რატომ გვეტირება ხახვის დაჭრისას და როგორ ავიცილოთ თავიდან
ხახვი საკმაოდ პოპულარული ბოსტნეულია, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახი მოიხმარს, თუმცა მისი დაჭრისას თვალების წვასა და ცრემლდენას ერთხელ მაინც ყოველი ჩვენგანი გაუმწარებია.
მოვლენაში დამნაშავეს "საცრემლე ფაქტორი" ეწოდება — ქიმიური ნივთიერება, რომელიც თვალებს აღიზიანებს. გაუჭრელ ხახვში ცისტეინის სულფოქსიდების ნაერთთა ჯგუფს ენზიმ ალიინაზასგან განცალკევებით ვაწყდებით, გაჭრისას კი ნაერთთა გამაცალკევებელი ბარიერი ზიანდება, ისინი ერთმანეთს ერწყმის და რეაქცია ხდება: ალიინაზა ცისტეინის სულფოქსიდებს სულფენის მჟავად გარდაქმნის.
ჯოსი სილვაროლის, საცრემლე ფაქტორზე ერთ-ერთი კვლევის ავტორის თქმით, სულფენის მჟავები სტაბილურობით არ გამოირჩევა. შესაძლოა, ხახვში მჟავამ ორგვარად იმოქმედოს: ერთ შემთხვევაში, სპონტანურად კონდენსირდება და გოგირდის შემცველ ორგანულ ნივთიერებად, ორგანოსულფურად გადაიქცევა. მეცნიერის თქმით, სწორედ ორგანოსულფურები აძლევს ხახვს მათთვის დამახასიათებელ მძაფრ გემოსა და არომატს. უნდა აღინიშნოს, რომ ნივრის ცხარე გემოსაც სწორედ ამგვარი რეაქცია განაპირობებს.
მეორე შემთხვევაში, სხვა ენზიმი, უჯრედებში შემალული საცრემლე ფაქტორის სინთაზა ერთვება საქმეში და სულფენის მჟავას საცრემლე ფაქტორად აქცევს.
სილვაროლის თქმით, "საცრემლე ფაქტორი" არამდგრადი სითხეა და ძალიან სწრაფად ორთქლდება. იგი სწორედ ასე აღწევს თვალებამდე და სენსორულ ნერვებს აღიზიანებს. ამის შემდეგ გამღიზიანებელი ნივთიერების თავიდან მოსაშორებლად ცრემლდენა იწყება.
ვარაუდობენ, რომ ორგანოსულფურის ნაერთები და ცრემლდენის გამომწვევი საცრემლე ფაქტორი თავდაცვის მექანიზმების სახით წარმოიშვა. მათ ხახვისათვის სახიფათო მწერების, ცხოველებისა და პარაზიტების თავიდან მოშორების ფუნქცია აქვს.
თვალების წვისა და ცრემლდენის თავიდან ასაცილებლად გამოსავალი ნამდვილად არსებობს: Bon Appetit-ის რჩევით, შეგიძლიათ, ხახვის დაჭრისას დამცავი სათვალეები ან სახის დამცავი ფარი ატაროთ. ნივთიერების მოხვედრისაგან ასევე დაგიცავთ კონტაქტური ლინზები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბასრი დანის გამოყენების შემთხვევაში შედარებით ნაკლები უჯრედი განადგურდება და "ცრემლსადენი გაზიც" ნაკლებად წარმოიქმნება.
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ უკვე "უცრემლო" ხახვის შექმნის მცდელობებიც ვიხილეთ. მაგალითად, Sunion-ის შემთხვევაში შეჯვარების ტექნოლოგიები გამოიყენეს, რათა იგი ნაკლებად ცხარე ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, სილვაროლის თუ დავუჯერებთ, საცრემლე ფაქტორის შემცირება ხახვის გემოსაც შეასუსტებს — საცრემლე ფაქტორზე ხომ სწორედ ის ნაერთებია პასუხისმგებელი, რომლებიც ხახვს განსხვავებულ არომატს ანიჭებს.
"თავდაპირველი გემოსათვის თვალების წვის ატანა მოგიწევთ", — დაგვაიმედა მეცნიერმა.
კომენტარები