კოსმოსში მოგზაურობისას ასტრონავტებს ანემია ემართებათ — კვლევა
მეცნიერებისათვის უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ კოსმოსში ყოფნისას ასტრონომებს ანემია ემართებათ, თუმცა მოვლენის უკან მდგარი მექანიზმები კვლავ გაუგებარია. საკითხის შესწავლა ოტავას უნივერსიტეტის მკვლევრებმა გადაწყვიტეს, კვლევა კი ახლახან ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
კანადელი მეცნიერების თქმით, კოსმოსში 50 პროცენტით მეტი სისხლის წითელი უჯრედი (ერითროციტი) ნადგურდება, პროცესი კი მანამ გრძელდება, სანამ ასტრონავტი მშობლიურ პლანეტაზე არ დაბრუნდება. შესაძლოა, ამან მთვარეზე, მარსზე და თუ პლანეტებზე ხანგრძლივი მოგზაურობები გაართულოს. მკვლევართა მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყალობით, შესაძლოა, დედამიწაზე იმავე პრობლემის მქონე საწოლს მიჯაჭვულ პაციენტებსაც დავეხმაროთ.
ოტავას უნივერსიტეტის მკვლევრებმა 14 ასტრონავტი შეისწავლეს, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მისიების დროს აღებული სისხლისა და ამონასუნთქის ნიმუშებით მათ ერითროციტთა დანაკარგი გაზმომეს. სწორედ ამ უჯრედებს მიაქვს ჟანგბადი ფილტვებიდან სხეულის დანარჩენ ნაწილებამდე, ამიტომაც ისინი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"ჩვენი კვლევის მიხედვით, კოსმოსში გაფრენის მომენტიდან უფრო და უფრო მეტი ერითროციტი ნადგურდება, პროცესი კი მთელი მისიის განმავლობაში გრძელდება", — თქვა დოქტორმა გაი ტრუდელმა, კვლევის ხელმძღვანელმა.
უწონადობის გამო კოსმოსში ეს პრობლემა ნამდვილად არაა, თუმცა დედამიწაზე დაბრუნებულ ასტრონავტებს ძვლოვანი მასა შემცირებული აქვთ, კუნთები — დასუსტებული, თავად კი ძლიერი დაღლილობა აწუხებთ.
კოსმოსში ყოფნისას ყოველ წამს 3 მილიონი ერითროციტი ნადგურდება, დედამიწაზე კი — 2 მილიონი. საბედნიეროდ, ადამიანის ორგანიზმს ამის კომპენსაცია შეუძლია (წინააღმდეგ შემთხვევაში, მისიებზე მყოფ ასტრონავტებს უარესი რამ დაემართებოდათ), თუმცა მეცნიერებმა მაინც არ იციან, სხეული რამდენ ხანს შეძლებს მუდმივ თვითაღდგენას — ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი ხანგრძლივ კოსმოსურ მისიაში ყოფნისას ხდება.
ინტენსიური თერაპიის ბლოკში მყოფი პაციენტები
აღმოჩნდა, რომ დედამიწაზე დაბრუნებული ასტრონავტები ერთი წლის შემდეგაც ისევ ჩვეულებრივზე მეტად კარგავდნენ ერითროციტებს, თუმცა ნორმალურად ფუნქციონირება მაინც შეეძლოთ. მდედრობითი და მამრობითი სქესის მონაწილეებს შორის დაზიანების ხარისხი არ განსხვავდებოდა.
"თუკი ანემიის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზს გავარკვევთ, მაშინ შესაძლოა, ასტრონავტებსა თუ დედამიწაზე მყოფ პაციენტებში მისი მკურნალობა ან პრევენციაც მოვახერხოთ", — განაცხადა დოქტორმა ტრუდელმა.
მისი დაკვირვებით, კოსმოსური მოგზაურობისაგან გამოწვეული ანემია ისეთივეა, როგორიც ინტენსიური თერაპიის ბლოკში თვეობით მყოფ უმოქმედო პაციენტებს (თუნდაც კოვიდის მქონე) ემართებათ ხოლმე. ერითროციტების ნაკლებობის გამო მათთვის ვარჯიში და გამოჯანმრთელებაც რთულია. მეცნიერთა გუნდი სამომავლო კვლევებში სწორედ ამ მექანიზმს შეისწავლის.
მანამდე პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე მიგნება მაინც გვაქვს ხელთ — ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ სხვა კვლევას თუ დავუჯერებთ, რკინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ასტრონავტებს საკვები რაციონის შეცვლა მოუწევთ, ენერგიისათვის კი მეტი კალორია დასჭირდებათ. შესაძლოა, გაფრენამდე ანემიის მქონე ადამიანებში სისხლისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის სკრინინგიც გახდეს საჭირო.
კომენტარები