თბილისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული წვევამდელები უწყებების "კარისკაცებად და დარაჯებად" აღარ დადგებიან.

"ჩემი და ჩვენი გამარჯვებისთანავე, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის შემდეგი, კარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები, მოდულის შენობებთან [არ დადგებიან]. ახალგაზრდებს ბატონ გომელაურს ნამდვილად არ დავუყენებთ, ამ ხელისუფლებას და არც კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარაჯებად. ეს ხდება მეტი არა, მეტი რაც ხდება გეტყვი, კორუფციის წყაროა", — თქვა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.

მელია განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო "ვითომ ჯარში იწვევს წვევამდელებს", მაგრამ სინამდვილეში კარისკაცებად და დარაჯებად აყენებს, რაც მისი შეფასებით, არასწორია.

"ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტებს. ანუ მათ შორის, დედაქალაქის მერიას, ანუ თბილისის მერიის სხვადასხვა გამგეობას, მე თავად გახლდით გამგებელი წლინახევრის განმავლობაში ვერცერთი დღე ვერ ვხვდებოდი, რა მთაწმინდის გამგეობის საქმე იყო, რეალურად ძალდატანებით, ადამიანი მოიყვანო, ახალგაზრდა გამგეობაში და სტრესის ქვეშ ამყოფო, ძალდატანებით განცხადება დააწერინო და სადღაც მერე გადააგზავნო ეს ადამიანი", — თქვა მელიამ.

თვითმმართველობის მეორე ტური 30 ოქტომბერს იმართება. თბილისში, მეორე ტურში მერობის კანდიდატები კახა კალაძე და ნიკა მელია არიან.