რატომ არის SpaceX-ის Starship ისტორიული მნიშვნელობის კოსმოსური ხომალდი
ის, რაც სკოლაში ყველას უნდა გვესწავლა — როგორ გავფრინდეთ კოსმოსში
იმისათვის, რომ ვისაუბროთ, რა არის Starship და რითი განსხვავდება ყველაფრისგან, რაც აქამდე შეუქმნია ადამიანს, საკმარისი ინფორმაცია უნდა გვქონდეს კოსმოსში მოგზაურობის ზოგ მნიშვნელოვან დეტალზე.
ამიტომ, დავიწყოთ იქიდან, რომ დედამიწა ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის საცხოვრებლად კარგი პლანეტაა, მაგრამ მისი ზედაპირიდან კოსმოსში სამოგზაუროდ ზედმეტად დიდია, ზედმეტად მკვრივია და ზედმეტად მძიმეა (დიდი გრავიტაციის ძალა აქვს). შედეგად აქვს მკვრივი ატმოსფერო, თხევადი წყალი, ცხელი “გული” (მართლა), მაგნიტოსფერო და მოკლედ ბევრი რამ, რაც სასარგებლო აღმოჩნდა მილიარდობით წლის მანძილზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მაგრამ, ეს ყველაფერი, იმავდროულად, ხელს უშლის მასზე მცხოვრებ მოაზროვნე არსებებს — დატოვონ მისი ზედაპირი და იმოგზაურონ ღია კოსმოსში.
ასე მაგალითად, მარსზე რომ ვცხოვრობდეთ, კოსმოში აფრენა ჩამოფრენა ბევრად მარტივი იქნებოდა ჩვენთვის. როცა მთვარეზე კოლონიები გვექნება — დანახარჯების მხრივ, ღია კოსმოსში გასვლა, საერთოდ, თვითმფრინავით ფრენასავით მარტივი მოვლენა იქნება. მაგრამ დედამიწიდან ძალიან ძნელია პირველი 80-100 კმ-ის დაფარვა, რადგან ჰაერთან ხახუნი ძალიან განელებს და მიზიდულობის ძალა ძალიან დიდია (ანუ საჭირო "ორბიტალური" სიჩქარეა დიდი, ზედაპირთან ახლოს). შედეგად, კოსმოსში გასასვლელად თან დიდი სიჩქარე უნდა განავითარო, თან ატმოსფერო გიშლის ამაში ხელს. ამიტომ ერთადერთი გზა არის ჯერ "გახვიდე ატმოსფეროს მკვრივი შრეებიდან" (ჰაერი პრინციპში არასოდეს მთავრდება, უბრალოდ ნელ-ნელა იმდენად იშვიათდება, რომ მერე სულერთია) და მერე, დედამიწის ზედაპირის გასწვრივ, აკრიფო ორბიტალური სიჩქარე, რომ უკან აღარ ჩამოვარდე.
უმეტესობამ ეს სკოლაში სწავლისას გამოტოვა. არადა გვასწავლეს, რომ კოსმოსში "გაჩერება" არ არსებობს, კოსმოსში გრავიტაცია კი არ მთვარდება, მეტიც 100-200 კმ-ის ზევით თითქმის იგივეა, რაც აქ. ერთადერთი გზა "დარჩე კოსმოსში" არის ან ძალიან შორს გაფრინდე — ისე, რომ სხვა დიდმა ობიექტმა უფრო მეტი ძალით მიგიზიდოს და მერე იმ ობიექტზე დაცემის პრობლემა შეგექმნება... ან შეგიძლია, "იფრინო ორბიტაზე" — ეს ნიშნავს იფრინო პლანეტის ზედაპირის პარალელურად. ანუ არა "ზემოთ" არამედ "გვერდით" — და იმდენად ჩქარა რომ "ვარდებოდე" პლანეტაზე, მაგრამ ამასობაში, საკმარისად იყო გვერდით გასული და "ცდებოდე" მას, შემდეგ ისევ ვარდებოდე და ისევ ცდებოდე და ასე, დაუსრულებლად. ამ პროცესს ორბიტაზე ფრენა ჰქვია და ეს არის ერთადერთი გზა "იყო კოსმოსში გრძელვადიანად", კოსმოსში, სადაც ყველაფერი რაღაცის გარშემო — რაღაცის ორბიტაზე ბრუნავს, ხოლო რაც ორბიტაზე არ დაფრიანვდა უკვე შეასკდა რამეს.
რაკეტები და მათი "სასარგებლო ტვირთი"
ნებისმიერი ავტომოყვარული გეტყვით, რომ რაც მეტი მასა გაქვს, მით უფრო ძლიერი ძრავი გჭირდება, რომ კარგად აჩქარდე. ვინაიდან ძრავის შესაძლებლობის მაქსიმუმი ყოველთვის საბოლოოდ შეზღუდულია, აჩქარების (და მაქსიმალური სიჩქარის) გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის დაამჩატო რის აჩქარებასაც ცდილობ. დღემდე (ანუ SpaceX-მდე) ყველა კოსმოსური რაკეტა ერთი პრინციპით მუშაობს:
რაკეტის "სასარგებლო ტვირთი" არის ის, რაც სულ ზემოთ, წვერშია, სულ პატარა ნაწილი დანარჩენ რაკეტასთან შედარებით (მთელი რაკეტის 3-5%). დანარჩენი რაკეტა არის უზარმაზარი საწვავის ავზები და ძრავები. გაშვების შემდეგ, როგორც კი ერთ-ერთი ავზი იცლება საწავავისგან, დამჩატების მიზნით ხდება "რაკეტის იმ დონის მოშორება", მოწყვეტა, გადაგდება. ანუ, რეალურად, რაკეტა მიფრინავს და გზადაგზა გეგმაზომიერად იშლება, ძირითადად ავზს იშორებს თავისივე ძრავებიანად და ირთვება შემდეგი დონის ძრავები, მოიხმარს საწვავს შემდეგი დონის ავზებიდან, დახარჯავს და იმასაც იშორებს ძრავიანად... შედეგი კი არის ის, რომ ნაკლები მასის ობიექტი აგრძელებს აჩქარებას, წინა დონემ მიანიჭა რაღაც სიჩქარე, დაიხარჯა — გადააგდეს, შემდეგი დონე აგრძელებს სიჩქარის მინიჭებას, ამასობაში ატმოსფეროც იშვიათდება, ხახუნიც ნაკლებია, დანაკარგები მცირდება...
ეს ყველაფერი კეთდება იმის გამო, რომ მინიმალური სამიზნე სიჩქარე, რომლითაც უნდა იფრინო დედამიწის ზედაპირის გასწვრივ, ანუ ორბიტაზე, 200 კილომეტრში ზედაპირიდან, იმისთვის, რომ უკან არ ჩამოვარდე არის — 28 000 კილომეტრი საათში. კი, ოცდა-რვა ათასი. აქვე, დედამიწის პერიმეტრი ეკვატორზე 40 000 კილომეტრია. ანუ საათნახევარში ერთი მთლიანი წრე უნდა არტყა დედამიწას იმისათვის, რომ უკან არ ჩამოვარდე (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სულ უნდა ვარდებოდე, მაგრამ ასწრებდე დედამიწას ასცდე და ვერასდროს დავარდე. ამიტომ არის, რომ ორბიტაზე ყოფნას ჰქვია თავისუფალი ვარდნა და არა უწონადობა).
თითქმის 8 კილომეტრი წამში! — დელისის მეტროდან ისნის მეტრომდე, ცოცხალი ადამიანი უნდა იჯდეს ჰერმეტულ ყუთში და გაადაგილდებოდეს 1 წამში, ეს არის მიზანი, ორბიტალური სიჩქარის მიღწევა და ეს კი როგორც მინიმუმ, მთვარემდე მისასვლელად ეს არ გვეყოფა, რა თქმა უნდა.
აქვე, შედარებისთვის, საშუალო იარაღის საშუალო ტყვია ლულის დატოვებისას მიფრინავს 700-900 მეტრით/წამში (და მერე სწრაფადვე კარგავს ამ სიჩქარეს. შეგახსენებთ, რომ ატმოსფერო ძალიან მკვრივია და განსაკუთრებით ძლიერად ეწინააღმდეგება სწრაფად მოძრავ ობიექტებს).
მოკლედ, ასეთი დაუნდობლად რთული ამბავია დედამიწის ორბიტაზე გასვლა. ამიტომ, რაც ადამიანმა კოსმოსის ათვისება დაიწყო, მას მერე ყ-ვ-ე-ლ-ა (დიახ, ასე, დამარცვლით წაიკითხეთ) — ყ-ვ-ე-ლ-ა კოსმოსური რაკეტა ამას შვება: წვერში პატარა ტვირთის კოსმოსში გასაყვანად უზარმაზარი და ტექნოლოგიურად ურთულესი რაკეტა მზადდება, მერე რაკეტა მიფრინავს, გზაში იშორებს და ნაგავში ყრის მთელ ამ ადამიანის ნამუშევარს (ამიტომ კოსმოსში გაფრენები ყოველთვის ისე იგეგმება, რომ ოკეანეს ან უდაბნოს თავზე იყოს ფრენა და ჩამოყრილი რაკეტის უზარმაზარი ნაწილები არავის დაეცეს თავში. ჩინელები მაინც ახერხებენ თავისი სოფლების "დაბომბვას", ხანდახან...)
წყალში გადაყრილი მილიონები რაკეტის იმ 5%-ისთვის
როგორც წესი, კოსმოსური რაკეტების დამზადება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ჯდება, ხანდახან მილიარდიც კი (ხან მეტი...). აღსანიშნავია, რომ ეს თანხა იხარჯება არა ექსპერიმენტებზე, არამედ უშუალოდ ერთი და იმავე მოდელი რაკეტის, დავუშვათ, 34-ე კოპიის დამზადებაზე, რასაც უამრავი დრო, ხშირად წელიწადზე მეტი სჭირდება. ასევე, ასობით და ათასობის ადამიანის შრომა, ძვირადღირებული მეტალები, შემოწმებები, გადამოწმებები და დადასტურებები. ეს ყველაფერი, ეს ასობით მილიონი დოლარი და წლები, რომელიც ერთი რაკეტის დამზადებაზე დაიხარჯა, რამდენიმე წუთში, აფრენისას, პირდაპირი მნიშვნელობით, იყრება წყალში და ეს წარმატებაა! წარმატებული აფრენა ამას ჰქვია — ნაგავში რომ იყრება რაკეტის 95%, წარუმატებელი ჰქვია 100-ვე პროცენტი რო დიდ ფოიერვერკს აწყობს. თუ დავუფიქრდებით, განსხვავება სულ 5%-ია, თორემ რაკეტის ძირითადი ნაწილის გადმოსახედიდან, ყველა გაშვება ერთნაირად წარუმატებელია და ტოტალური ნაგავში გადაყრით სრულდება. ფინანსურადაც ასეა — 95% წყალში იყრება და "ემატება" ტვირთის ფასს.
რა თქმა უნდა, კოსმოსში გაშვებების პირველივე დღიდან ყველას უნდოდა, რამენაირად შეეცვალა ეს სისტემა, მაგრამ ბევრად მეტი მუშაობა სჭირდება "უკან დაბრუნებადი" რაკეტის მოფიქრებას, ვიდრე მის გადაგდებას. სანამ კოსმოსის ათვისება "შეჯიბრი იყო, ვინ უფრო მალე იზამდა" — არავის ეცალა უკან დაბრუნებაზე საზრუნავად. არც ის აწუხებდა არავის, რომ ყოველ ჯერზე ახალი რაკეტა იყო დასამზადებელი და ეს ძალიან ძვირი ჯდებოდა. მერე რა? "მთავრობის ფულია!" — ეს ტერმინი ჩვენ კი არ მოგვიგონია, ყველგან კარგად ფლობენ. მთავარი იყო სხვებზე მალე ექნათ და ემუშავა და... ხომ მუშაობს? — ხოდა ხელი აღარ ახლო, კიდევ გავაკეთებთ.
ამ პრინციპით მუშაობს, მაგალითად, რუსული კოსმოსური პროგრამა დღემდე, რომელიც ერთი და იმავე რაკეტით დაფრინავს კოსმოსში აწ უკვე 40 წელია და ამაყობს ამით, ყოველ ჯერზე, როცა რაკეტის 95%-ს უდაბნოში თესავს...
და, აი, როცა SpaceX-მა, აწ უკვე 20 წლის წინ თქვა — მე დავამზადებ რაკეტას, რომელიც ტვირთს ააჩქარებს კოსმოსისკენ, შემდეგ მოშორდება და უკან მშვიდობით დაბრუნდებაო, მთელი პლანეტა დასცინოდა (რუსები ყველაზე მეტად, სამთავრობო პირები დასცინოდნენ ღიად, SpaceX-სა და ამერიკას მთლიანად. ყველაზე მეტ ბოღმას რუსული კოსმოსური პროგრამა ანთხევდა. ალბათ იმიტომ, რომ დასაწყისში მასკი სიიაფის გამო რუსებს მიადგა, რამდენიმე ამაჩქარებელი მომყიდეთო, რუსებმა კი უარი უთხრეს, ჩვენი საიდუმლო ტექნოლოგიააო, მასკმა უპასუხა კარგი, რა გაეწყობა, ჩემსას დავამზადებო და...)
მაგ დროისთვის აწ უკვე 50 წელი დაფრინავდნენ რაკეტები კოსმოსში, ბევრს უოცნებია მსგავს რამეზე, მაგრამ აქამდე არავის გამოსვლია და კი, ბევრი წელი დასჭირდა SpaceX-ს ტექნოლოგიის დასახვეწად, ჰქონდათ დიდი წარუმატებლობებიც, უზარმაზარი ფინანსური ზარალიც, გაკოტრების წკიპზეც იყვნენ, მაგრამ...
SpaceX-ის რაკეტის უკვე მეთერთმეტე გაფრენა-დაბრუნება
ბევრი არ ადევნებს თვალს, თუმცა 2 კვირის წინ SpaceX-ის სარაკეტო პარკიდან ერთ-ერთი Falcon-9 მეთერთმეტედ აფრინდა! (რაკეტის მოდელს ჰქვია Falcon-9, 9 ძრავი აქვს და იმიტომ). ფიზიკურად, ერთი და იგივე რაკეტა აფრინდა, მე-11-ედ და მე-11-ედ დაჯდა! რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო ამაჩქარებელის ჯამში მეასე წარმატებული უკან დაბრუნება Falcon-9-ების ისტორიაში.
ზოგადად, ილონ მასკის "ოცნებებში", გამოთვლებით, ერთი ცალი Falcon-9-ის ცხოვრების ხანგრძლივობა იყო 10 აფრენა/დაჯდომა. თან მთელ პლანეტაზე ორ ინჟინერსაც არ სჯეროდა, ალბათ, რომ 10-ს კი არა 2-ს მაინც შეძლებდა SpaceX ოდესმე. გიჟებს ეძახდნენ და მეოცნებეებს. მას შემდეგ კი არა უბრალოდ 100-ჯერ გაუშვეს Falcon=9 კოსმოსში, არამედ 100-ჯერ დააბრუნეს უკან და მთელი პარკი ჰყავთ მოქმედი რაკეტების, რომლებიც რეისებს ასრულებენ (მეტი არავის აქვს ასე პლანეტაზე.) ხოლო წელს, დეკემბერში, SpaceX-მა გადააბიჯა 20 წლის წინანდელ საკუთარ ოცნებებს და მეთერთმეტედ გაუშვა და დააბრუნა ერთი და იგივე რაკეტა.
მოკლედ, SpaceX დღეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც კოსმოსში, ორბიტაზე გააქვს ტვირთი (და გაჰყავს ადამიანები) და ამასთან, მისი რაკეტა, უსაფრთხოდ ბრუნდება დედამიწაზე, ჯდება და შეიძლება მისი ახლიდან გამოყენება.
არის მეორე კომპანიაც, რომელიც უბრალოდ ატრაქციონია, ორბიტაზე ვერ გადის და მხოლოდ "კოსმოსში" გასვლაზე აქვს პრეტენზია, ისიც "ფურცელზე". 100 კილომეტრს "დავარქვით" დედამიწიდან კოსმოსი, თორემ ყველანი კოსმოსის შვილები ვართ და არსაიდან კოსმოსი არ იწყება, აქაც კოსმოსია, 30კმ-ზეც, 100-ზეც და 150-ზეც, მაგრამ "ოფიციალურ კოსმოსად", ფურცელზე 100-კმ და ზევით ითვლება. ხოდა, Blue Origin 106 კილომეტრზე "აგდებს" ადამიანებს, რომლებიც სწრაფადვე უკან ვარდებიან. ისინი, ჯამში, რამდენიმე წუთი განიცდიან თავისუფალ ვარდნას და მერე ამბობენ: რა გინდათ, კოსმოსში ხო ვიყავითო? ხოდა, Blue Origin-ის ამაჩქარებელიც ბრუნდება და ჯდება, ოღონდ 9-ჯერ პატარაა ვიდრე Falcon-9 და ადამიანების ან ტვირთების ორბიტაზე გატანა არ შეუძლია... გარდა ამისა, კიდევ მესამე კომპანიაც არის, მაგრამ ის მთლად პატარაა, მათი დაბრუნება ექსპერიმენტალურია ჯერ და საერთოდ არ ითვლება.
რაკეტის მრავალჯერადმა გამოყენებამ საშუალება მისცა SpaceX-ს 10-ჯერ ან მეტჯერ გაეიაფებინა კოსმოსში ტვირთის ატანა (უფრო სწორად რეალურად საშუალოდ 3-ჯერ გაიაფეს მომსახურება და დანარჩენს სუფთა მოგებად იჯიბავენ). SpaceX ნებისმიერ ტენდერს იგებს, რომელზეც შედის, რადგან ყველაზე სანდოა, ყველაზე იაფია, ყველაზე დიდი პარკი აქვს და ყველაზე მოკლე დროში შეუძლია გაიტანოს ტვირთი. თანაც 18 ტონამდე ტვირთი (ეს საკმაოდ ბევრია თანამედროვე დროში). მაგალითად, ერთდროულად 60 ცალი სტარლინიკის სატელიტი გააქვთ ორბიტაზე და თითო სატელიტს თავისი ძრავი აქვს, თავისი ანტენა, თავისი კვება და სრულფასოვანი აპარატია მოკლედ.
გეო სტაციონალურ ორბიტაზე გინდათ? კი ბატონო, იქნება გეო სტაციონალურზე (შორს არის, 35 000 კილომეტრი დედამიწის ზედაპირიდან). ზედმეტად მძიმე ტვირთი გაქვთ (60 ტონამდე)? არაა პრობლემა, 3 ამაჩქარებელს ერთად შეაწებებენ, 3-ჯერ მეტი წონა გააქვთ და შემდეგ სამივე ამაჩქარებელი ბრუნდება "სახლში", ცალ ცალკე, უვნებელი! (Falcon Heavy ქვია ამ შეწეპბულ ვერსიას). სხვა პლანეტაზე გინდათ ტვირთის გაგზავნა, დიდი აპარატია და ბევრი საწვავი მიაქვს? — ისევ 3 ამაჩქარებელი და იგივე სცენარი...
2 თვის წინ, პირველად, "პლანეტის ასტეროიდისგან დაცვის საცდელი მისია" გაიგზავნა ერთი ასტეროიდისკენ, საცდელად უნდა დაეჯახოს და უნდა შევხედოთ რა მოხდება, როგორ შეიცვლის სიჩქარეს და ორბიტას ის ასტეროიდი. გამოიცანით რომელმა კომპანიის რაკეტა იქნა გამოყენებული გასაშვებად.
თუ რამე, ფილმებში რომ არის ხოლმე — "სასწრაფოდ, რამდენიმე კვირაში გვჭირდება რაკეტების გაშვება მოახლოებული ასტეროიდის ასარიდებლად!” რეალურ ცხოვრებაში, ერთადერთი შანსი, მსგავს სიტუაციაში ვინმეს აღმოაჩნდეს საჭირო რაოდენობის რაკეტები და მოასწროს გასაფრენად მომზადება SpaceX-ის ფალკონებია. ეს იმიტომ, რომ ისინი რაკეტებს ნაგავში არ ყრიან, ყველა რაკეტა ბრუნდება სახლში, გადის შემოწმებას და გადამოწმებას, მერე დგება გასაფრენ სტენდზე ახლიდან. რამდენადაც მახსოვს, ბოლო რეკორდი 36 დღიანი ინტერვალია, ერთი და იმავე რაკეტის გაშვების, სტარტიდან სტარტამდე. რაც ჩვენი მძლეოსანი ტალახაძესავით არის, "უსასრულოდ-ჯერ" მეტია ვიდრე სხვა ვინმეს მაჩვენებელი, რადგან მეტი ვერავინ ეჯიბრება მათ რეკორდს... სხვას არავის გააქვს ორბიტაზე ტვირთები უკან დაბრუნებადი რაკეტებით და სულაც 1 წელი რომ ჰქონდეთ განმეორებით გაშვების ინტერვალი, ეგეც აბსოლუტური რეკორდი იქნებოდა და ვერავინ შეედავებოდა.
რა ღირს კოსმოსში ტვირთის გატანა და რას ცვლის SpaceX
70-ზე მეტი წელია, მილიარდები იყრება წყალში, რაკეტის 5%-ზე ნაკლების ორბიტაზე გასაყვანად და ამის გამოა რომ კოსმოსის ათვისება არის ექსკლუზიური და უძვირესი სფერო. იქ წასაღები ყველა ჭანჭიკი და ყველა ფანქარი სპეციალურად უნდა მომზადდეს, რადგან ყველა გრამი ათასები ღირს. გგონიათ ვხუმრობ? Space Shuttle-ის დროს 1 გრამის კოსმოსში გატანა 65 დოლარი ღირდა (1 გრამი!). რუსული Soyuz-ით 1 გრამი 30 დოლარი ჯდება დღეს (1 კილოს გატანა ახლო ორბიტაზე ღირს 30 000 დოლარი).
დღეს კი Falcon9-ით კოსმოსში 1 გრამის გატანა 1 დოლარი ღირს! (1000 დოლარი 1 კილოგრამზე) (და ესეც საბაზრო ფასი უდევთ ასეთი, რამდენი უჯდებათ სინამდვილეში, იმის გათვალისწინებით, რომ რაკეტა ბრუნდება სახლში და მეორედ ასრულებს სამუშაოს, საიდუმლოა. და ეს ფასი სულ კლებულობს, რაც დრო გადის).
ფასები მაინც საშინლად ძვირია, ერთი 80 კილოიანი ადამიანის კოსმოსში გაყვანა, ტანსაცმლიანად, რვეულით და კალმით ხელში 100 000 დოლარი ჯდება, ეს თავის ფასი, მინიმუმ. რეალურად, სოიუზ-ზე ერთი "სკამის" ყიდვა 50-80 მილიონი დოლარი ღირს. რუსები წუწუნებენ მეტს ვერ ვაკლებთო. SpaceX "ერთ სკამს" შედარებით იაფად ყიდის და როცა რუსები აკლებენ, ესენიც აკლებენ. რატომ უნდა მიაწოდო ბაზარს პროდუქტი იმაზე ბევრად იაფად, ვიდრე ზოგადად ღირს. ყველა დამკვეთი მაინც ძალიან ბედნიერია, რომ 5, 10 ან 20%-ით იაფად იღებს იგივეს (როცა მილიონებზეა საუბარი...)
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ SpaceX-ის ფანი ვარ, არადა მშვენივრად ვხედავ პრობლემებსა და მინუსებს (მათ შორის მონოპოლიზაციას) რომლებიც ძალიან არ მომწონს. მაგრამ, ამასთანავე, ძალიან მაბრაზებს საინჟინრო და სამეცნიერო წრეების "არა, არა, არ გამოვა, ვერ იზამთ, ყველაფერი უნდა ღირდეს მილიარდები და ყველა ჯერზე უნდა ახლიდან იხდიდეთ ამ მილიარდებს" დამოკიდებულება, რომლისთვისაც მოხვდათ ცხვირში საბოლოოდ.
ვუთანაგრძნობდი, როცა დასცინოდნენ SpaceX-ს და ვქომაგობდი როცა ცალ-ცალკე გააჩუმეს ყველა საწინააღმდეგოდ ამხედრებული "კონსერვატორი მცოდნე". და ახლა RocketLab-ის დირექტორმა ქუდი შეჭამა (სერიოზულად, ქუდი დაიდო თეფშზე და შეჭამა, შეგიძლიათ ნახოთ youtube-ზე, დაფიცებული ჰქონდა ეგრე) და აღიარა, რომ ყველა რაკეტების მწარმოებელი რომელიც დიდ და განმეორებით გამოყენებად რაკეტას არ აწარმოებს, წარსულში ჩარჩაო... და შუედგნენ ახალ პროექტს თვითონაც.
ასევე, ვცოფდებოდი რუსული კოსმოსური სააგენტოს დირექტორი — დიმიტრი რაგოზინი რომ პირდაპირ ეთერში დასცინოდა SpaceX-ს — "ჩვენგან უნდა იყიდონ ამერიკელებმა ფრენები, სპეის-შატლი გააუქმეს და მეტი რითი იფრენენ, ბატუტით ააგდებენ ასტრონავტებს კოსმოსშიო?" (არსებობს ინტერვიუს ჩანაწერი ინტერნეტში, ხო ვეღარ გააქრობს არა?)
და ახლა, მას შემდეგ, რაც SpaceX Crew Dragon ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ინტერვიუებში საწყლად ლაპარაკობს რაგოზინი — სანქციების გამო უცხოური ჩიპები არ გვაქვს და იმიტო ვერ ვვითარდებითო (ეგეც შეგიძლიათ ნახოთ, იძებნება).
მე პირადად ძალიან გამიხარდება, როცა ბაზარზე სხვა კომპანიებიც წამოვლენ, რომლებიც საქმეებს ცოტა სხვანაირად წარმართავენ და არჩევანი გვექნება, ვის დავუჭიროთ მხარი. მაგრამ, ამ ეტაპზე, SpaceX უალტერნატივოა.
Falcon9-ის "ერთი სერიოზული ნაკლი"
უნდა ითქვას, რომ Falcon9-ს ერთი სერიოზული ნაკლი აქვს: მეორე დონის ამაჩქარებელი, რომელიც უკვე კოსმოსში აჩქარებს ტვირთს, იკარგება. ანუ მისი უკან დაბრუნება და უსაფრთხოდ მიწაზე დასმა არ ხდება. მცირე დანაკარგია, 2 პატარა ავზი და სულ 1 ცალი ძრავი, მაგრამ მაინც არასასიამოვნო ამბავია და ფინანსური დანაკარგის გარდა, ადამიანების ნამუშევრის გადაგდება და გაშვებების გაძვირებაა (რადგან ყოველი ახალი გაშვებისთვის ახალი "მეორე დონე" უნდა დამზადდეს, არ უნდა დაგვიანდეს და ა.შ.)
პრობლემა რაშია: რაკეტის პირველი დონე გამოიყენება იმისთვის, რომ ტვირთმა მიაღწიოს 100კმ-ს, სადაც ატმოსფერო გაიშვიათებულია და ჩქარა ფრენა არ არის ისეთი პრობლემა, როგორც მიწის ზედაპირზე. (100კმ არ არის ბევრი, თუ დაფიქრდებით, თბილისიდან ხაშურამდე მანძილია, ოღონდ ზემოთ და თითო ეგეთი რაკეტის გაშვება ჯდება 50 მლნ დოლარი ან მეტი. ხშირად 500 მლნ დოლარი ან მეტი, სხვა კომპანიების ან მთავრობების შემთხვევაში და თან ნაგავში ეს ყველაფერი, გახსენებთ, SpaceX-ის გარდა)
ხოდა 100 კმ-ის მერე ხდება დონეების განცალკევება. SpaceX Falcon-9-ს პირველი დონე იტოვებს ცოტა საწვავს ავზებში და "ვარდება" დედამიწაზე, შუბივით. სადღაც შუაში რთავს ძრავებს ცოტა ხნით და ოდნავ ნელდება, მერე აგრძელებს ვარდნას და ცდილობს შეინარჩუნოს "ძრავებით ქვემოთ" მდგომარეობა.
და უკვე მიწისპირას რთავს ძრავებს კიდევ რამდენიმე წამით. შედეგად თუ მთელი ეს გზა სწორად დაუმიზნა და ბოლოში ძრავების ჩართვის მომენტი სწორად გათვალა, ხომ კაი და თუ არა და ზარალია (ბოლო 2 წელია 5-დან 4 წარმატებით ჯდება).
მეორე დონე კი, 100კმ-ის მერე, რთავს ერთ, კოსმოსის ვაკუუმში მუშაობაზე ოპტიმიზირებულ ძრავს (რადგან მიწისპირა რაკეტის ძრავის "საქშენი" ოდნავ სხვანაირია, ვიდრე კოსმოსშია საჭირო, ამაზე სხვა დროს) და ამ ძრავით აჩქარებს უკვე ტვირთს დედამიწის ზედაპირის პარალელურად, ორბიტალურ სიჩქარემდე (28 000 კილომეტრი საათში, მინიმუმ). მოგვიანებით, ეს მეორე დონის ამაჩქარებელიც შორდება ტვირთს და ვინაიდან კოსმოსში ჰაერი არ არის და ჰაერთან ხახუნის გამო შენელება არ ხდება, ტვირთი ინარჩუნებს მინიჭებულ სიჩქარეს და აგრძლებს ცხოვრებას თავისთვის. ამავდროულად, იწყება მეორე დონის ამაჩარებლის დილემა: მასაც იგივე სიჩქარე აქვს, რაც ტვირთს მიანიჭა და თვითონაც ორბიტაზე ბრუნავს.
იმისთვის რო უკან დაბრუნდეს, ამ 28 000 კმ/საათი სიჩქარიდან უნდა შენელდეს, ატმოსფეროში შემოვიდეს და მიწაზე/წყალზე უსაფრთხოდ დაჯდეს (ანუ 28 000-დან 0-ზე ჩამოიყვანოს სიჩქარე საბოლოოდ). არადა, ამ დროისთვის, საწვავი საერთოდ აღარ აქვს. მისი ერთადერთი ძრავი ვაკუუმზე ოპტიმიზირებულია და მიწისპირას ჩართვისას დაიმტვრევა. ჰაერის სქელ ფენებს რომ შეეხოს, ტყვიაზე 10-ჯერ ჩქარა მოძრაობისას ხახუნი ისეთ ტემპერატურებზე ადის, რომ ფოლადი ლღვება (და ისეთი ძალებია, რომ ნებისმიერ არაიდეალურად აეროდინამიულ ზედაპირს დაგლეჯს ნამცეცებად).
ანუ ის ან კოსმოსშივე უნდა შენელდეს ისე, რომ არ "დაიწვას" და დაიმტვრეს ჰაერთან ხახუნისგან, ანუ იმდენივე საწვავი სჭირდება, რაც გასაქანებლად დახარჯა, რომ მობრუნდეს, ჩართოს ძრავი და შენელდეს (და რომ შენელდება, ვერტიკალურად ვარდნისას ხომ ისევ გაქანდება? და ისევ უნდა ჩართოს ძრავი გზაში 1-2-ჯერ შესანელებლად, ანუ კიდევ უფრო მეტი საწვავი უნდა მოიტოვოს). ან აეროდინამიური ფორმა უნდა ჰქონდეს და კერამიკული დამცავი ზედაპირები, რომ ჰაერში ვარდნისას გადახურებას გაუძლოს და "ჰაერთან ხახუნით შენელდეს" ძირითადად (სამაგიეროდ საწვავი აღარ სჭირდება შესანელებლად). ბოლოს კი, მიწისპირას ვარგისი ძრავი დასჭირდება, რომ მიწაზე დაჯდომის წინ ჩართოს (თუმცა, კოსმოსში ასეთი ძრავის ჩართვა ზედმეტი საწვავის ხარჯია, ამიტომ კოსმოსში ტყუილად უნდა ათრიოს) და ამასაც გარკვეული საწვავის შემონახვა სჭირდება
SpaceX-ის ისტორიული ხომალდი — Starship
რატომ გიყვებით ამდენს Falcon9-ის რაკეტის მეორე დონის შესახებ, რომელიც ყველა გაშვებისას, დღესდღეობით, იკარგება და ნაგავში იყრება? იმიტომ, რომ SpaceX Starship შინაარსობრივად რაკეტის მეორე დონეა, რომელსაც სახლში დაბრუნება და მიწაზე დაჯდომა შეუძლია.
ოღონდ ამ 20 წელიწადში აკრეფილი გამოცდილებიდან SpaceX დამატებით რამდენიმე რამეს მიხვდა, რომელსაც ერთიანად ახორციელებს:
- რაც ისედაც ყველამ იცი არის ის, რომ მასშტაბირება აიაფებს ყველაფერს, SpaceX Starship ყველაზე დიდი რაკეტაა, რაც ოდესმე ადამიანს კოსმოსში გაუყვანია და ერთბაშად დიდი ტვირთების, ან ბევრი პატარა ტვირთების გატანა შეუძლია, რის გამოც 1 კილოგრამის კოსმოსში გატანის ფასი გაიაფდება. აქვე, აღსანიშნავია, რომ თავიდანვე ისე მართავენ წარმოებას, რომ წელიწადში "ძალიან ბევრი" სტრაშიპის წარმოება შეძლონ (როგორც ყოველთვის საოცარი გეგმა აქვთ, 100 სტარშიპი წელიწადში. მაგრამ 20 ცალსაც რომ მიაღწიონ, იმ ფონზე რო სტარშიპების არც ერთი ნაწილი არ იკარგება, წარმოუდგენელი მიღწევა იქნება). ესეც მასშტიბირებით გაიაფებას შეუწყობს ხელს.
- Starship იქნება სრულიად განმეორებითად გამოყენებადი რაკეტა, რომლის არცერთი ვინტი არ გადაიყრება ნაგავში. რის გამოც მისი გამოყენება კიდევ უფრო გაიაფდება ვიდრე Falcon9-ის.
- სტარშიპი საწვავად ბუნებრივ გაზს გამოიყენებს (და როგორც ნებისმიერმა ავტომობილის მძღოლმა კარგად იცის, ასე ყველაზე იაფია). დამატებით ამას ის პლიუსი აქვს, რომ კოსმოსში ყველგან, სადაც მოიპოვება ნახშირბადი და წყალბადი, ხელმისაწვდომია მეთანის შექმნაც და ანუ სადაც მიფრინდები, შეგიძლია იქვე აწარმოო, გაავსო ავზები და უკან წამოხვიდე. მაგალითად, მარსზე, ასევე მთვარეზეც! — თუ გაყინულ ნახშირორჟანგს იპოვი და გაყინულ წყალს, მთვარეზეც აწარმოებ მეთანს! (ე.წ მშრალი ყინული, ნაყინები რომ ალაგია ხოლმე, ქუჩის გამყიდველებს რო დააქვთ — გაყინული ნახშირორჟანგია... არ არის იშვიათობა მოკლედ, მით უმეტეს "ცივ" სხეულებზე კოსმოსში).
- SpaceX, როგორც ადრე შეეჭიდა "საოცნებო რაკეტის იდეას" და მოერია, ახლა შეეჭიდა "საოცნებო ძრავის" იდეას. ძრავის, რომელსაც ყველაზე კარგი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს (სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველაზე ეკონომიურია, მაგრამ ყველაზე ძნელი შესაქმნელი იყო ინჟინრულად. დაძლიეს, Raptor-ის ძრავები უკვე არსებობს, უკვე ყველა რეკორდები მოხსნა და უკვე იფრინა სტარშიპის საცდელ პროტოტიპებზე. ძირითადად, გავლილი ეტაპია უკვე მოკლედ, ახლა პრობლემა არის ათასობის ძრავის სწრაფად წარმოების გამართვაო — საუბრობდა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ილონ მასკი). ზოგადად გაჭედილი აქვს მასკს იმაზე, რომ რაიმეს გამოგონება ადვილია, მასიური წარმოების გამართვა, ძნელი.
- ზოგადად, იმისთვის რომ რაკეტები დაამჩატონ ხოლმე, მათ ამზადებენ ექსკლიუზიური მასალებისგან: ალუმინის სპეციალური შენადნობები მაგალითად, ან კარბონისგან დამზადებული დეტალები და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან მყიფეა, ძალიან აძვირებს დამზადებას და ან საერთოდ გამოუსადეგარია მეორედ გამოსაყენებლად, ან მილიონი შემოწმება სჭირდება რამე ბზარები ხომ არ გაიჩინა (Falcon-9-ც ალუმინის არის და ყველა გაფრენის შემდეგ მიაქვთ და დეტალურად ამოწმებენ, ამაზე იხარჯება ის თვეზე მეტი). მაგრამ სტარშიპი მზადდება უჟანგავი ფოლადისგან, იქაც რაღაც პატარა შენანდობი გამოიგონა SpaceX-მა, მაგრამ არაფერი უნიკალური. ჩვეულებრივი უჟანგავი ფოლადის, "ჟეშტის" ფილებისგან არის ჩათვალეთ (ნუ, ცოტას ვამარტივებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტას). შედეგად ძალიან იაფია მასალა და ძალიან გამძლე (მათ შორის თბო გამძლე, კოსმოსიდან ატმოსფეროში დაბრუნებისას ალუმინი ეგრევე გადნება, კარბონი ეგრევე დაიწვება, ფოლადი ჯერ ვარვარებას დაიწყებს... და ანუ კერამიკის ნაკლები სისქით შეიძლება დაცვა და მეტად შეიძლება ნდობა რო თუ 1-2 ფილა დაზიანდა, დაჯდომას გადაიტანს აპარატი. და დაჯდომის მერე კი შეიძლება ნდობა რო მიკრო ბზარები არ გაუჩნდება და შემდეგ გაშვებაზე არ დაიფხვნება — ალუმინის აქილევსის ქუსლია მიკრობზარები და ერთიანად გასკდომა).
ზოგადად, თბოგამძლე კერამიკის ფილები "ზედმეტი ტვირთია", ტყუილად მიათრევ არა-სასარგებლო წონას, რომელიც მარტო დასაბრუნებლად გჭირდება. ამიტომ საბოლოო ჯამში წონაში მოიგეს ფოლადის გამოყენებით, იდო ამის გათვლების შედეგები.
ძრავებიც ისე მზადდება, რომ 1 გაფრენაზე კი არ არის გათვლილი, წინასწარ გათვლილია რამდენიმე გაშვება საერთოდ ისე აიტანოს, შემოწმება არ დასჭირდეს. (ისევ — აქამდე ძრავები სპეციალურად იქმნებოდა ერთ გაშვებაზე გათვლით, მერე მაინც ოკეანის ფსკერზე მიდიოდა და ...)
შედეგად, პირველადი გათვლებით 100-ჯერ გაიაფდება 1 კილოგრამის კოსმოსში Starship-ით გაყვანა, Falcon9-სთან შედარებით (და "საბოლოოდ" 500-ჯერ ან 1000-ჯერ, ანუ საბოლოოდ იგეგმება, რომ 1 კილო 2 დოლარამდე გახდეს, როცა ყველაფერი დაიხვეწება, რაც ნიშნავს, რომ ოდესმე "ერთი ბილეთი კოსმოსში" შეიძლება ისეთი ფასი გახდეს, რომ ადამიანი გასწვდე კიდეც კოსმოსში მოგზაურობას, როგორც დასასვენებლად წასასვლელად ვაგროვებთ ხოლმე ფულს. ოდესმე, ჩვენი შვილები, დავუშვათ, შეძლებენ გადაწყვიტონ — მალდივებზე დაისვენონ, თუ მთვარეზე ერთი კვირა.
როგორ მუშაობს Starship
სტარშიპები უკვე არსებობს, თანაც რამდენიმე ცალი პროტოტიპი, უკვე მიმდინარეობს წარმოების აჩქარება და პროცესების გამართვა
ამ მომენტისთვის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია:
პირველი დონე, ანუ ბუსტერი, აჩქარებს სტარშიპს 100კმ-დე, შემდეგ ხდება განცალკევება და ბუსტერი ბრუნდება უკან, დედამიწაზე (ზუსტად ისევე, როგორც Falcon9-ის ბუსტერი, სამართავი ზედაპირებით და ყველაფრით, უბრალოდ ზომაში გაზრდილი Falcon9-ის ამაჩქარებელია, დამზადებული ფოლადისგან ალუმინის ნაცვლად, საწვავად იყენებს მეთანს, ნავთობის ნაცვლად და ძრავებად Raptor-ებს, Merlin-ების ნაცვლად).
მეორე დონე გავა კოსმოსში და შეასრულებს სამუშაოს, იქნება ეს სადმე ხალხის მიყვანა, თუ ტვირთის კოსმოსში გატანა და დატოვება (სატელიტები, ტელესკოპები და ა.შ.). Starship საწვავს ბოლომდე არასდროს ხარჯავს და როცა დაბრუნება მოუწევს, მობრუნდება "უკანა მხარით წინ", ჩართავს ძრავებს და ოდნავ შენელდება, იმდენად რო ორბიტის მეორე მხარეს, ჰაერის მკვრივ ფენებს შეეხოს. ამის შემდეგ "შემოვარდება" საშინელი სიჩქარით ატმოსფეროში და მეტეორივით ვარდება, ამიტომ ცალ მხარეს Starship-ის კორპუსი დაფარულია კერამიკული ფილებით და სტარშიპს აქვს პატარა "ფრთები". ფრთების ერთადერთი დანიშნულებაა ისე "მიიგრიხ-მოიგრიხონ" რაკეტა, რომ მან შეინარჩუნოს "მუცლით წინ" ორიენტაცია (გატესტილია ეს უკვე, უკვე რამდენჯერმე ჩამოვარდა სტარშიპი და ფრთების დახმარებით ეკავა თავი მუცლით წინ). ასეთ მდგომარეობაში ჰაერთან ხახუნი ყველაზე ძლიერია და სწრაფად ნელდება, იმავდროულად, ვარდნის ტერმინალური სიჩქარე შედარებით დაბალია (მაქსიმალური სიჩქარე რომლითაც კონკრეტული ზომის და ფორმის ობიექტს შეუძლია ჩამოვარდეს ჰაერში).
ამიტომ ძრავების დამატებით ჩართვა არ უწევს მიწამდე სანამ მიწას არ მოუახლოვდება. დაჯდომამდე კი რთავს მიწისპირა ოპტიმიზირებულ ძრავებს და ამ "მუცლით წინ" მდგომარეობიდან გადადის ვერტიკალურ მდგომარეობაში, ნელდება და 0 სიჩქარით ჯდება მიწაზე (ეს ტესტი უკვე ჩატარებულია).
დაჯდომის მეორე ვარიანტი სპეციალური "დამჭერი კოშკურის" დამიზნებას ითვალისწინებს. კოშურა იჭერს სტარშიპს სპეციალურ "ხელებში". ამ გზით სტარშიპს ფეხები აღარ სჭირდება და კოსმოსშიც აღარ გააქვს ზედმეტი წონა. ამასთანავე, კოშკურა ამწეა რეალურად და შეუძლია დაშვების შემდეგ პირდაპირ დადოს ხომალდი გასაშვებ პლატფორმაზე. ამ გზით, მიიჩნევა, რომ რაკეტა 1 საათში უკვე ახლიდან გასაშვებად იქნება მზად. ეს ჯერ არ გაუტესტავთ, ამიტომ, ჯერჯერობით, ვსაუბრობთ პირველ მეთოდზე (მარსზე მინიმუმ მაინც ისე უნდა დაჯდეს სტარშიპი, საკუთარ ფეხებზე).
აღსანიშნავია, რომ უკვე გაიყიდა სტარშიპის გაშვების რამდენიმე კომერციული კონტრაქტი, ანუ დამკვეთებმა შეისწავლეს ტექნოლოგია, დარწმუნდნენ და ავანსი გადაიხადეს. უახლოესი წლების განმავლობაში უკვე იგეგმება რთული მისიები. (NASA-მ შეამოწმა, შეისწავლა და გადაწყვიტა, რომ შესაძლებელი იყო ამ პროექტის ნდობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად NASA კონსერვატიული კომპანიაა, მუდმივად პრობლემებს უქმნის SpaceX-ის "იდეებს" და ცდილობს უარყოს ხოლმე, სანამ არ დაამტკიცებენ საბოლოოდ).
ტესტები, რომელიც Starship-ს ჯერ კიდევ წინ აქვს
მიუხედავად არსებული ტექნოლოგიისა და გავლილი ტესტებისა, StarShip-ს ჯერ კიდევ ბევრი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. მაგალითად, პირველად კოსმოსის ათვისების ისტორიაში, სპეციალურად არის დაგეგმილი ასეთი ტესტი:
თვითმფრინავივის რეისივით, სტარშიპი დასტარტავს, გავა ორბიტაზე, დაბრუნდება მიწაზე (დაბრუნდება ამაჩქარებელიც, "ბუსტერი" და "მეორე დონეც", მეორე დონეს ჰქვია სტარშიპი რეალურად) და იმავე დღეს მეორედ გაფრინდება ორივე ახლიდან!
გაზრდილი ფრენების რაოდენობა და ხელმისაწვდომობა, ერთ-ერთი ფაქტორია რის გამოც გაიაფდება ფრენები და ისეთი პროექტების წარმოწყების შესაძლებლობას შექმნის, როგორებიც აქამდე მხოლოდ საი-ფაი ჟანრის წიგნებში იწერებოდა და დაუჯერებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ დღემდე 7 კაცზე მეტი არ გაგვიყვანია კოსმოსში ერთდროულად (ისიც ბოლოს Space Shuttle-ით შევძელით, რომელიც აღარ დაფრინავს, დღეს კი 3-4-კაციანი აპარატები დაფრინავენ). სტარშიპს შეეძლება 50-ზე მეტი ადამიანის გაყვანა, თანაც დამატებით სათავსოებით და სამეცნიერო ან სხვა დანიშნულების აპარატურით იმავე ხომალდზე.
დღეს ადამიანები ორბიტაზე, ყოველდღიურად ორ ბაზაზე ცხოვრობენ — ჩინურ კოსმოსურ სადგურზე (რომელიც რუსული ნაწილების კლონებით არის აწყობილი და ჯერ სულ 2 მოდულისგან შედგება) და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (რომელიც უამრავი მოდულისგან შედგება და 20 წელია კოსმოსშია). სტარშიპის "საცხოვრებელი" ნაწილის მოცულობა კი იმხელაა, რომ პირველი სტარშიპი როცა კოსმოსში გავა, იმ წამსვე კოსმოსში ადამიანების საცხოვრებელი სივრცის მოცულობა გაორმაგდება. ხოლო უკან როცა დაბრუნდება — განახევრდება.
გარდა ამისა, უკვე დაგეგმილია შემდეგი ტესტები:
სპეციალური "ტანკერი" სტარშიპით — მეორე სტარშიპის ავზების ღია კოსმოსში შევსება (ექსპერიმენტს აფინანსებს NASA, ნასას დაკვეთაა ასე ვთქვათ ეს ტესტი, უკვე გამოიყო თანხა. უნდა ითქვას, რომ აქამდე არასდროს არავის უცდია ჯერ კოსმოსური საწვავ-გასამართი სადგური...)
ეს საჭირო იქნება ინტერპლანეტარული მისიებისთვის. მაგალითად, ერთ სტარშიპში თუ 20 ადამიანი იჯდება, თავისი კომფორტითა და საცხოვრებელი პირობებით, მეორე სტარშიპზე იქნება სამეცნიერო მასალები და კიდევ 2-3 ტანკერი სტარშიპი გაჰყვებათ თან, ტვირთის ადგილას საწვავით სავსე ავზებით. ზოგადად, მარსზე ფრენები უფრო ზღვაში ფლოტილიებად მოძრაობას დაემგვანება, რამდენიმე სტარშიპი ივლის ერთად თითო რეისზე, სავარაუდოდ. ან მიმაგრდებიან ერთმანეთზე და ერთ დიდ კოსმოსურ მფინავ სადგურად იმოძრავებენ.
ასევე, დაგეგმილია ტესტი: ორი სტარშიპის დოკირება და ერთიდან მეორეში ადამიანების გადასვლა (გასაგებია, რომ საჭიროა და რატომაც არის საჭირო).
მთვარეზე ადამიანი Starship-ით დაბრუნდება, მაგრამ...
SpaceX-მა უკვე მოიგო NASA-ს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ადამიანს მთვარეზე სწორედ Starship დააბრუნებს.
ზოგადად აქ საოცრება ხდება, პატარა მოდულებისგან (რომლებსაც ცალ-ცალკე წაიღებენ სხვა რაკეტით), უნდა ააწყონ მთვარის ირგვლივ სადგური, რომელიც ფიზიკურად ერთ სტარშიპზე პატარა იქნება და ფინანსურად 100-ჯერ ძვირი დაჯდება...
მერე ამ სადგურს უნდა ეწვიოს სტარშიპი, აიყვანოს იქიდან ადამიანები, დაჯდეს მთვარეზე, სადაც კვირები იმუშავებენ ადამიანები და დააბრუნოს მერე ეს ხალხი ისევ სადგურზე, რათა ისინი გადასხდნენ სხვა პატარა აპარატში და წამოვიდნენ სახლში. სრული სისულელე მოკლედ.
საქმე იმაშია, რომ ეს პროექტი დიდი ხნის წინ მომზზადდა და მილიარდებია უკვე დახარჯული და გადახდილი იმ მთვარის-კოსმოსურ-სადგურში (რომელიც ჯერ არ არსებობს) და მისი მოდულების კოსმოსში გამყვან რაკეტაში (რომელიც ჩვეულებრივი "სანაგვეზე გადამგდები" რაკეტაა და რომლის თითო გაშვება მილიარდები ჯდება, თუმცა ჯერ არცერთხელ არ აფრენილა, არ გატესტილა და ყოველ წელს გვიანდება და “აი შემდეგ წელს იქნება პირველი ტესტიო” გვპირდებიან).
ამასობაში, გაჩნდა და განვითარდა სტარშიპი, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებს მალე დაეწია და როგორც კი პირველი სტარშიპი კოსმოსში გავა, მთელი ეგ ადრინდელი პროექტი დაძველდება და სასაცილო გახდება. მთელი ეგ მილიარდები კი წყალში გადაყრილი იქნება. უბრალოდ ადრე ვერ წარმოედგინათ სტარშიპის მსგავსი პროექტი და ახლა გამოვიდა, რომ ამდენმა ხალხმა ტყუილად იმუშავა ამდენი წელი... ფულზე რომ არაფერი ვთქვათ. ალბათ, ამიტომ რაღაც სიმბიოზი დატოვეს — ვითომ ის მთვარის სადგური ჯერ არ გაუქმდა და ყველაფერი ნორმალურად არის...
ამ ეტაპზე ასეა — "პროექტი ძალაშია" და მხოლოდ მთვარეზე დაჯდომის ნაწილი მოიგო SpaceX-მა, რეალობაში კი სასაცილოა, რომ რაღაც პატარა და 100-ჯერ ან მეტჯერ ძვირადღირებული რაკეტებით მოხდეს მთვარის სადგურის გაყვანა (და მერე იქ ხალხის მიყვანა) და გვერდით იფრინოს Starship-მა, რომელიც 100-ჯერ იაფია და 10-ჯერ უფრო ტევადი ვიდრე ის სადგური მთლიანად (თითო სტარშიპი) და რომელსაც შეუძლია დედამიწიდან აფრინდეს, კოსმოსში შეივსოს ავზები, პირდაპირ მთვარეზე გაფრინდეს, დაჯდეს, იმუშაოს ხალხმა რამდენი ხანიც საჭიროა, აფრინდეს და სახლში დააბრუნოს პირდაპირ, თავის მთვარის რამდენიმე ტონა გრუნტის ნიმუშებიანად.
დღემდე Apollo-ს მისიების ჩამოტანილი მთავარის ქვის ნიმუშები ფასდაუდებელია, ანუ ყველა ნახატზე და ყველა ბრილიანტზე უფრო ძვირი ღირს... ეს ყველაფერი 1 დღეში გაუფასურდება, როცა პირველი სტარშიპის მისია დაბრუნდება მთვარიდან. აზრიც აღარ ექნება წამოღებას, როცა შეგიძლია აპარატურა დატვირთო, წაიღო მთვარეზე და ადგილზე ატარო ცდები მთვარის გრუნტზე, უკან წამოღებაც ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება.
იმავდროულად, სტარშიპს იმდენი ტვირთამწეობა აქვს, რომ იმ "მოდულურ" კოსმოსურ სადგურს 1 რეისად აიტანს და დადებს ორბიტაზე, თუ მაინდამაინც საჭიროა. მაგრამ თვითონ სტარშიპსვე შეუძლია თვითონვე იყოს სადგური, მთავარია შიგნით როგორ მოაწყობ. სტარშიპი შეიძლება იყოს ტანკერიც, სატვირთოც, ლაბორატორიაც, სასტუმროც, კრუიზული გემიც და შეუძლია დაჯდეს და აფრინდეს პლანეტებიდან, არათუ მთვარიდან. ასე რომ, მთელი ეგ პროექტი, ყველამ იცის უკვე სამეცნიერო წრეებში, რომ კომედია გახდება, თუ რამე კატასტროფის გამო სტარშიპის პროექტი არ შეწყდა...
სტარშიპისთვის მთვარეზე დაჯდომის მთავარი პრობლემა არის ის, რომ Raptor-ის ძრავები ძალიან მძლავრია, 1-იც კი (სტანდარტულ სტარშიპზე 6 აყენია, 3 ვაკუუმზე ოპტიმიზირებული კოსმოსში საფრენად, 3 მიწის დონეზე მორგებული — სახლში დასაბრუნებლად). ეს ერთი ძრავიც რომ ჩართოს მთვარის ზედაპირთან ახლოს, კრატერს ამოთხრის თავის ქვეშ და ბრტყელი ზედაპირისგან ორმოს გააკეთებს დაჯდომისას. გარდა ამისა, ძრავი ზედმეტად მძლავრია მთავარის მიზიდულობისთვის და შეუძლებელია იმდენად "სუსტად" ჩართოს, რომ უკან კოსმოსში არ გაფრინდეს, ოდნავ ზედმეტი თუ მოუვიდა. ამიტომ, მთვარეზე დამჯდომ ვერსიას სპეციალურ, მცირე ზომის რაკეტულ ძრავებს უმატებენ ზედა ნაწილში, გვერდებზე, რომ მთვარის ზედაპირიდან მოშორებულად ჩაირთოს, ქვეშ ორმო არ ამოთხაროს და საკმარისად სუსტი იყოს ნაზად დასაჯდომად.
და ეს სულ ასე იქნება — სხვადასხვა დანიშნულების სტარშიპებს სხვადასხვა კონფიგურაციები ექნებათ, ზოგს ექნება ადამიანების საცხოვრებელი სივრცე, ზოგს ავზი, ზოგს ტვირთის ჩასალაგებელი ადგილი, ზოგს დამცავი კერამიკის ფილები — დედამიწაზე დასაბრუნებლად, ზოგს არ ექნება და არასოდეს შემოვა ატმოსფეროში, ერთხელ გავა კოსმოსში და სამუდამოდ კოსმოსში იმოძრავებს და ასე შემდეგ...
სხვა რაკეტები, ქვეყნები და Starship
სხვა რაკეტებთან თუ ხომალდებთან შედარებით, StarShip-ის უმთავრესი განსხვავება ისევ ისაა, რომ სწრაფად და ეფექტურად არის განმეორებით გამოყენებადი მისი ამაჩქარებელიც, "მეორე დონეც" ნაგავში არ იყრება და სახლში ბრუნდება თუ გვინდა, ყველაზე იაფ საწვავს იყენებს, ძრავი ყველაზე ეკონომიურია, დამზადება — ყველაზე იაფი ჯდება, ტვირთამწეობა და მოცულობა ყველაზე მეტი აქვს და ეს ზომა/წონა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ბევრად უნიფიცირებულად შეიძლება მისი გამოყენება, ანუ ცალ-ცალკე აპარატები კი არ უნდა შექმნა ყველა პატარა სპეციალური დანიშნულებისთვის, როგორც ახლა ხდება და მილიარდები იხარჯება ყველა ჯერზე, არამედ ერთი აპარატი შეიძლება მოარგო ყველა დანიშნულებას.
მაგალითად, როცა ფიქრობთ იმაზე, რომ ადამიანებმა რამე მოიპოვონ, ან შეისწავლონ მთვარეზე ან მარსზე, თვალწინ გაქვთ კადრი, თუ როგორ "თხრიან" მიწას იქ, არა? ნიჩბით ხომ არ გათხრიან არა? დღეს რომც ვუშვებდეთ ადამიანებს მთვარეზე, დავუშვათ, არ შეგვიძლია ელემენტარულად საშუალო ზომის ბულდოზერი გავუგზავნოთ. ანუ ის კი არა, რომ შეგვიძლია, მაგრამ ძნელია ან ძვირია, უბრალოდ, არ შეგვიძლია, რადგან ზღვარია, ვერ ვაგზავნით ბულდოზერს მთვარეზე, წერტილი. მსგავსი მისიისთვის პროექტი უნდა დაიწეროს, 20 წელი დასჭირდეს შექმნას და რაღაც ალუმინის და კარბონის სუპერ-პუპერ ბულდოზერი შეიქმნას, რომელიც 1 კვირა ვერ იმუშავებს გადაბმულად და მილიარდები დაჯდება ერთი ცალი.
პირველივე სტარშიპი როგორც კი გავა ორბიტაზე, მოცემულობა შეიცვლება შემდეგნაირად: — "მოგვეცით ნებისმიერი საშუალო ელექტრო ბულდოზერი და წავიღებთ მთვარეზე". ისეთი ბულდოზერი, რკინის და გამძლე, წლები რო ამუშავებ და მიაგდებ კუთხეში და 2 წლის მერე დაუბრუნდები და ისევ დაიქოქება.
ამ ფონზე, დღევანდელ დღეს ორი რამე ხდება ერთდროულად:
- ნაწილი ქვეყნების/კომპანიების, რომლებიც კოსმოსში ტვირთების ატანაზე მუშაობენ პანიკაში არიან და სასწრაფო წესით ცდილობენ დააკოპირონ რასაც SpaceX შვება (იმ დონეზე, რომ ჩინელებმა პირდაპირ სტარშიპის კოპიო გამოაქვეყნეს პრეზენტაციაზე, ამას ვიზამთო).
- ზოგი ქვეყანა საეჭვოდ ჩუმად არის და თითქოს არაფერი არ ხდება, როგორც 20 წლის წინ — ელოდებიან, რომ "არაფერიც არ გამოუვათ", არადა უკვე 99%-ით ჩანს რო გამოუვიდათ და ეგ არის.
5 წლის შემდეგ რანაირად უნდა გადაიხადოს ვინმე დამკვეთმა 100-ჯერ მეტი რაიმეს ორბიტაზე გაყვანაში, რა "პატრიოტული მიზეზები" უშველის მაგას — წარმოუდგენელია. 10-ჯერაც რო გააიაფოს, SpaceX უზარმაზარ მოგებას ნახავს და როცა 50 მილიონსა და 5 მილიონს შორის არის სხვაობა, რანაირად უნდა აირჩიო ვინმე სხვა?
მასკის "არარეალისტური ოცნებებით", საბოლოოდ თითო სტარშიპის გაშვება სულ 2 მილიონი დაჯდება, ანუ მეთანის ფასი მხოლოდ და მეტი არაფერი და 300 ტონას გაიტანს ორბიტაზე 2 მილიონად. ყველანაირი საზომებით კაპიკებია ეს. მაგრამ, ნუ, 20 მილიონიც რომ დაჯდეს, მაგხელა ტვირთამწეობა... 200 მილიონადაც არავის აქვს პლანეტაზე ეგ შესაძლებლობები. 2 მილიარდი რომ ღირებულიყო — უკან დაბრუნების უნარის მქონე რაკეტა, მაგხელა შიდა მოცულობით, მაგასაც დაიქირავებდა NASA.
საბოლოოდ, მართალია 10 წლის დაგვიანებით, მაგრამ მასკის ოცნებებს, როგორც წესი, ასრულებს და აუმჯობესებს ხოლმე SpaceX.
ვნახოთ... თუ მესამე მსოფლიო ომი არ იქნა, სავარაუდოდ, მოვესწრებით პასუხს — გადაბრუნდა კოსმოსური ფრენების ინდურსტრია თუ არა.
კომენტარები