5 მხატვარი, რომლის შემოქმედებაში მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები აისახა
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ვან გოგის ნახატი ვარსკვლავებიანი ღამე არ იცის. წყვდიადში მონავარდე ქარი, ცაზე მანათობელი ნამგალა მთვარე და აკიაფებული ვარსკვლავები ნებისმიერ მნახველს მონუსხავენ და თუ კარგად დაუკვირდებით, მხატვრის შინაგანი სამყაროს კარსაც შეგიღებენ. ვან გოგმა ვარსკვლავებიანი ღამე ფსიქიატრიულ კლინიკაში დახატა, სადაც ერთი წელი იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც მანიაკალური ეპიზოდისას ყური მოიჭრა. მხატვარს ბიპოლარული აშლილობა და დეპრესია მთელი ცხოვრება თან სდევდა.
ვან გოგის ბიოგრაფიიდან გარკვეული დეტალები ყველამ ვიცით, თუმცა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა მრავალი სხვა ხელოვანის შემოქმედებაც განსაზღვრა. ამ სტატიაში კიდევ 5 მხატვარზე წაიკითხავთ, რომელთა შემოქმედებაც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების გამოძახილია.
1. ედვარდ მუნკი
ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის ყველაზე ცნობილი ნახატი — კივილი თანამედროვე ადამიანის პორტრეტად იქცა. შფოთვით შეძრული ინდივიდის ამოძახილი ყველაზე უკეთ გვიჩვენებს მხატვრის შინაგან სამყაროს და იმ გამოწვევებს, რომელთაც მუნკი მთელი ცხოვრების განმავლობაში უმკლავდებოდა. კივილი პანიკური შეტევისას განცდილი შეგრძნებებისგან დაიბადა, რომელიც მხატვარს გამუდმებით თავს ახსენებდა. მის პირად დღიურში გაკეთებული ჩანაწერი ნახატის შინაარსს საუკეთესოდ ხსნის.
"ორ მეგობართან ერთად გზას მივუყვებოდი. მზე ჩადიოდა — ცა სისხლისფრად შეიღება. მწუხარების ტალღა ვიგრძენი — დაქანცული შევჩერდი. მოლურჯო-მოშავო ფიორდის და ქალაქის თავზე სისხლი და ცეცხლის ენები დალივლივებდნენ. მეგობრებმა გზა განაგრძეს — მე ჩამოვრჩი. ვიდექი შფოთვით აცახცახებული — ბუნება უსასრულო კივილმა გაკვეთა", — ვკითხულობთ მუნკის ჩანაწერებში.
არამხოლოდ კივილი, მუნკის მთელი შემოქმედება შიშის, შფოთვის, მარტოობის შეგრძნებაა, რაც მხატვრის ბავშვობის გავლენებს უკავშირდება. 5 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, მოგვიანებით და, მამამისი კი, როგორც თვითონ წერდა, სიგიჟის ზღვარზე იმყოფებოდა.
"მამაჩემი ნერვული და ობსესიურად რელიგიური ადამიანი იყო. [მისი ქცევები] ფსიქონევროზულ მდგომარეობას ჰგავდა. მისგან მემკვიდრეობით სიგიჟის ნიშნები მერგო. შიშის, მწუხარების და სიკვდილის ანგელოზები დაბადებიდან თან მახლდნენ", — წერდა მუნკი.
მისი შემოქმედება იმპრესიონისტების გავლენას ირეკლავდა, თუმცა მოგვიანებით "სულის ნახატები" იქცა მუნკის მიმართულებად. სწორედ ამ ნახატებშია გამოსახული მხატვრის ალკოჰოლდამოკიდებულება, რამაც რამდენიმეჯერ პანიკურ შეტევამდე მიიყვანა. იგი მთელი ცხოვრება უბრუნდებოდა ბავშვობის დანაკარგებს და ცდილობდა გამკლავებოდა სიგიჟის შიშს, უმძიმდა მარტოობა, თუმცა არც ვინმესთან ურთიერთობა შეეძლო და ხატვით ცდილობდა აღეწერა საკუთარი მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, მის ნახატებში ადამიანები მარტოსულები, დაზაფრულები და მწუხარენი არიან.
2. ჯორჯია ო'კიფი
ამერიკული მოდერნიზმის დედად წოდებულ ჯორჯია ო'კიფს შფოთვა და დეპრესია ჰქონდა, თუმცა მაინც ახერხებდა აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება განეგრძო, სანამ 1932 წელს წლობით ნაგროვები სტრესული გამოცდილებები მძიმე კრიზისული მომენტით არ დასრულდა. მხატვარი 1933 წლის დასაწყისში ფსიქიატრიულ კლინიკაში გადავიდა, სადაც კლინიკური დეპრესიის (ფსიქონევროზი) დიაგნოზი დაუსვეს.
ო'კიფი 2 წლის განმავლობაში ვეღარ ხატავდა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყო. მძიმე კრიზისული პერიოდი და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მოგვიანებით ნახატით — შტორმი გადმოსცა.
მხატვარმა შეძლო და, ყველა გამოწვევის მიუხედავად, საყვარელი საქმის კეთება განაგრძო. როგორც ამბობდა, შიშებს შესაძლებლობა არ მისცა მისთვის ხელი შეეშალათ.
"ჩემი ცხოვრების ყველა მომენტი მაძრწუნებდა — და ამას ხელი არაფერში შევაშლევინე", — წერდა ო'კიფი.
მისივე სიტყვებით, ეს იმის დამსახურება იყო, რომ საკუთარი ინდივიდუალობის არ ეშინოდა. ალბათ სწორედ საკუთარი შინაგანი სამყაროსთვის თვალის გასწორებით შეძლო მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ქალი მხატვრის სტატუსი მოეპოვებინა.
"ზოგი ისე უფრთხის საკუთარ თავს, რომ ვეღარ აცნობიერებენ რამდენად ინდივიდუალურნი არიან, მე საკუთარი თავის დანახვა შემიძლია და სწორედ ამან შემაძლებინა სათქმელი მხატვრობით მეთქვა".
3. რიჩარდ დადი
რიჩარდ დადი მე-19 საუკუნის ინგლისელი მხატვარი იყო, რომლის ბიოგრაფიაც მძიმე ეპიზოდებით არის სავსე. მხატვარს მანიაკალური დეპრესია და შიზოფრენია ჰქონდა. პირველი მძიმე კრიზისი ეგვიპტეში მოგზაურობისას გამოსცადა, როცა ეგონა, რომ ეგვიპტური ღმერთის ოსირისის ხმა ჩაესმა. ამ მომენტიდან მისი ცხოვრება მუდამ მძიმე ფსიქიკური გამოწვევების თანხლებით წარიმართა.
მას სჯეროდა, რომ დემონი ებრძოდა, რომელსაც შეეძლო ყველა ფორმით მოვლენილიყო. იმ დროისთვის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის არავითარი ბერკეტი არსებობდა, ამიტომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1943 წელს, 26 წლის დადმა მამამისი მოკლა, რადგან ეგონა, რომ დემონი მისი სახით გამოეცხადა. მხატვარი დააპატიმრეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 43 წლის განმავლობაში სიკვდილამდე ცხოვრობდა. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი კლინიკაში ყოფნისას არის შექმნილი. მხატვრის ნახატები ბოროტისა და კეთილის მუდმივ დაპირისპირებას ირეკლავს, რაც დადის შინაგანი სამყაროს გამოძახილია.
4. ლუი ვეინი
"კატების ინტელექტს სათანადოდ არ აფასებენ", — ამბობდა ბრიტანელი მხატვარი ლუი ვეინი, რომელიც მთელი ცხოვრება ამ ოთხფეხა მეგობრებს ხატავდა.
კატებით მისი დაინტერესება მაშინ დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სიკვდილის პირას მყოფ ცოლს მდგომარეობას კატა უმსუბუქებდა. ვეინმა სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში მოხვედრილი კატების ხატვა დაიწყო, რათა ცოლისთვის განწყობა აემაღლებინა.
შიზოფრენიის მქონე მხატვრის მდგომარეობა ცოლის გარდაცვალების შემდეგ გაუარესდა, რაც მის ნახატებშიც აისახა: საყვარელი კნუტების გამოსახულებები, შიშით დაზაფრულმა გამომეტყველებამ, გადღაბნილმა ფონმა, აბსტრაქციულმა ფორმებმა ჩაანაცვლა. მხატვარი ფსიქიატრიულ კლინიკაში 1924 წელს აღმოჩნდა, რადგან დები მასზე ზრუნვას ვეღარ ახერხებდნენ. მხატვარი 1939 წელს კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ნახატები ხშირად გამოიყენება ფსიქოლოგიურ ნაშრომებში, როგორც მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების ვიზუალური მაგალითი.
5. მარკ როტკო
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვარი მარკ როტკო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი პიონერი იყო. მხატვრის ნახატები, რომელთა მთავარი ღირებულება ფერთა კომბინაცია, სივრცის ათვისება და მონასმებია, მნახველამდე ღრმა ემოციური შეგრძნებების საშუალებით აღწევს. როტკოს მთელი ცხოვრება შფოთვა და დეპრესია სდევდა თან, თუმცა მისი ადრეული ნამუშევრები ბევრად ნათელია. ვარაუდობენ იმასაც, რომ მხატვარს ბიპოლარული აშლილობაც ჰქონდა. მხატვარი თვითონაც აღნიშნავდა, რომ მისი ნახატები მწუხარების შემსუბუქების მცდელობა იყო.
"შენ მწუხარე ხარ, მეც... და ჩემი ნამუშევრებია ის ადგილია, სადაც ეს ორი მწუხარება თანაზიარი გახდება, ამიტომ სევდა უნდა დავიამოთ", — წერდა როტკო.
როტკოს მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა წლებთან ერთად გაუარესდა, რასაც ხელი ალკოჰოლდამოკიდებულებამ შეუწყო. 1968 წელს მხატვარს ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და ჯანმრთელი ცხოვრების წესი დაუნიშნეს, თუმცა უშედეგოდ. 1970 წელს მხატვარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როტკოს მიერ სიცოცხლის ბოლო წლებში შესრულებული შავის და ნაცრისფერი ნახატების სერია მის გაუარესებულ მენტალურ ჯანმრთელობაზე მიანიშნებს. როგორც თვითონ ამბობდა, მისი ნახატების ეს სერია თემატურად სიკვდილს განასახიერებდა.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები