"საფრთხე ვაქცინა არ არის, საფრთხე არის პანდემია" — მითები და რეალობა კოვიდვაქცინაზე
იმუნოლოგების და სპეციალისტების მრავალი მოწოდებისა და განმარტების მიუხედავად, ადამიანების ნაწილს დღესაც მიაჩნია, რომ ვაქცინა საშიშია, უკუჩვენებები აქვს და ვირუსისგან არ გვიცავს. ამასთანავე, მეცნიერები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ — ვრცელდება ვირუსის ახალი შტამები, ვერსიები.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, მოქალაქეებს არაერთი კითხვა აქვთ. ვაქცინების, ახალი შტამების და მითების შესახებ იმუნოლოგ ნინო გაფრინდაშვილს ვესაუბრეთ. თავდაპირველად კი ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ განემარტა, რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია და რისგან გვიცავს აცრა.
"პანდემია არაფრით დასრულდება მანამ, სანამ არ მოხდება ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში და არ წარმოიქმნება იმუნური პასუხი ხალხში. გარდა იმისა, რომ ვაქცინირება არის აუცილებელი, აუცილებელია ჯანმოს მიერ მოწოდებული იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც ყველასთვის ცნობილია — ხელების ხშირი დაბანა, ნიღბის ტარება, დისტანცია, თავის შეკავება მასიური შეკრებებისაგან. ეს გარკვეულწილად ქმნის საზოგადოებაში კითხვას — რატომ არის აუცილებელი ამ ყველაფრის დაცვა, თუ ვაქცინირებული ვარ? მინდა ვთქვა, რომ ვაქცინაცია არ არის 100%-იანი გარანტი, ეს არ არის უკვდავების ელექსირი, რომლის გაკეთების შემთხვევაში ვიქნებით ყველაფრისგან დაცული. ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი არასდროს შეგხვდება, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად დაცული ხარ და სიკვდილიანობა მინიმუმამდე მცირდება".
ვაქცინაციის პროცესში აუცილებელია საზოგადოების სწორად ინფორმირება. ნინო გაფრინდაშვილის თქმით, სოციალური მედია ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა საჭიროა, ადამიანები მიჰყვნენ უშუალოდ იმუნოლოგებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს.
"შიში შექმნა ამ სოციალურმა მედიამ და არასწორმა ინტერპრეტაციებმა, ყველას მიერ გაცემულმა რეკომენდაციებმა. არსებობს მრავალი მითი კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა დაიმსხვრეს და ამას ემსახურება ბევრი ადამიანი, მათ შორის, ჩვენი პლატფორმა — მედრუმი".
ახალი შტამები და ვაქცინის ეფექტურობა მათ მიმართ
როგორც იმუნოლოგი განმარტავს, ყველა ვირუსი ქმნის საკუთარი თავის ასლს ანუ შტამს, რაც მეცნიერებისთვის ახალი გამოწვევა ხდება. დღესაც, მსოფლიო კორონავირუსის ახალ შტამებსა და მათთან ბრძოლის საშუალებებს იკვლევს.
"როდესაც ვირუსი მრავლდება ან ვრცელდება, ამ დროს ქმნის საკუთარი თავის ასლებს. ეს არის ვირუსის გენომი, ანუ იგივე ორგანიზმისთვის გაცემული გენეტიკური ინსტრუქციების ნაკრები. ზოგჯერ მცირედ იცვლება ეს გენომი, ზოგჯერ ცვლილებები უფრო თვალსაჩინოა. სწორედ ამ ცვლილებებს ვუწოდებთ მუტაციას".
ნინო გაფრინდაშვილის თქმით, ვირუსის ახალი შტამების წარმოქმნა პირდაპირაა დაკავშირებული მისი გავრცელების მასშტაბსა და პერიოდზე. ზოგჯერ შესაძლოა ისეთი შტამები წარმოიქმნას, რომლებთან ბრძოლაც მეცნიერებისთვის რთული გამოწვევა ხდება. სწორედ ამიტომ, იმუნოლოგი მიიჩნევს, რომ საჭიროა, საზოგადოება მათ დახვდეს მომზადებული — ვაქცინირებული.
"ჩვენს რეალობაში არსებული ვაქცინები ნაწილობრივ დაცვას მაინც შექმნის ვირუსის ახალი შტამებისგან. დღევანდელი ვაქცინა რომ არ იყოს უშუალოდ მომავალი შტამებისთვის გათვლილი, თუ მოსახლეობის, საზოგადოების რაღაც პროცენტი ვაქცინირებული იქნება, ეს უკვე შექმნის იმუნოლოგიურ პასუხს საზოგადოებაში და რაც არ უნდა შეიცვალოს და მოხდეს ვირუსის ახალი შტამების მუტაცია, მაინც იქნება ეს საზოგადოების იმუნური პასუხი. თუ დადგინდა, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია რომელიმე ახალი შტამის წინააღმდეგ, შესაძლებელი იქნება უკვე ამ ვაქცინის შემადგენლობის ცვლილება ახალი შტამებისგან დასაცავად".
იმუნოლოგი პარალელს ავლებს გრიპის ვაქცინასთან. ექიმი განმარტავს, რომ გრიპის ვირუსი ბევრად მეტი ვარიანტებისგან შედგება, ვიდრე კორონავირუსი. სწორედ ამიტომ, მეცნიერები ვაქცინას ქმნიან იმის მიხედვით, თუ გრიპის რომელი შტამია იმ წელს ყველაზე მეტად აქტიური. როგორც გაფრინდაშვილი ამბობს, შესაძლოა, ასე მოხდეს კორონავირუსის შტამებთან მიმართებაშიც.
"დღეს საქართველოში არსებული ვაქცინები სრულად მოქმედებენ კონკრეტული შტამების მიმართ. დელტა შტამზე მიდის ჯერ კიდევ კვლევები, ეს კონკრეტული ვაქცინა მოქმედებს თუ არა, თუმცა როგორც ვთქვი, ზოგადად, იმუნური პასუხი იქმნება და მოქმედებს როგორც დელტა შტამზე, ისე სხვებზე".
აქვს თუ არა კოვიდვაქცინას უკუჩვენებები
საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყების დღიდან საზოგადოება მოიცვა შიშმა, რომ ვაქცინა ალერგიული ან ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის საშიშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებაზე უარის თქმის მიზეზებს შორისაც ეს ორი ლიდერობს. არაერთი იმუნოლოგი და მათ შორის ნინო გაფრინდაშვილიც გვეუბნება, რომ ალერგია და არც სხვა ქრონიკული დაავადებები ვაქცინის უკუჩვენება არ არის.
"ვაქცინაციის ნებისმიერ კაბინაში ზის ექიმი, რომელიც წყვეტს, შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ადამიანისთვის ვაქცინაცია. თუმცა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ალერგია, რაც ასეთი გავრცელებულია საზოგადოებაში, არ არის უკუჩვენება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მეორე ვაქცინაცია არ ტარდება, არის პირველ ვაქცინაციაზე განვითარებული ანაფილაქსიური რეაქცია. ეს არის მძიმე ალერგია, რომელიც საჭიროებს ადრენალინით მკურნალობას, ჰოსპიტალიზაციას და ა.შ. ამ შემთხვევაშიც კი, თავად ექიმი წყვეტს, გაიკეთებთ თუ არა მეორე ვაქცინას. ასევე, კითხვები არის ხოლმე დიაბეტის, ონკოლოგიური დაავადებების, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში კეთდება თუ არა აცრა და ცალსახად კეთდება. ეს კითხვას არც კი ექვემდებარება. ამ კონკრეტული დაავადებების შემთხვევაში კეთდება ყველა ვაქცინა".
"დღეს არსებული ვაქცინები დროში არ არის გამოცდილი" — მითი თუ რეალობა
უკუჩვენებებზე ნერვიულობის პარალელურად, საზოგადოებაში უამრავი მოსაზრება გაჩნდა — "ვაქცინა უშვილობას იწვევს", "ძალიან მალე შეიქმნა", "მასონები გვჩიპავენ" და სხვა. ნინო გაფრინდაშვილს ვკითხეთ, მითია თუ რეალობა ის მოსაზრება, რომ დღეს არსებული კოვიდვაქცინები სწრაფად შეიქმნა, დროში არ არის გამოცდილი და ეფექტი არ ექნება.
იმუნოლოგი განმარტავს, რომ კორონავირუსები იქამდე არსებობდნენ სამყაროში, სანამ Covid-19 გაჩნდებოდა და მეცნიერებსაც ნაფიქრი ჰქონდათ ამ ვირუსთან ბრძოლის საშუალებებზე.
"ეს ვაქცინა ნამდვილად შეიქმნა პანდემიის საწინააღმდეგოდ და ნამდვილად დასჭირდა მის შექმნას საკმაოდ მოკლე დრო. გვესმის, რომ ეს შიშსა და გაუგებრობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ პირველ რიგში აქ მნიშვნელოვანია უკვე არსებულის ცოდნა, ანუ ვაქცინა უკვე დამუშავებულ, გამოცდილ ტექნოლოგიებს ემყარება. აქამდე კორონავირუსები არსებობდა სამყაროში, Covid-19-ის ფორმით არ იყო უბრალოდ, თორემ მეცნიერებას აქამდე ნაფიქრი აქვს უკვე, კორონავირუსების საწინააღმდეგოდ რა შეიძლება ვიმოქმედოთ. ამიტომ, ეს ტექნოლოგიები უკვე შემუშავებულია, უკვე შექმნილია ბევრი სხვა დასახელების ვაქცინა ამ ტექნოლოგიებით. ამასთან, ვართ 21-ე საუკუნეში, ყველაფერი ხდება საკმაოდ მოკლე დროში, მითუმეტეს, როდესაც გადაღეჭილ ტექნოლოგიებზეა საუბარი, ამ ტექნოლოგიების შედეგად პროდუქტის შექმნას აღარ სჭირდება უსაზღვრო და უსასრულო 10 და 15 წელი".
მეორე ფაქტორი, რაც ამ მოსაზრების არარელევანტურობას ადასტურებს, არის მსოფლიოს ერთობლივი ძალისხმევა — შექმნილიყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
"მთელი მსოფლიოს მიერ კოლოსალური თანხებია ვაქცინის შექმნაზე დახარჯული და ეს კოლოსალური თანხები აძლევს მეცნიერებას იმის საშუალებას, რომ ბევრი მკვლევარი იყოს ჩართული, ბევრი კვლევა ჩატარდეს. ჩადებულია საკმაოდ დიდი რესურსები, ამიტომ, არ არის საჭირო უზარმაზარი დრო ვაქცინის გამოსაცდელად".
იმუნოლოგის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაც ვაქცინის სწრაფად შექმნას ხსნის, არის ის, რომ თანამედროვე სამყაროში ლაბორატორიული და ექსპერიმენტული მუშაობა გამარტივებულია. ის ხაზს უსვამს, რომ კოვიდვაქცინის გამოცდა მოხდა ლაბორატორიაში და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.
"რაღაც პერიოდის წინ 10 წელი გრძელდებოდა ჯერ ვაქცინის გამოცდა და შემდეგ ხდებოდა ხალხის ვაქცინირება. ეს ასე აღარ ხდება, აღარ არის საჭირო 10 წელი ლოდინი. ამ ჩართულობამ განაპირობა ის, რომ პარალელურად მიმდინარეობდეს ექსპერიმენტი. თუმცა, ექსპერიმენტი 21-ე საუკუნეში არავითარ შემთხვევაში არ ხდება ადამიანზე, თუ არ არის მისი ინფორმირებული თანხმობა. ექსპერიმენტი ხდება ექსპერიმენტულ გარემოში, ლაბორატორიაში და არა ადამიანებზე. ვაქცინა არის უკვე გამოცდილი, უკვე ბოლომდე შესწავლილი, ასე რომ საფრთხე ვაქცინა არ არის, საფრთხე არის პანდემია".
დღეისთვის საქართველოში სამი სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აცრა შეუძლია ყველა მსურველს, 12 წლის ზემოთ. ამასთან, უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge. აცრა დაშვებულია რეგისტრაციის გარეშეც, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებშიც.
კომენტარები