პერუს ანტიკურ რეგიონში ბავშვების მსხვერპლშეწირვის კვალი აღმოაჩინეს
ანდების მთისწინეთი უარის ცივილიზაციის სისხლიან საიდუმლოებაზე ალაპარაკდა: მეცნიერებმა მსხვერპლად შეწირულ ბავშვთა ანტიკური ჩონჩხები აღმოაჩინეს.
არქეოლოგებმა 29 ადამიანის სხეული ამოთხარეს, რომელიც უაკა-სანტა-როსა-დე პუკალაში დაახლოებით ათასი წლის წინ დამარხეს. ადგილი ჩრდილო-დასავლეთ პერუში, ლამბაიეკეს რეგიონში მდებარეობს და დიდი არქეოლოგიური მნიშვნელობის მატარებელია.
ოთხი ჩონჩხი — ორი ბავშვის, ერთი თინეიჯერისა და ერთი ზრდასრულის — უარის კულტურით თარიღდება (ჩვენი წელთაღრიცხვის 500-1000 წლები).
ედგარ ბრაკამონტე ლევანოს, გათხრების ხელმძღვანელისა და არქეოლოგის თქმით, ახალი აღმოჩენა რეგიონისათვის პირველ ნიმუშებს წარმოადგენს, რომლებიც უარის ცივილიზაციაში ადამიანთა მსხვერპლშეწირვას ასახავს.
ადამიანის ნარჩენებთან ერთად, გათხრისას 8 ზღვის გოჭის, ასევე რამდენიმე ალკაპისა და ლამის ჩონჩხიც აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, აქედან ყველამ მსხვერპლშეწირვით დაასრულა სიცოცხლე. ნივთებს რაც შეეხება, მეცნიერებმა ბოთლები, თასები და ნახევარმთვარისებრი პირის მქონე დანაც იპოვეს.
ბრაკამონტე ლევანომ საფლავები უარის კულტურას მიაკუთვნა, რადგან ისინი სამი ცალკეული, ლათინური D-ის ფორმის ღობით იყო შემოზღუდული, რაც ამ კულტურის რელიგიური ადგილებისთვის გახლავთ დამახასიათებელი.
"ადამიანთა მსხვერპლშეწირვა შესაძლოა, სავარაუდო რიტუალის ნაწილი ყოფილიყო, რომელიც რელიგიურ სივრცეთა შენების დაწყების პერიოდში აღსრულდა", — თქვა მან.
მსხვერპლად შეწირული ოთხი ადამიანის გარდა, არქეოლოგთა გუნდმა მეხუთე ინდივიდიც აღმოაჩინა, რომელიც მეორედ დაუმარხავთ.
"თავდაპირველად იგი სადღაც სხვაგან იყო დამარხული, შემდეგ კი D-ის ფორმის შემოღობილ ადგილას თავიდან ჩამარხეს", — განაცხადა ბაკამონტო ლევანომ.
უარის ცივილიზაცია დღევანდელი პერუს მთებს შორის ყვაოდა ჩვენი წელთაღრიცხვის 500-1000 წლებში. მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედიას რომ დავეყრდნოთ, უარის ხალხი წვრილად ნაქსოვი ტექსტილებით, სამეთუნეო ნაწარმით, გზებითა და დატერასებული სამეურნეო ფერდობებით გამოირჩეოდა.
მათი საზოგადოების სტრუქტურა საბოლოოდ დადგენილი მაინც არ არის, თუმცა არქეოლოგთა მასალის მიხედვით, რელიგია პოლიტიკისაგან გამიჯნული არ იყო, ქალები კი მმართველობის უმაღლეს საფეხურებზეც გვხვდებოდნენ.
ტერიტორიაზე 25 სხვა ჩონჩხიც იპოვეს, რომელიც მოჩეს კულტურას ეკუთვნოდა და არც მსხვერპლად შეუწირავთ. ეს ცივილიზაცია ახლანდელი ლამბაიეკეს რეგიონში ცხოვრობდა ახალი წელთაღრიცხვით 100-700 წლებში, მოგვიანებით კი უარის კულტურამ ჩაანაცვლა.
უარის კულტურის ხელოვნებისაგან განსხვავებით, რომელიც აბსტრაქტული ფორმებითა და ორნამენტებით ხასიათდება, მოჩეს ხელოვნება მეტადაა ალეგორიას მოკლებული და ნატურალისტური სტილით გამოირჩევა. ბრაკამონტე ლევანოს თქმით, ამ ორი კულტურის არტეფაქტებს სწორედ ამის საშუალებით განვასხვავებთ მარტივად.
უკანასკნელ წლებში მოჩეს სხვა ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენებში ლედი კაოს მუმიაც გვხვდება — ტატუირებული არისტოკრატი, რომლის რეკონსტრუქციაც 2017 წლის National Geographic-ის დოკუმენტური მასალის თემა გახდა.
კომენტარები