მეცნიერებმა ჭია სახელად Lepidocoleus caliburnus, 2.5 სანტიმეტრის სიგრძის წყალში მცოცავი არსება აღმოაჩინეს და შეისწავლეს. როგორც ჟურნალ Papers in Palaeontology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა მიუთითებს, ის გამოიყურებოდა "მძიმედ დაჯავშნული რაინდის მსგავსად."

ეს არსება დევონის პერიოდში, დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. კვლევის ავტორების თქმით, ჭია, სავარაუდოდ, ბინადრობდა მარჯნის რიფებზე წყლებში, რომლებიც ახლა ავსტრალიის კონტინენტის ნაწილია. ისინი იკვებებოდნენ ორგანული ნარჩენებითა და იყენებდნენ ჯავშან ფირფიტებს მტაცებლებისგან დასაცავად.

იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად დაცულები იყვნენ ეს არსებები, მკვლევრებმა ჭიების ნამარხების მიკრო-CT სკანირება ჩაატარეს, რათა შეექმნათ მათი ჯავშნის ფირფიტების ციფრული 3D მოდელები.

"მიკრო-CT-ის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ვირტუალურად გამოვყოთ ჯავშნის ცალკეული კომპონენტები. ასევე შევძელით ვირტუალური მოდელებით მანიპულირება, რათა განგვესაზღვრა, თუ როგორ მოძრაობდნენ ცალკეული "ჯავშანები" ერთმანეთთან სინქრონულად, ამასთან გავიგეთ თუ როგორი იყო მათ შორის გადახურვის ხარისხი", — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა სარა ჟეკუეტმა, მისურის უნივერსიტეტის გეოლოგიური მეცნიერებების პროფესორმა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჭიებს ჰქონდათ ორი სახის ჯავშანი. ერთი ჭიის ჩონჩხს სიგრძეზე მიჰყვებოდა და მეორე ფარავდა არსებების ორივე მხარეს.

"შესაძლოა, ჭიებს შეეძლოთ ბურთად დახვევა და ასე მოძრაობა, რათა უკეთ მოეშორებინათ მტაცებლები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ შთამბეჭდავმა თავდაცვითმა სისტემამაც ვერ გადაარჩინა ისინი გადაშენებისგან", — თქვა ჟეკუეტმა.

თუმცა, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭიების ეს სახეობა ისტორიაში დაკარგული აღარ არის.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.