აშშ-ის საელჩო მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. მათი განცხადებით, საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

"ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის შეფასებებს თვითმართველობის არჩევნების მეორტე ტურთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. მათი განცხადებით, განსაკუთრებით აშფოთებთ სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში.

საელჩოში ამბობენ, რომ იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს.

საელჩო მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. მათი განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობითმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე.

მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა შეშფოთების საგანს წარმოადგენდა უბნების გარეთ მობილიზებული პირები და დამკვირვებლები, რომლებიც პარტიული მხარდამჭერების როლში მოქმედებდნენ.

ამავე თემაზე: