ანიმა 2021 — საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ქართული ანიმაციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს
1936 წელს შექმნილი პირველი ქართული ნახატი ფილმის — არგონავტების — შემდეგ ქართულმა ანიმაციამ გრძელი გზა გაიარა. დაუვიწყარი ქართული ანიმაციები ჩვენი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა თანამედროვე ქართული ანიმაციის მიღწევების შესახებ ცოტას თუ სმენია.
პირველი ანიმაციის საერთაშორისო კონფერენცია — ანიმა თბილისი 2021 სწორედ თანამედროვე ანიმაციის საკვანძო საკითხებს, გამოწვევებს, მიღწევებსა და განვითარების გეგმებს ეძღვნება.
13 ნოემბერს 2-დღიანი კონფერენციის პირველი დღე წარმატებით დაიწყო. ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროდიუსერები, დირექტორები, სპონსორები, ანიმატორები თუ ტელერედაქტორები გააერთიანა და პოტენციური პარტნიორების მოძიების, სათანადო კავშირების დამყარებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა შექმნა.
საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია
კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს ანიმატორთა ასოციაციაა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა, რათა პატარ-პატარა ქართული სტუდიები საერთო იდეის გარშემო გაეერთიანებინა, შეექმნა ქართული ანიმაციის ერთგვარი ბაზა და ნიჭიერი ანიმატორებისთვის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობა მიეცა. ასოციაციის დირექტორი ნიკა მეზვრიშვილია, ბორდის წევრები კი რეჟისორი რატი ნანეიშვილი, წამყვანი ანიმატორი ელენე მურჯიკნელი და წამოწყების იდეის ავტორი და ასოციაციის დამფუძნებელი, მარიამ კანდელაკი არიან.
მარიამ კანდელაკმა On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ასოციაციის მიზანი ქართველი ანიმატორების საერთაშორისო ფესტივალებზე ღირსეული მონაწილეობა და ნიჭიერი არტისტების პოპულარიზაციაა.
"ასოციაცია ცდილობს, მოიძიოს, დაამონტაჟოს და ბაზრისთვის მოამზადოს, საბოლოო ფორმა მისცეს ნამუშევრებს. ქართველი ავტორების ანიმაციების მიხედვით ბროშურებს ვამზადებთ, ფესტივალებზე წარდგენილი ქართული ფილმების მიღწევებს ვაშუქებთ, სხვადასხვა პლატფორმებზე დელეგაციებს ვაგზავნით. ხიდების შენებას ვცდილობთ და ამ მიზნით მუდმივი დიალოგი გვაქვს ისეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, როგორიც ეროვნული კინოცენტრია, ვთანამშრომლობთ ტელევიზიებთან, რათა ანიმაციური ფილმების დაფინანსება გაიზარდოს. ეს კონფერენცია ქართული ანიმაციის საერთაშორისო რუკაზე გაჩენას ისახავს მიზნად, რადგან მხატვრულ თუ დოკუმენტურ კინოს უფრო მეტად ექცევა ყურადღება, მაგრამ ანიმაცია, სამწუხაროდ, ცოტა მიტოვებულია", — აღნიშნა მარიამ კანდელაკმა.
კონფერენციის პირველი დღე — ქართული ანიმაციის მომავალი
კონფერენცია პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელთა გამოსვლებით დაიწყო, რომელთაც თანამედროვე ქართული ანიმაციის მიღწევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრეს.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა აღნიშნა, რომ ახლა საუკეთესო დროა ანიმაციური ფილმებისთვის და საქართველოს აქვს ნიჭი და მონდომება, რომლის ფართო აუდიტორიამდე მისაღწევად ძალისხმევას არ დაიშურებენ.
"ანიმაციისთვის გამორჩეული დროა. აუდიტორიას ჯერ კიდევ აღმოსაჩენი აქვს იმ ქართველი შემოქმედების შრომა, რომლებიც ანიმაციურ ფილმებს მრავალი გამოწვევის მიუხედავად ქმნიან. გვინდა, საქართველო მსოფლიო ანიმაციის რუკაზე გაჩნდეს და ეს შესაძლებელია. ანიმაცია მხოლოდ ამერიკული და ევროპული ფენომენი არაა. ამ ქვეყანას მრავალი მონდომებული პროფესიონალი ჰყავს და ეს შესაძლებლობას ქმნის საქმის უფრო დიდ მასშტაბში და უკეთ კეთებისთვის. ანიმაცია მეინსტრიმის ნაწილი გახდა და ეს განაპირობებს გასულ წელს განვითარების არნახულ მაჩვენებელს, რაც ბევრი სხვა ინდუსტრიის მაჩვენებელს აღემატება. საქართველო ამ გამორჩეულ მომენტს არ უნდა ჩამორჩეს. USAID სწორედ ამიტომ მონაწილეობს ამ პროცესში, რათა შევქმნათ კონკურენტული გარემო, რაც საქმის კიდევ უფრო უკეთ კეთების და ინვესტიციების მოძიების შესაძლებლობას გააჩენს. გვინდა, სწრაფად მზარდი ანიმაციის ინდუსტრია უფრო სწრაფი ტემპით წავწიოთ წინ. გვსურს, საქართველო იქცეს პატარა ქვეყნის მაგალითად, რომელსაც აქვს ნიჭი და მონდომება, რომელიც საერთაშორისო ბაზარს წარმატებით აუწყობს ფეხს", — განაცხადა მარკ მაკკორდმა.
კონფერენციას წინ უძღოდა საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის ორგანიზებული ხუთდღიანი სამუშაო შეხვედრები, რომლებშიც ხუთი ქართული და ერთი აზერბაიჯანული პროექტი იყო ჩართული. შეხვედრები იდეების გენერირებას, პროექტების დახვეწასა და ანიმატორებისთვის საერთაშორისო ფესტივალებისკენ მიმავალი გზის გახსნას ისახავდა მიზნად. კონფერენციაზე გამოვლინდნენ სამუშაო შეხვედრების გამარჯვებული ანიმატორები, რომლებიც საკუთარი იდეების რეალობად ქცევას შეძლებენ.
ანესის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, რაც 2022 წლის ფესტივალის უფასო აკრედიტაციას გულისხმობს, ანა მარკოზაშვილს გადაეცა პროექტისთვის — Reflection (ანარეკლი). პროექტის მონაწილეებმა აზერბაიჯანიდან, ფირანგიზ ბაგიროვამ და ლეილი სალაევამ კი 1-თვიანი რეზიდენტურის პროგრამის გრანტი მიიღეს Fontevraud-სგან. ისინი საფრანგეთში გაემგზავრებიან და საკუთარ პროექტზე — The Last Feather (უკანასკნელი ბუმბული) — მუშაობას გააგრძელებენ.
Where is Liza Going? (სად მიდის ლიზა?)
საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია 3 თვის განმავლობაში ცნობილი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯანელიძის ახალ პროექტზე — Where is Liza Going? — მუშაობდა. ფილმი აფხაზეთ-საქართველოს ომზე იქნება და 22-წუთიანი მონაკვეთი ქართველი ანიმატორების მიერ შექმნილ ანიმაციას დაეთმობა. პროექტის შექმნის მიზნით საქართველოს ანიმატორთა ასოციაციამ ნიჭიერი ქართველი ანიმატორები შეკრიბა და 3-თვიანი სწავლების, იდეების დახვეწის, პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემის შედეგად ფილმის ანიმაციური ნაწილი შეიქმნა. კონფერენციაზე ქართველი ანიმატორების შრომა კიდევ ერთხელ აღინიშნა და თებროლე გიგაშვილს, მარიამ ქორთუას, ნაზიბროლა ქორთუას, ნიკა მჭედლიძეს, მარიამ თოფურიძეს, ანა ხოფერიას, ნინა გვასალიას და მარიამ სულაქველიძეს სერტიფიკატები გადაეცათ.
თებროლე გიგაშვილის თქმით, პროექტზე მუშაობის პროცესი დიდი გამოცდილება იყო, რაც სამომავლო პროექტებზე მუშაობისასაც დაეხმარება.
"მსგავს პროექტში პირველად ვმონაწილეობდი და ეს დიდი გამოცდილება იყო. USAID-ის წარმომადგენელი და მარიამ კანდელაკი არსებული ცოდნის განვითარებაში დაგვეხმარნენ და პროექტის წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ვთვლი, რომ მიღებული ცოდნა სამომავლო გეგმების მიღწევაშიც დამეხმარება. რეჟისორ ნანა ჯანელიძის გადაწყვეტილება, რომ ფილმის ნაწილი ანიმაციით მოეყოლა, მისასალმებელია და ვფიქრობ, ეს ქართველ ანიმატორებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს", — აღნიშნა თებროლემ.
პანელური დისკუსიები ქართული ანიმაციის ეკონომიკური და შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ
კონფერენციის პირველი დღე პანელურ დისკუსიებსაც ითვალისწინებდა, რომლებიც ისეთ თემებს ფარავდნენ, როგორიც საქართველოს პოტენციალი, ქართველი ხელოვანების აღმოჩენის აუცილებლობა და ანიმაციის ეკონომიკური პოტენციალია.
პირველი პანელური დისკუსია — საქართველო — აუთვისებელი ადგილი თქვენი ანიმაციისთვის საქართველოს კრეატიულ პოტენციალს, ქართველი ხელოვანებისთვის საზღვრების გახსნის აუცილებლობას და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის მნიშვნელობას მოიცავდა. მეორე პანელური დისკუსია — ანიმაცია როგორც ბიზნესი / ანიმაცია როგორც ხელოვნება კი ისეთი თემების განხილვას დაეთმო, როგორიც ანიმაციის ეკონომიკური პოტენციალი, ინვესტორების მოზიდვის გზები, იმ პერსპექტივების უკეთ გააზრება, რაც ანიმაციას აქვს და ანიმაციის, როგორც გამორჩეული შემოქმედებითი მედიუმის განხილვა იყო.
ქართველი ახალგაზრდების გამორჩეულ ხელწერას კონფერენციის დასასრულს გამართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების ჩვენებაც მოწმობს, რაც საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დაარსების დღიდან მიმდინარე თავდაუზოგავი მუშაობის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის და სწრაფადგანვითარებადი ქართული ანიმაციის იმედისმომცემ მომავალზე მიანიშნებს.
ანიმატორთა ასოციაციის მთავარი სპონსორია USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამა, სპონსორები: თბილისის მერია, ეროვნული კინოცენტრი და გოეთეს ინსტიტუტი, პარტნიორები: ანესის ფესტივალი, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო, ანიმაფილმ აზერბაიჯანის ბაქოს საერთაშორისო ფესტივალი, ასევე, ნოვა საიენს ფაბლიშერი, რომელიც გამომსვლელთა მიერ გაზიარებულ ცოდნას სახელმძღვანელოდ გამოსცემს და უნივერსიტეტებში არიგებს. კონფერენციის მედიაპარტნიორები კი On.ge და პირველი არხი არიან.
კომენტარები