნია, რომ ოჰაიოს ის ნაწილი (New Albany), სადაც მეგა ქარხნები აშენდება ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს უცხო თვალისთვის ჩანს. ეს ოჰაიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ნაწილია და ინტელი არ არის პირველი გიგანტური კომპანია, რომელმაც აქ ბინა დაიდო. ოჰაიოში, ინტელის მეზობლად უკვე აქვს დატა ცენტრები Google-ს, Amazon-სა და Meta-ს. ყველა მათგანი New Albany International Business Park-ის ტერიტორიაზეა. წესით, ინტელის ქარხნები ფოტოს მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ ცარიელ ადგილზე უნდა განთავსდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.