დედამიწას ხშირად "ცისფერ პლანეტადაც" მოიხსენიებენ, რადგან ის, მზის სისტემაში შემავალი დანარჩენი ციური სხეულებისგან განსხვავებით, წყლითაა მდიდარი, რომელმაც ბიომრავალფეროვნების წარმოქმნას შეუწყო ხელი.

ჩვენი პლანეტის ზედაპირის 71 პროცენტი წყლითაა დაფარული, ხოლო ამ უკანასკნელის 96.5 პროცენტი ოკეანეებში გვხვდება. ეს სითხე, ჰიდროლოგიური ციკლის წყალობით, ატმოსფეროშიც ადის და იქ გროვდება. ცაში H₂O უმეტესწილად ორთქლის ფორმით ნარჩუნდება, ღრუბლებს ქმნის, ხმელეთზე კი ნალექის სახით ბრუნდება. შემდეგ ყველაფერი ახლიდან იწყება. ასეთი გახლავთ მისი წრებრუნვა.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სააგენტოს ცნობით, დედამიწაზე არსებული წყლის მოცულობა 1.4 მილიარდი კუბური კილომეტრია. მისი ნაწილი ატმოსფეროში აირად მდგომარეობაში გადასვლისას იქ 10 დღის განმავლობაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ორთქლის მარაგი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 30 მილიმეტრი წვიმის ეკვივალენტურია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი პლანეტის ზედაპირის მოცულობა დაახლოებით 510 მილიონი კვადრატული კილომეტრია, გამოდის, რომ ატმოსფეროში 37.5 ტრილიონი გალონი წყალია (1 გალონი 3.7 ლიტრს უდრის). ხმელეთზე ერთბაშად ჩამოდინების შემთხვევაში, ის ზღვის დონეს 3.8 სანტიმეტრით აწევდა.

ამას საგანგაშო შედეგები მოჰყვებოდა. განსაკუთრებულად დაზარალდებოდა დაბალ სიმაღლეზე განლაგებული ქალაქები, რომელთა უმეტესობაც ისედაც რისკის ქვეშაა და წყალდიდობების მიმართ მოწყვლადად მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფეროში H₂O-ის კონცენტრაცია სეზონებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება. მაგალითად, ოკეანეების თავზე უფრო მეტი ორთქლი ფიქსირდება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს გეოლოგიური, ლანდშაფტთან დაკავშირებული და სხვა ფაქტორებიც.

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ გლობალური დათბობის პარალელურად, ზემოხსენებული მოცულობა იზრდება, რაც სათბურის ეფექტს აუარესებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.