10-წუთიან სირბილს ტვინის აქტიურობის გაზრდა შეუძლია — კვლევა
იაპონიაში მდებარე ცუკუბას უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ კოლეგებთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის აქტიურობის გასაზრდელად და ხასიათის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 10-წუთიანი, საშუალო სისწრაფის სირბილიც კი საკმარისია. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ, რომელიც ფიზიკურ ვარჯიშსა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის არსებულ კავშირს კიდევ ერთხელ ცხადყოფს.
მათ ყურადღება თავის ტვინის შუბლისწინა ქერქზე გაამახვილეს, რომელიც აღმასრულებელ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი და გუნება-განწყობასაც აკონტროლებს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სირბილის შედეგად, ცენტრალური ნერვული სისტემის ამ რეგიონში სისხლის მიმოქცევა ჩქარდება.
"თუ გავითვალისწინებთ, რამხელა ძალისხმევაა საჭირო სირბილის დროს ბალანსის დასაცავად, სამოძრაოდ და სიჩქარის განსასაზღვრად, ლოგიკურია, რომ ამას შუბლისწინა ქერქის შემადგენელი ნეირონების გაზრდილი აქტიურობა ახლავს თან. ეს აღნიშნული რეგიონის სხვა ფუნქციებზეც დადებითად აისახება", — აცხადებენ ნაშრომის ავტორები.
მეცნიერებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ვარჯიში ჩვენს ორგანიზმსა და ფსიქიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. თუმცა, სირბილთან ასოცირებულ კონკრეტულ სარგებელზე ბევრი ინფორმაცია არ მოგვეპოვება, მაგალითად, ველოსპორტისგან განსხვავებით.
სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ამ აქტივობაზე კონცენტრირდნენ და 26 ადამიანი გამოიკვლიეს. კერძოდ, მათზე სტრუპის ეფექტი გამოცადეს, რომელიც ტვინის მიერ მონაცემების გადამუშავებისას რეაქციის დროს ზომავს. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები სირბილის შემდეგ ჩატარებულ ტესტებს უფრო სწრაფად პასუხობდნენ, ვიდრე მანამდე და უკეთესი განწყობაც ჰქონდათ.
უკანასკნელი მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან შუბლისწინა ქერქის უბნების ფუნქციები ადამიანისთვის უნიკალურია და სხვა ძუძუმწოვრებში არ გვხვდება. შესაბამისად, იმედოვნებენ, რომ ამით ჩვენი ევოლუციის შესახებაც მეტს გავიგებთ.
კომენტარები