მე-16 მსოფლიოში — ვის აღარიბებს ინფლაცია ყველაზე მეტად
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში 13,05%-იანი ინფლაცია იქნება, რის შედეგადაც მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგში მე-16 ადგილს დავიკავებთ.
აღნიშნული რეიტინგის ათეულს ჩვენი მეზობელი და მთავარი სავაჭრო პარტნიონი ქვეყანა, თურქეთი ხურავს. თურქეთში არსებული მაღალი ინფლაცია საქართველოს ეკონომიკაზე დამატებით უარყოფით გავლენას მოახდენს.
ინფლაცია ფასების საერთო დონის ზრდას გულისხმობს და მის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ეროვნული ბანკია. სწორედ ეროვნული ბანკის ხელშია ძირითადი ბერკეტები, რომლებიც ინფლაციის დარეგულირებისთვის გამოიყენება, თუმცა, ფასების დონის ცვლილება ქვეყანაში არსებულ არაერთ ეკონომიკურ ფაქტორს უკავშირდება, სადაც მთავრობის პასუხისმგებლობა იკვეთება.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი, ანუ დასაშვები დონე 3%-ია. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში არსებული ინფლაცია კი 3%-ს მნიშვნელოვნად აღემატება.
ინფლაცია დღეს
ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12,8% იყო. აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც ინფლაცია 14,3%-ს გაუტოლდა. შესაბამისად, შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებელზეა.
წლიური ინფლაცია 2021 წელს
ოქტომბერში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 18,4%-ით გაძვირდა. იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში ყველაზე მეტი, 5,73%-იანი წვლილი შეიტანა. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია ყველა სასაქონლო ჯგუფში, გარდა კავშირგაბმულობისა.
სურსათის ჯგუფში ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული — 43%;
- ზეთი და ცხიმი — 31,6%;
- პური და პურპროდუქტები — 19,4%;
- რძე, ყველი და კვერცხი — 18,2%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული — 18%;
- თევზეული — 16%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები — 13%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები — 11,2%;
- ხილი და ყურძენი — 9,3%;
- ყავა, ჩაი და კაკაო — 6,4%.
თუ საერთო სურათს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირებული 15 პროდუქტიდან 12 სწორედ სურსათს მიეკუთვნებოდა.
ვის ეხება ინფლაცია
ინფლაცია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას მნიშვნელოვანად განსაზღვრავს. ის ეხება ყველას, თუმცა განსაკუთრებულ გავლენას დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების ცხოვრებაზე ახდენს — მათზე, ვინც საკუთარი შემოსავლის ძირითად ნაწილს პირველადი საჭიროების საგნებისა და სურსათის შესაძენად ხარჯავს. საქართველოში ასეთი მოქალაქეების რაოდენობა კი ყოველთვიურად მზარდია.
2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 21,3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. გარდა ამისა, თუ სოციალური მომსახურების მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია.
უფრო კონკრეტულად, ოქტომბერში სოციალური შემწეობა 633 586 ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის 17%-ია. შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წლიურ ჭრილში 123 243 ადამიანით არის გაზრდილი. სახელმწიფოსგან გაცემული სოციალური დახმარებით ქვეყანაში 171 724 ოჯახი ცხოვრობს.
გარდა სურსათისა, ფასების ზრდა თვალსაჩინოა საწვავზეც. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავი საშუალო ღირებულება 3,3 ლარს გადასცდა. საქართველოში საწვავზე ფასების ცვლილების უმთავრესი ფაქტორები საერთაშორისო ფასები, აქციზის გადასახადი და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსია.
აღნიშნულ ფაქტორებს შორის საწვავის ღირებულების მიმდინარე ზრდას ყველაზე მეტად საერთაშორისო ფასების ცვლილება იწვევს. ბოლო ორ თვეში ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 11,42 დოლარით არის გაზრდილი და 82,87 დოლარს შეადგენს. სპეციალისტები ნავთობის ფასის დამატებით გაზრდას ელოდებიან, რასაც უდიდესი ალბათობით ბენზინის კიდევ უფრო გაძვირება მოჰყვება. აქ დიდი მნიშვნველობა ექნება იმასაც, რამდენად მერყევი იქნება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. უნდა აღინიშნოს, რომ საწვავზე ფასების ზრდას გადამცემი ეფექტი აქვს, რადგან ის შუალედურ პროდუქტადაც გამოიყენება, რის გამოც სხვა პროდუქტების გაძვირებაშიც მონაწილეობს.
სახელმწიფოს ბერკეტი, გავლენა მოახდინოს საწვავის ფასების ზრდაზე, აქციზის გადასახადის შემცირებაში მდგომარეობს. საწვავის ფასების დასტაბილურებისთვის კიდევ ერთი თეორიული გამოსავალი ე.წ. მცურავი აქციზის გადასახადის შემოღებაა, რაც ნავთობპროდუქტებზე ფასების დაწევა/აწევის შესაბამისად აქციზის გადასახადის ავტომატურ კორექტირებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, 2017 წლის დასაწყისში ერთი ტონა ბენზინის აქციზური გადასახადი გაორმაგდა და 500 ლარი გახდა.
რას ამბობენ ეროვნულ ბანკში
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც სექტემბრის თვეს ეხება, ინფლაციის გამომწვევ მიზეზებად სურსათსა და საწვავზე ფასების ზრდა არის დასახელებული. სებ-ში ინფლაციის დონის დარეგულირებას 2022 წლის გაზაფხულიდან ელოდებიან.
რატომ გაზაფხულიდან: 2022 წლიდან ინფლაციის დონის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ე.წ. საბაზისო ეფექტით ითამაშებს. მიმდინარე წელს არსებული მაღალი ინფლაციის ფონზე მომავალ წელს ფასების ზრდის შედარებით დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდება. ამის ნათელი მაგალითი 2022 წლის პირველი კვარტალი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში კომუნალური სუბსიდიის ფონზე დაბალი ინფლაცია — შესაბამისად, 2,8% და 3,6% — იყო, მომავალი წლის იმავე თვეებში, დიდი ალბათობით, მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება, მარტიდან კი ფასები შემცირებას დაიწყებს. იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის თვეებში სუბსიდირება კვლავ ამოქმედდება, ეს ინფლაციის დონეს შეამცირებს.
სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციაში ეგზოგენური ანუ გარეგანი ფაქტორების წილი დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტია. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად, უცხოეთში წარმოებული პროდუქციისა და მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მართლაც დიდ გავლენას ახდენს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ამას აქვს წინაპირობები". ის ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს შორის, საგარეო ფაქტორებთან ერთად, ტურიზმის შემცირებასა და მაღალ ფისკალურ დეფიციტს ასახელებს.
ეროვნული ბანკი ინფლაციის დონის დარეგულირებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ცდილობს.
რას აკეთებენ ეროვნულ ბანკში
27 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა. როგორც ცნობილია, აღნიშნული განაკვეთი ამაზე მაღალი ბოლოს 2008 წელს იყო.
რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ. შესაბამისად, ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა, ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.
მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც 140 100 ადამიანს სესხის პროცენტი გაუძვირდა. ესენი სწორედ ის მსესხებლები არიან, რომელთა კრედიტებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ოქტომბრის მსგავსად, სებ-მა განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო სექტემბერშიც.
რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10%-ზე დატოვება ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციით არის გამოწვეული.
სებ-ში აღნიშნავენ, რომ ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, რამაც, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება განაპირობოს. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია რეფინანსირების განაკვეთი კიდევ გაიზარდოს.
რატომ ვერ გრძნობენ ადამიანები "ეკონომიკის დუღილს"
რამდენიმე თვის წინ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა დუღს. სავარაუდოდ, ის ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს გულისხმობდა.
გასული წელს შემცირებული ეკონომიკის ფონზე მიმდინარე წლის ზრდის მაჩვენებლები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა დგას რეკორდულად მაღალი ზრდის მონაცემების უკან. მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა მართლაც აღდგენის რეჟიმშია, თუმცა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს დიდწილად ე.წ. საბაზისო ეფექტი განსაზღვრავს. რომ არა პანდემიით გამოწვეული 2020 წლის ვარდნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემები რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა.
ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ნახსენები ტურიზმი, მიმდინარე წლის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, მხოლოდ 20%-ით არის აღდგენილი. ტურიზმის აღდგენის პროცესი პირდაპირ უკავშირდება პანდემიის მართვას, რაც მხოლოდ ეფექტიანი ვაქცინაციის პროცესით არის შესაძლებელი.
4 ნოემბერს საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაჟღერდა, რომ NCDC ვაქცინაციისთვის აგრესიულ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს. მიმდინარე წლის დასაწყისში ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში გაიწერა, რომ 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%, ანუ 1 434 567 ადამიანი უნდა აცრილიყო. 12 ნოემბრის მდგომარეობით კი, სრულად ვაქცინირებულია 961 973 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 33,7%.
მწვავე პანდემიური კრიზისისა და ინფლაციის ბოლო 10-წლიანი ანტირეკორდის ფონზე, მთავრობის წევრების მხრიდან ეკონომიკის დუღილზე გაკეთებული განცხადებები ადამიანებისთვის სულ უფრო მეტად არადამაჯერებელია.
როდესაც ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ძირითადი ნაწილი საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონეა და ამასთან, მოსახლეობის 1/5-ზე მეტი აბსოლუტური სიღარიბის ქვეშ ცხოვრობს, მათთვის ეკონომიკის დუღილის ტემპერატურა საკუთარივე ცხოვრების ხარისხით განისაზღვრება. თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდება, რაც დიდი ალბათობით მოხდება, 2021 წლის ბოლოს საქართველო ინფლაციის დონით რეგიონში მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-16 ადგილზე იქნება.
კომენტარები