ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე წყლის გაჩენას მზის ქარმა შეუწყო ხელი
ასტრონომები დედამიწაზე არსებული წყლის წყაროს დადგენას უკვე დიდი ხანია ცდილობენ. საუკუნეების განმავლობაში მათ მრავალი ჰიპოთეზა შემოგვთავაზეს, რომლის გარშემოც კამათი არ წყდებოდა. ამის მიუხედავად, სპეციალისტთა ახალი მოსაზრება განსხვავებულია, რადგან ის ჩვენს პლანეტაზე ოკეანეების, ზღვების, ტბებისა და მდინარეების წარმოქმნას არც მეტი, არც ნაკლები, მზის ქარს უკავშირებს.
მატერია, რომლისგანაც დედამიწაა ფორმირებული, დიდი რაოდენობით წყალბადსა და ჟანგბადს შეიცავდა, მაგრამ ციურმა სხეულმა ამ ქიმიური ელემენტების უმრავლესობა განვითარების ადრეულ ეტაპზე დაკარგა. შესაბამისად, წყალი აქ შედარებით გვიან უნდა მოხვედრილიყო. გავრცელებული ვარაუდის თანახმად, ის ხმელეთზე C ტიპის ასტეროიდებმა ჩამოიტანეს, თუმცა მსგავსი ობიექტების იზოტოპური მახასიათებლების ანალიზმა სხვაგვარი შედეგი აჩვენა.
საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ ასტეროიდებში H2O-ის ყოველი მოლეკულა წყალბადის იზოტოპით, დეიტერიუმით მდიდარია, რაც ოკეანეების მაჩვენებლებს არ შეესაბამება. სამაგიეროდ, მათთან თანხვედრაშია მზის ქარი, ანუ ვარსკვლავისგან გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც მას შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავენ. ამგვარ მონაცემებს ვხვდებით ასტეროიდ Itokawa-ს შემთხვევაშიც, რომლის ზედაპირიდანაც ნიმუშები კოსმოსური მისიის Hayabusa დროს მოვიპოვეთ.
მსგავს ობიექტებში წყალბადისა და ჟანგბადის ურთიერთქმედების შედეგად წყლის შემცველი თხელი ფენა წარმოიქმნა, მცირე ზომის მტვრის ნაწილაკებში კი უფრო მეტი H2O დაგროვდა, რომელიც ჩვენს პლანეტაზე მათთან ერთად მოხვდა.
გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა თქმით, ეს პროცესი დედამიწაზე არსებული წყლის მარაგის 56-72 პროცენტის გაჩენაზეა პასუხისმგებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გარეშე აქაურობა ბევრად მშრალი ადგილი იქნებოდა.
უკანასკნელი მიგნების მიხედვით, არაა გამორიცხული, რომ Itokawa-ს მაგალითზე გამოვლენილი ფენომენი მზის სისტემაში მოძრავ სხვა ისეთ ციურ სხეულებზეც ვრცელდებოდეს, როგორიც მთვარეა. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ასტრონავტები მისი ზედაპირიდან წყლის გამოცალკევებას მოახერხებენ.
კომენტარები