ყველასთვის ცნობილია, სად ცხოვრობენ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები — ამის შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გაერო გვთავაზობს. მის მიხედვით, ბოლო რამდენიმე წელია, პირველ ადგილს ფინეთი იკავებს. მოწინავე პოზიციებზე არიან სკანდინავიის სხვა ქვეყნებიც. როგორც ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჯო პინსკერმა დაწერა, რადგან მათ "ბედნიერების საიდუმლო ამოიცნეს", დანარჩენ სამყაროსაც მათი მიბაძვის სურვილი გაუჩნდა. მაგრამ არის კი ფინელების განტვირთვის საშუალებები — ტყეში სეირნობა თუ ყინულიან ტბაში ცურვა — ბედნიერების გარანტი?

სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მარტივად არაა. იმისათვის, რომ მსოფლიო ბედნიერების ანგარიშმა და სხვა საერთაშორისო ბედნიერების ინდექსებმა თავიანთი შედეგები შეადარონ, მათ უნდა ივარაუდონ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები გამოკითხვაზე პასუხისას და ბედნიერების განმარტებისას საერთო კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბედნიერების ინდექსები დაახლოებით ისეთივე სურათს მოგვცემს, როგორიც მუსიკის რეიტინგის იმის მიხედვით დადგენისას იქნებოდა, თუ რამდენად მოსწონთ თითოეული ქვეყნის მცხოვრებლებს ადგილობრივი სიმღერები. ეს გარკვეულ წარმოდგენას კი შეგვიქმნიდა ამა თუ იმ ქვეყნის მუსიკალურ გემოვნებაზე, მაგრამ მცირე ინფორმაციას მოგვაწვდიდა იმის შესახებ, თუ რომელი მუსიკაა ობიექტურად "საუკეთესო".

კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ მთელ მსოფლიოში კეთილდღეობას, ერებს შორის არსებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან განსხვავებასაც კი ცხადყოფს. ამ განსხვავებების გაგება გლობალურ ბედნიერებაზე ბევრად უფრო მდიდარ წარმოდგენას გვიქმნის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ინდექსი და, რაც მთავარია, გვთავაზობს კეთილდღეობის მოდელებს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი შეიძლება მოერგოს.

ფოტო: Jan Buchczik / The Atlantic

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების მიერ ბედნიერების აღქმას ბევრი მსგავსება აქვს. 2016 წლის კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 12 ქვეყნის 2 799 ადამიანი გამოიკითხა, აჩვენა, რომ ყველა შესწავლილ ერში ბედნიერების ისეთი ფსიქოლოგიური განსაზღვრებები დომინირებდა, როგორიცაა "შინაგანი მდგომარეობა, გრძნობა ან დამოკიდებულება". კერძოდ, გამოიკვეთა, რომ ადამიანები ბედნიერებას "შინაგანი ჰარმონიის" მიღწევაში ხედავდნენ.

შინაგანი ჰარმონია შეიძლება უნივერსალურ ცნებად ჟღერდეს, თუმცა სხვადასხვა ადგილას მას განსხვავებულად აღიქვამენ. მაგალითად, დანიელებისთვის იგი მეტწილად სიმყუდროვესთან და კომფორტთან ასოცირდება, ამერიკელები კი ხშირად შინაგან ჰარმონიას თავიანთი უნარებისა და სურვილების თანხვედრისას გრძნობენ — ძირითადად, კარიერულ კონტექსტში.

როგორც ვხედავთ, ბედნიერების ფსიქოლოგიური განმარტებები დასკვნების გამოტანას არ გვიადვილებს და ამგვარად ქვეყნებს შორის განსხვავებები მხოლოდ ფართოვდება. მაგალითად, როგორც ზემოთ ნახსენებმა 2016 წლის კვლევამ აჩვენა, აშშ-ში გამოკითხულთა 49 პროცენტი ბედნიერების განმარტებაში აშკარად მოიაზრებდა ოჯახურ ურთიერთობებს, მაშინ, როცა სამხრეთ ევროპელები და ლათინურ ამერიკაში მცხოვრებნი ბედნიერებას საკუთარ თავში ეძებდნენ: პორტუგალიელების მხოლოდ 22-მა პროცენტმა, მექსიკელების 18-მა პროცენტმა და არგენტინელების 10-მა პროცენტმა მოიაზრა ოჯახი ბედნიერების განსაზღვრაში.

სამეცნიერო ჟურნალის, International Journal of Wellbeing-ის 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ორმა იაპონელმა მეცნიერმა დასავლურ და აზიურ კულტურებს შორის ბედნიერების განმარტების მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოაჩინა. კერძოდ, დასავლეთში ბედნიერება განსაზღვრული იყო როგორც "მძაფრი გრძნობა, როგორიცაა მღელვარება და პირადი მიღწევების შეგრძნება"; აზიაში კი — "ბედნიერება განიმარტებოდა ისეთი აუღელვებელი მდგომარეობით, როგორიც სიმშვიდეა".

დიდ ქვეყნებში, ერთსა და იმავე საზღვრებში მცხოვრები ადამიანების შედარებაც კი დიდი გამოწვევაა. მაგალითად, ბედნიერებას ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოეთში ძალიან განსხვავებულად აღიქვამენ. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს — ეს ის ადგილია, სადაც პიროვნული მახასიათებლები რეგიონული ნიშნით იცვლება. მაგალითად, შუა ატლანტიკურ და ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ურთიერთობებში უფრო მეტად ამჟღავნებენ მიჯაჭვულობას, ვიდრე დასავლეთის შტატებში, სადაც მსგავსი ტიპის ურთიერთობებს ერიდებიან ხოლმე.

ფოტო: Judit Zengővári / Dribbble.com

იმ სიტყვებსაც კი, რომლებსაც ბედნიერებაზე საუბრისას ვიყენებთ, სხვადასხვა ენაზე განსხვავებული კონოტაცია აქვს. გერმანიკულ ენებში ბედნიერება იღბალთან ან კარგ ბედთან დაკავშირებულ სიტყვებშია ფესვგადგმული. თავად სიტყვა happiness შუა საუკუნეების ინგლისიდან მოდის და hap "იღბალს" ნიშნავს. ლათინურ ენებში კი ამ ცნების აღმნიშვნელი ტერმინი მომდინარეობს felicitas-იდან, რაც ძველ რომში არა მხოლოდ წარმატებას, არამედ ზრდას, ნაყოფიერებასა და აყვავებასაც ნიშნავდა.

საერთო ჯამში, კულტურები ძალიან განსხვავებულად განმარტავენ ბედნიერებას. ამიტომ შეუძლებელია იმის თქმა, რომ ერთი ქვეყანა სხვაზე ბედნიერია და "მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების" ინდექსიც ამაზე ერთმნიშვნელოვნად არაფერს გვეუბნება. ბედნიერების შეფასების და განსაზღვრის ბევრი გზა არსებობს. შესაბამისად, შესაძლოა, ფინეთი ერთი განსაზღვრებით ყველაზე ბედნიერი ქვეყანა იყოს, მეორით კი — არა. ამიტომ ქვეყნების შედარებაზე გონივრული მათი კლასიფიკაცია იქნებოდა.

ამ ამოცანის სისრულეში მოსაყვანად, პირველ რიგში, ბედნიერებაზე ფოკუსირების ორი შეპირისპირებული წყვილი უნდა განვასხვაოთ. პირველი არის "შინაგანი" ან "გარეგანი" ფოკუსირება ბედნიერებაზე, რომელშიც ერთმანეთს თვითანალიზი და სხვებთან ინტერაქცია უპირისპირდება. ხოლო მეორე წყვილია "მიმართებითი" ანუ ადამიანებზე ორიენტირებული ხედვა ან "დავალებითი" ანუ საქმეზე ორიენტირებული მიდგომა. ამგვარად, ჩვენ ვიღებთ კეთილდღეობის ოთხ ძირითად მოდელს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებს ეფუძნება.

ქვემოთ თითოეულ მათგანს მიმოვიხილავთ:

1. ბედნიერება საყვარელ ადამიანებთან კარგი ურთიერთობებიდან მოდის

ფოტო: Lana Marandina / Dribbble.com

ეს არის "გარეგანი" და "ურთიერთობითი" ხედვების კომბინაცია. ამ მოდელში ბედნიერების ყველაზე დიდ წყაროდ მეგობრები და ოჯახი განიხილებიან. იმ ქვეყნის მაგალითი, რომლის მოსახლეობაც მეტწილად ამ მოდელის შესაბამისად განმარტავს ბედნიერებას, შეერთებული შტატებია.

2. ბედნიერება ზეცნობიერებიდან მოდის.

ეს არის "შინაგანი" და "ურთიერთობითი" მიდგომის ერთობლიობა — მოდელი შემოქმედებითი, ფილოსოფიური ან რელიგიური ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისთვისაც საზოგადოების ნაწილად თავის აღქმა მნიშვნელოვანია. აღმოჩნდა, რომ ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი მისდევს ამ მოდელს, სამხრეთ ინდოეთია.

3. ბედნიერება იმის სხვებთან ერთად კეთებით მოდის, რაც გიყვარს

ეს მოდელი "გარეგანი" და "დავალებითი" ღირებულებების ერთობლიობაა, რაც იმ საქმიანობისადმი ან აქტივობებისადმი ერთგულებას გულისხმობს, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებს. თუ ხშირად იყენებთ ფრაზებს, "ჩემი სამუშაო ჩემი ცხოვრებაა" ან "მე მიყვარს ფეხბურთის თამაში მეგობრებთან ერთად", მაშინ ეს ბედნიერების თქვენი მოდელია, რომელსაც, როგორც წესი, სკანდინავიურ ქვეყნებსა და ცენტრალურ ევროპაში შეხვდებით.

4. ბედნიერება მოდის მაშინ, როცა თავს, უბრალოდ, კარგად გრძნობ

ფოტო: Olga Semklo / Dribbble.com

ეს მოდელი "შინაგანი" და "დავალებითი" ხედვების კომბინაციას წარმოადგენს და, როგორც წესი, იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც პოზიტიურ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ გამოცდილებებს ანიჭებენ უპირატესობას. თუკი ბედნიერების წარმოდგენისას Netflix-ის ყურებაზე ან ღვინის დალევაზე ფიქრობთ — ეს კეთილდღეობის თქვენი მოდელია, რომელიც ლათინურ ამერიკაში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და სამხრეთ აფრიკაშია ყველაზე გავრცელებული.

ეს კლასიფიკაცია, რა თქმა უნდა, ამომწურავი არ არის. ამ ღერძების გასწვრივ უამრავი ადამიანი და ქვეყანა ვერ განთავსდება. შესაძლოა, ბედნიერების შესახებ თქვენი წარმოდგენა ამ მოდელებში ვერ ჯდებოდეს ან მათი ნაზავიც იყოს, თუმცა სტატიაში წარმოდგენილი ოთხი კატეგორია კეთილდღეობის მრავალფეროვან აღქმათა გასაგებად ამოსავალ წერტილად გამოდგება.

როგორც ვხედავთ, სხვადასხვა კულტურა განსხვავებულად აფასებს ბედნიერებას და, თავის მხრივ, ეს აღქმა ადამიანებისთვისაც განსხვავებულია. ამ მრავალფეროვნების გაგება კი დაგეხმარებათ, უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი, დაინახოთ, ერგებით თუ არა იმ სოციუმს, სადაც ცხოვრობთ და თუკი ასე არ არის, გამოსავალიც იპოვოთ — იქნება ეს საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, ახალი ურთიერთობების შექმნა თუ, უბრალოდ, გარშემომყოფებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების სწავლა.


ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ადგილი ბარსელონაა, თუმცა გაეროს ბოლო მოხსენებაში ესპანეთი 27-ე ადგილზეა. მაშ, რატომ მიყვარს ასე ძალიან ეს ადგილი?

კატალონიის დედაქალაქი დასვენებისა და მეგობრულობის მხრივ — ესპანური, თუმცა სამუშაო ჩვევებით უფრო ჩრდილოეთ ევროპული ქალაქია. აქ შრომისმოყვარეობა ფასობს, თუმცა სიცილითა და კეთილგანწყობითაცაა სავსე. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მრავალი წლის წინ დავქორწინდი და სადაც ბევრი საყვარელი ადამიანი მეგულება. ამგვარად, ბარსელონა ჩემს ჰიბრიდულ მოდელს ემთხვევა: ადამიანებთან მჭიდრო კავშირი აქ კვლევითა და სწავლებით მიღებულ სიამოვნებას ერწყმის. ბარსელონა ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ.

ყველა ადამიანს სადღაც საკუთარი ბარსელონა აქვს — მაშ, წადი და იპოვე.