NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე კიდევ ერთი გეოლოგიური ნიმუში მოიპოვა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელ პლანეტაზე გაგზავნილმა მარსმავალმა Perseverance იქ კიდევ ერთი გეოლოგიური ნიმუში მოიპოვა, რაც მისიის განმავლობაში მესამე მსგავსი პრეცედენტია.
აპარატმა ჯეზეროს კრატერში არსებული ერთ-ერთი ქვა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გაბურღა და ტიტანის სპეციალური მილი იქიდან ამოღებული მატერიით გაავსო. ეს გახლავთ მომწვანო შეფერილობის მაგნიუმ-რკინის სილიკატი, სახელად ოლივინი, რომელიც დედამიწის ზედა მანტიაში ჭარბად გვხვდება.
ჯერჯერობით უცნობია, რამ განაპირობა ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ამ მინერალის წარმოქმნა. მეცნიერები აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას, სავარაუდოდ, მალე გაასაჯაროებენ. როგორც NASA-ს ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, ისინი გარკვეულ ჰიპოთეზებს უკვე განიხილავენ:
Perseverance ჯეზეროს კრატერში თებერვალში დაეშვა. მკვლევართა თქმით, იქ ადრე უზარმაზარი ტბა იყო, ამიტომ ეს ადგილი სიცოცხლის რაიმე კვალის მოსაძებნად შესაფერისია. სწორედ ამას ცდილობს NASA-ს მარსმავალი, რისთვისაც გეოლოგიურ მასალას აგროვებს. ეს უკანასკნელი დედამიწაზე შესაძლოა, 2031 წელს ჩამოიტანონ.
პირველი 2 მსგავსი ნიმუში მან სექტემბერში მოიპოვა, რის შემდეგაც აპარატმა ასობით მეტრი გაიარა. ახლა ის Séítah-ად წოდებულ (ეს სიტყვა ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელების, ნავაჰოს ხალხის ენაზე "ქვიშით გარშემორტყმულს" ნიშნავს) უსწორმასწორო არეალში იმყოფება, რომელიც მრავალშრიანი კლდოვანი წარმონაქმნებითაა მდიდარი.
ყოველი ფენა მათი ფორმირების ეტაპზე არსებულ გარემოზე გვაწვდის ინფორმაციას. მაგალითად, ხელჩასაჭიდია ქანების სისქისა და ტექსტურის ცვლილება. შრეების დახრილობამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ჯეზეროს კრატერის ამ რეგიონში ბევრად ძველი ქვებია თავმოყრილი, ვიდრე სხვაგან. ეს მათ შესწავლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
კომენტარები