როდის დასრულდება ჩიპსეტების გლობალური დეფიციტი?
ჩიპსეტების შოვნა წელს ყველა დიდ კომპანიას უჭირს, მოთხოვნა მიწოდებაზე გაცილებით დიდია და დეფიციტიც სწორედ ასე იქმნება.
ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტი ნიშნავს, რომ ბაზარზე თითქმის შეუძლებელია PlayStation 5-ის, Xbox Series X-ის ან უბრალოდ წესიერი ვიდეობარათის ყიდვა. არც AMD-ისა და არც Nvidia-ს საკმარისი კომპონენტები არ აქვთ.
ეს ყველაფერი მხოლოდ გეიმინგ ინდუსტრიას არ ეხება — Ford-სა და GM-ს პრობლემები აქვთ სატვირთოების გამოშვების მხრივ. Apple-ის მომწოდებელი Foxconn აცხადებს, რომ კომპონენტების შემცირებული მიწოდების ტემპი, შესაძლოა, 2022 წლამდე გაგრძელდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Apple-ს აიფონების წარმოების 10%-ით შემცირება მოუწევს. ამ ყველაფრის გამო 5G ქსელების დამონტაჟებაც დროში იწელება. პრობლემები აქვს Samsung-საც. სავარაუდოა რომ წელს Galaxy Note სერიას საერთოდ ვერ ვიხილავთ, ეს კი სწორედ ჩიპსეტების დეფიციტს ეხება.
დეფიციტის გამომწვევი მიზეზი საკმაოდ ბევრია — ყველაფერი პანდემიის გავრცელებით დაიწყო, COVID-19-ის გამო დაიხურა საწარმოები და ჩიპსეტების წარმოება კატასტროფულად შემცირდა, ამის პარალელურად ადამიანების სახლებში ჩასხდნენ და მოთხოვნა ლეპტოპებზე, კომპიუტერებზე, სმარტფონებსა თუ სხვა ნებისმიერ ტექნიკაზე საგრძნობლად გაიზარდა. ამ ყველაფერს ზევიდან დაემატა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არასწორი გადაწყვეტილებები და წარმოებული სავაჭრო ომი ჩინეთთან.
თუმცა, თუ თემას სიღრმისეულად გავყვებით, პრობლემები უფრო ღრმაა. რეალურად, კომპონენტების ნაკლებობაზე მეტად პრობლემურია ამ კომპონენტების დამამზადებელთა მცირე რაოდენობა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქრისტოფერ ტანგმა ამ ყველაფრის შესახებ The Verge-თან ისაუბრა.
2000-იან წლებში არსებობდა 30-მდე კომპანია, რომელიც ჩიპსეტებს აწარმოებდა. შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ აუთსორსინგი, ანუ წარმოების სხვაზე გადაბარება უფრო მომგებიანი იყო — ქრისტოფერ ტანგი
გარდა იმისა, რომ მოთხოვნა სხვადასხვა ტექნიკაზე იზრდება მომხმარებლებს შორის, ამავდროულად სულ უფრო მეტ ნივთს ჭირდება პროცესორები თუ სხვა ჩიპები, მაგალითად მანქანებს, სახლის აქსესუარებს, საათებსა და უამრავ მცირე დანადგარს. ამის პარალელურად, იმის მაგივრად, რომ ინდუსტრია იზრდებოდეს და ფართოვდებოდეს, ის მცირდება. ისეთი მწარმოებელიც კი, როგორიც არის AMD, აუთსორსინგს მიმართავს და ჩიპეს TSMC-სა და Samsung-ს უკვეთავს.
რაღა თქმა უნდა, დროის გასვლასთან ერთად დეფიციტის პრობლემაც გადაიჭრება, მიწოდება ისევ გადაჯაბნის გაზრდილ მოთხოვნას და მომხმარებლებიც მარტივად შეძლებენ სასურველი პროდუქტების შეძენას, აღარ დაჭირდებათ საიტიდან საიტზე გადასვლა და გადამყვიდველების დაუსრულებელი ძებნა, რომელთა პოვნის შემთხვევაშიც ნივთის ყიდვა ყველაზე კარგ ვარიანტში გაორმაგებულ ფასად მოუწევთ.
თუმცა, მნიშვნელოვანია რომ მომავალში ასეთ დეფიციტებს კომპანიები მომზადებულები შეხვდნენ, ამიტომ საჭიროა ძირეული ცვლილებები კომპანიების მიდგომებს შორის.
TSMC-მ უკვე დააანონსა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ისინი ჩადებენ 100 მილიარდ დოლარს, რათა გაზარდონ წარმოება. ასეთი ინიციატივით გამოვიდა Intel-იც, ისინი 20 მილიარდ დოლარს დახარჯავენ არიზონაში მდებარე ქარხნის გასაფართოებლად და მეტიც, ინტელი დაიწყებს წარმოებას სხვა კომპანიებისთვისაც კი ისევე, როგორც ამას Samsung და TSMC აკეთებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ახალი დიდი მოთამაშე გაჩნდება.
ნაკლებსავარაუდოა, რომ ზემოხსენებული ინვესტიციები პრობლემას უახლოეს თვეებში გადაჭრის. ამიტომ PS5-ების, Xbox-ებისა თუ სხვა ტექნიკის თავისუფლად შოვნის იმედი ჯერ მაინც არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს მომავალზე გათვლილი გადაწყვეტილებებია.
დასასრულისკენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაზრისა და წარმოების ცვლილებებს დრო დასჭირდება ეს ყველაფერი მყისიერად ვერ მოხდება, თუმცა კომპანიებს შორის შემართება შეიმჩნევა და უნდა ვიმედოვნოთ, რომ მომდევნო წლებში მიწოდების ჯაჭვი ისევ გაჯანსაღდება და თუ ახლა არ შეგვიძლია საოცნებო გაჯეტების ყიდვა, ამას მომავალ წლებში მაინც შევძლებთ.
კომენტარები