პატარა ბიჭი, რომელიც ავღანეთიდან ევაკუაციის დროს მშობლებს დაეკარგა, ოჯახს დაუბრუნდა. თალიბებმა ქვეყანა აგვისტოში დაიკავეს, რის გამოც ბევრი სასოწარკვეთილი ავღანელი სამშობლოდან გაქცევას ცდილობდა.

ორი თვის სოჰაილ აჰმადი მშობლებმა ამერიკელ ჯარისკაცს ღობეზე გადასცეს, რათა ჭყლეტისგან დაეცვათ, რადგან ათასობით ადამიანი ქაბულის აეროპორტში შესვლას ცდილობდა. როცა ოჯახმა აეროპორტში შეაღწია, სოჰაილი იქ არ იყო.

ფოტო: Reuters

ჩვილის უშედეგო ძებნის შემდეგ ბავშვის მამა მირზა ალი აჰმადი, რომელიც აშშ-ს საელჩოში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, მისი ცოლი და ოთხი შვილი აშშ-ში საევაკუაციო თვითმფრინავით გადაიყვანეს. ოჯახს თვეების განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ სად იმყოფებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი.

როგორც აღმოჩნდა, ბავშვი აეროპორტში ტაქსის მძღოლმა, ჰამიდ საფიმ, იპოვა. საფის თქმით, ბავშვი აეროპორტში მარტო იყო და ტიროდა, ხოლო როცა მისი ოჯახის პოვნა ვერ შეძლო, მძღოლმა გადაწყვიტა, რომ ის სახლში ცოლ-შვილთან წაყვანა და საკუთარ შვილივით გაეზარდა. ახალმა ოჯახმა ბავშვს მუჰამედ აბედი დაარქვა და მოგვიანებით, მისი ფოტოები ფეისბუქზეც განათავსა.

ფოტო: Reuters

როცა ბავშვის ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა, ბიჭის ბაბუა, რომელიც ისევ ავღანეთში ცხოვრობს, ქაბულში გაემგზავრა და სოჰაილის დაბრუნება მოითხოვა. საფიმ ბავშვის გადაცემაზე უარი განაცხადა და თავისი ოჯახის აშშ-ში გადაყვანა მოითხოვა.

შვიდკვირიანი მოლაპარაკებებისა და საფის დროებითი დაკავების შემდეგ ბავშვი ბაბუას გადასცეს. აშშ-ში მყოფმა მშობლებმა კი ვიდეოზარის მეშვეობით ბავშვის ნახვა შეძლეს. ოჯახს იმედი აქვს, რომ ბავშვს მალე მიჩიგანის შტატში გადაიყვანენ, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ.