ფრიდა კალოს დღემდე უცნობი შედევრები
მექსიკელი მხატვრის დაკარგული ან ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები ახლებურად წარმოაჩენს მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. BBC-ის ჟურნალისტი, ჰოლი უილიამსი, ფრიდა კალოს მემკვიდრეობაზე მისი სწორედ ასეთი მივიწყებული ნახატების ანალიზით გვესაუბრება.
თქვენ, რა თქმა უნდა, იცით ფრიდა კალოს შესახებ. იგი ყველა დროის ყველაზე ცნობილი ქალი მხატვარია, მისი იმიჯი კი — მყისიერად აღქმადი და განსაკუთრებული. კალოს ნახვა ყველგან შეგიძლიათ — მაისურებზე, ბლოკნოტებსა და ჭიქებზე. აი, მაგალითად, ამ სტატიაზე მუშაობის დროსაც კი, ჩემი სახლიდან სულ რაღაც სამი წუთის სავალზე, მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილი საყვარელი ნაკეთობები შევნიშნე მისი გამოსახულებით. დარწმუნებული ვარ, თქვენც მოკრავდით თვალს ახლომახლო მის სახეს გადაბმული წარბებით, ტრადიციული მექსიკური ტანისამოსის საყელოთი, ყვავილებიანი თავსამკაულითა და წითელი პომადით.
ნაწილობრივ ეს იმიტომ ხდება, რომ კალოს შემოქმედების ცენტრში მხატვრისვე გამოსახულება დგას: მისი ნამუშევრების დაახლოებით მესამედს სწორედ ავტოპორტრეტები შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ იგი 1954 წელს გარდაიცვალა, მისი ნახატებიდან დღემდე მაცოცხლებელი ენერგია გამოსჭვივის: ეს ავტოპორტრეტები ხატოვნად საუბრობენ კალოს ინდივიდუალიზმზე, საკუთარი იმიჯის შექმნისა და საკუთარი ისტორიის მოთხრობის შინაგან მოთხოვნილებაზე. იგი საკუთარ თავს ხატავს მაყურებლისადმი მიპყრობილი მზერით, რომელიც პირდაპირი, მკაცრი და გამომწვევია.
ეს იმას ნიშნავს, რომ კალო კომფორტულად ერგება კონკრეტულ თანამედროვე ფემინისტურ ნარატივს ძლიერ, დამოუკიდებელ ქალზე, რომელიც ხატავს საკუთარ თავს და შეუპოვრად იკვლევს ქალად ყოფნის რთულ, ჩახლართულ და მტკივნეულ ასპექტებს. მისი ნახატები მკაფიოდ წარმოაჩენს დრამატული ცხოვრების ისეთ ტრაგიკულ გამოცდილებებს, როგორიცაა მუცლის მოშლა და უშვილობა, ფიზიკური ტკივილი (იგი 18 წლის ასაკში საშინელ ავტოავარიაში მოყვა და მას შემდეგ მთელი ცხოვრება ტკივილები ტანჯავდა), დიდი სიყვარული (მას ჰქონდა რთული ურთიერთობა მექსიკელ მხატვართან დიეგო რივერასთან, ისევე როგორც სხვა მრავალ კაცთან თუ ქალთან, მათ შორის ლეონ ტროცკისთანაც) და დიდი ეჭვიანობა (რივერა მას გამუდმებით ღალატობდა სხვა ქალებთან, მათ შორის მის დასთან).
მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რასაც მისი ნამუშევრები გამოხატავენ — კალოს შემოქმედება ყოველთვის პირად ცხოვრებას არ ეხება, თუმცა გეპატიებათ, თუკი ასე ფიქრობდით. მისი სასიყვარულო ცხოვრებისა და ტრავმების შესახებ წიგნები იწერება და ჰოლივუდში ფილმიც გადაიღეს სელმა ჰაიეკის მონაწილეობით. ამგვარად, მისი ცხოვრება პოპკულტურაში ისეთი თემა გახდა, რომელსაც გარანტირებულად მოაქვს შემოსავალი და გალერეებს მაშინაც კი ავსებს დამთვალიერებლებით, როცა რასაც ისინი კედლებზე ხედავენ, უფრო მეტად ეხება თავად კალოს, ვიდრე მის ხელოვნებას.
მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ თავად მისი ნამუშევრების შესახებ? ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნისათვის ამგვარი დაჟინებული ფოკუსირება პიროვნებაზე და არა შემოქმედებაზე დამღლელი გახდა. სწორედ აღნიშნულის გამო ახლახან გამოქვეყნდა მონუმენტური წიგნი, ფრიდა კალო: ნახატების სრული კრებული, რომელიც მისი მთლიანი შემოქმედების კვლევას პირველად გვთავაზობს. მექსიკელი ხელოვნების ისტორიკოსი, ლუის-მარტინ ლოზანო გვაწვდის ჩანაწერებს კალოს 152 ნამუშევრის შესახებ, რომელთა შორის ბევრი ისეთი დაკარგული ტილოა, მათი არსებობის შესახებ მხოლოდ ფოტოსურათებიდან რომ ვიცით.
მეხიკოში მცხოვრებ ლოზანოსთან ვიდეოზარით საუბრისას მას ვკითხე, თვლის თუ არა, რომ კალოს ნამუშევრების სიღრმისეული კვლევა დაგვიანებულია მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში მის შესახებ უამრავი რამ შექმნილა და დაწერილა. "როგორც ხელოვნებათმცოდნე, ჩემს მთავარ ინტერესს უშუალოდ მხატვრის შემოქმედება წარმოადგენს", — მიპასუხა მან, — "ეს რომ ყოფილიყო ბოლო ათწლეულებში კალოთი დაინტერესებულთა საზრუნავი, ალბათ ამ წიგნის არსებობის საჭიროება არც დადგებოდა, თუმცა ასე არ მომხდარა. გამოფენებზე ადამიანების უმრავლესობა ინტერესდება კალოს პიროვნებით, მისი პირადი ცხოვრებითა და ისტორიით — ვინ იყო, რა ეცვა, ვისთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა".
ამის გამო გამოფენები და მათი კატალოგები, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ ცხოვრებისეულ ისტორიაზე, "ფოკუსირდებიან ერთსა და იმავე ნახატებზე და ერთსა და იმავე იდეებზე ამ ნახატების შესახებ. ისინი არაფრად აგდებენ მთელ დარჩენილ შემოქმედებას", — ამბობს ლოზანო. წიგნებიც ნიადაგს ერთ ადგილზე ტკეპნიან: "შენ იმიტომ იმეორებ ერთსა და იმავეს, რომ ეს იყიდება — რადგან კალოს შესახებ ყველაფერი იყიდება. სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ ის გახდა სავაჭრო პროდუქტი. თუმცა, ეს ხსნის იმას, თუ რატომ არ მიდიან სიღრმეებში [გამოფენები და წიგნები] — მათ ეს არ სჭირდებათ".
ამის შედეგია საყოველთაოდ გავრცელებული შეცდომები — ნახატების არასწორი სახელწოდებები თუ თარიღები — და ფერებშეცვლილი და უხარისხო რეპროდუქციები. ეს ასევე ნიშნავს ნამუშევრების უკან მდგომი იდეების უსასრულოდ გამეორებას. "ინტერპრეტაციის ხარისხი ბინძურდება", — ამბობს ლოზანო, — "ყველაფერი, რასაც ნახატებზე უსასრულოდ ამბობენ, მსგავსი ფრაზებით შემოიფარგლება: ოჰ, ეს იმიტომ, რომ მას რივერა უყვარდა; იმიტომ, რომ მას არ ეყოლა შვილი; რადგან ის საავადმყოფოში იწვა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმართლეა, თუმცა კალოს ხელოვნება ამაზე ბევრად მეტია".
ჩვეულებრივ, გავლენიანი მხატვრისთვის 152 ნახატი არ არის ძალიან დიდი რაოდენობა. და მაინც, ზოგიერთ მათგანზე აქამდე არასდროს არაფერი დაწერილა. "არასოდეს, არცერთი წინადადება!" — იცინის ლოზანო, — "რაც ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით ერთი დიდი აბსურდია".
კალოს ნამუშევრების ყოვლისმომცველი კვლევა გულისხმობს დაკარგული ან ნაკლებად ცნობილი ნახატების შეკრებას — მათ შორის, იმ ტილოების, რომლებმაც ფართო ცნობადობა ბოლო ათწლეულებში, აუქციონებზე შეიძინეს და ასევე სხვა ისეთების, რომლებიც კერძო კოლექციონერებს ეკუთვნით და შეუსწავლელნი დარჩნენ. ლოზანო იმედოვნებს, რომ კალოს სხვა კუთხით დაგვანახებს. "უპირველეს ყოვლისა, პასუხი უნდა გაეცეს, ვინ იყო ის როგორც მხატვარი? რას ფიქრობდა იგი საკუთარ შემოქმედებაზე? რისი მიღწევა სურდა მას როგორც მხატვარს? და რას ჰყვებიან თავად ეს ნახატები?"
ამისათვის თავიდან უნდა გადავხედოთ მის ადრეულ ნამუშევრებს, რამაც, შესაძლოა, სრულებით არ დაბადოს ის ასოციაციები, რომლებიც კალოს ხსენებისას გვიჩნდება ხოლმე. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის გავლენა, რომელიც კალოს შემოქმედებაზე მისმა მამამ, პროფესიონალმა ფოტოგრაფმა და ყვავილების ნატურმორტების მოყვარულმა მხატვარმა მოახდინა. კერძოდ, მისი 1925 წელს შექმნილი ნაკლებად ცნობილი ნატურმორტი (ვარდებთან ერთად), რომელიც 1953 წლის შემდეგ არსად გამოფენილა, საგრძნობლად ჰგავს მამის სტილს.
კალო მთელი თავისი კარიერის განმავლობაში განაგრძობდა გასაოცარი, ცოცხალი ნატურმორტების ხატვას, თუმცა ისინი მის ავტოპორტრეტებთან შედარებით უცნობი და შეუსწავლელია და კოლექციებშიც ნაკლებად ხვდება. მათი შესწავლის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ლოზანომ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც ავლენენ, რომ კალო მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მცენარეების სიმბოლური მნიშვნელობებით იყო დაინტერესებული. მას ამის შესახებ მამისგან შეუტყვია, რასაც წერილებით განიხილავდა თავის ნახევარ-დასთან, მარგარიტასთან (მამამისის შვილი ადრეული ქორწინებიდან), რომელიც მონაზონი გახდა.
კალო და მარგარიტა წერილებში "საუბრობენ ყვავილების, ხილისა და ედემის ბაღის სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ. ისინი განიხილავენ იმას, რომ ჩვენი სხეული ჰგავს ყვავილს, რომელსაც უნდა მოვუაროთ, რადგან ის სამოთხიდან მოწყვიტეს", — ამბობს ლოზანო, — "ეს გასაოცარია და ხსნის, თუ რატომ ჰქონდა ნატურმორტისა და ყვავილების თემას მისთვის ასეთი მნიშვნელობა".
ლორენცო გვთავაზობს 1938 წელს შექმნილი იმ ნატურმორტის ახლებურ ინტერპრეტაციას, რომელიც ასახავს ხილის სამ ეკლიან ნაყოფს მომწიფების სხვადასხვა საფეხურზე — უმწიფარი მწვანიდან ცოცხალ, წვნიან სისხლივით წითელ ხილამდე. ეს გვანახებს იმას, თუ როგორ აღიქვამდა კალო საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ ზრდას. თუმცა, შესაძლოა, ნახატში რელიგიური ქვეტექსტიც იკითხებოდეს (წითელი ფერი სისხლმდინარ ხორცს მოგვაგონებს, რაც, თავის მხრივ, მსხვერპლშეწირვის ასოციაციას ბადებს).
ნახატების სრული კრებული ასევე ცდილობს გამოავლინოს კალოს ინტელექტუალური სიღრმე, რომლითაც ის ხელოვნების შიგნით მიმდინარე პროცესებს აანალიზებდა. წიგნი ეწინააღმდეგება იმ იდეას, თითქოს მასზე გავლენა მხოლოდ რივერასთან 1928 წლის შეხვედრამ იქონია და რომ მისი შემოქმედება პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული ქალური ტკივილის ინსტინქტური გამოძახილია. კალოს ნახატები ცხადყოფს, რომ ის გაცნობიერებულად მიმართავდა არტისტულ ექსპერიმენტებს და აქტიურად ინტერესდებოდა ხელოვნების ისეთი სხვადასხვა მიმდინარეობით, როგორიცაა მოდერნიზმი, სტრიდენტიზმი, კუბიზმი და სიურრეალიზმი.
"ფრიდა კალოს ნახატები მხოლოდ მისი პირადი გამოცდილებების შედეგი როდი იყო. იგი თვალს ადევნებდა სხვა მხატვრების შემოქმედებას, ტენდენციებსა და დისკუსიებს", — ამბობს ლოზანო. მაგალითად მას მოჰყავს მხატვრის პირველი მცდელობები ავანგარდულ ფერწერაში — 1927 წლის პანჩო ვილა და ადელიტა და დაკარგული ნამუშევარი, თუ ადელიტა, სადაც ორივეგან გამოყენებულია მკვეთრი, მოდერნისტული ხაზები და კუთხეები. ეს ტილოები ადასტურებს, რომ "ის მექსიკის ხელოვნების შიგნით დაბადებულ ტენდენციებს იმაზე ბევრად უფრო ადრე ადევნებდა თვალს, ვიდრე რივერას შეხვდებოდა".
მის ადრეულ ნამუშევრებში ასევე აშკარად იკვეთება კალოს ინტერესი რენესანსის ძველი ოსტატების მიმართ, რომელთა ტილოების ნაბეჭდი ვერსიებიც მან მამის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა. არსებობს მოსაზრება, რომ 1928 წლის ნახატი, ორი ქალი (სალვადორას და ჰერმინიას პორტრეტი), რომელიც ორ მოახლეს აყვავებულ, ფოთლოვან ფონზე ასახავს, შთაგონებული იყო რენესანსისეული პორტრეტის იმგვარი ტრადიციებით, როგორიც ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრებში გვხვდება. ნახატი იმავე წელსვე გაიყიდა, მისი ადგილმდებარეობა კი უცნობი იყო მანამ, სანამ ტილოს ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი შეიძენდა 2015 წელს.
იმის გათვალისწინებით, რომ კალომ მხოლოდ დაახლოებით 152 ნახატი შექმნა, დაკარგული ნამუშევრების რაოდენობა გაკვირვებას იწვევს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სანამ ცოცხალი იყო, კალო დიდი წარმატებით ნამდვილად არ სარგებლობდა — მას არ ჰქონია ბევრი გამოფენა და არც მრავალი ნამუშევრები გაუყიდია გალერეებისა და დილერების დახმარებით. სანაცვლოდ, ბევრი ნახატი მან უშუალოდ მიყიდა ან აჩუქა მხატვრებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, კინოვარსკვლავებს და მისი შემოქმედების სხვა მეხოტბეებს, რომელთაგანაც ბევრი უცხოეთში ცხოვრობდა. ამის გამო მწირია ის ოფიციალური საბუთები, რომელთა დახმარებითაც მყიდველთა კვალის მიგნება შეიძლება, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს ნამუშევრების ძებნის პროცესს.
გულწრფელად რომ ვთქვათ, დაკარგული პორტრეტების შავ-თეთრი სურათების ყურება ალბათ ბევრ ვერაფერს გამოააშკარავებს, თუ საკითხის ღრმად მცოდნე არ ხარ, თუმცა მათგან ზოგიერთი არაპროფესიონალის თვალისთვისაც გასაოცარი ჩანს. 1938 წლის ერთი დაკარგული სურათი, გოგო სიკვდილის ნიღბით II, ასახავს ცარიელ ლანდშაფტში მდგომ პატარა გოგოს, რომელსაც თავის ქალის ნიღაბი უკეთია. კალომ ეს ნახატი იმით გამოწვეულ მწუხარებას დაუკავშირა, რომ დაორსულებას ვერ ახერხებდა. ასევე აღსანიშნავია კალოს ნახატი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, რომლის მხოლოდ ფოტოსურათია ცნობილი და ის, რომ იგი კალომ ცხოვრების მძიმე პერიოდში დახატა — მას შემდეგ, რაც 1935 წელს თავისი დისა და რივერას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო.
მისი კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ნახატის, ვნებიანად შეყვარებულის, მსგავსად, სადაც ქმარი საკუთარ ცოლს კლავს, თვითმფრინავის ჩამოვარდნაც დაეფუძნა რეალურ ინციდენტს, რომელიც მედიაში გაშუქდა. ლოზანოს გუნდმა ორივე მათგანზე დაწერილ ორიგინალ სტატიებს მიაკვლია. შესაძლოა, კალოს ყურადღება ამ ტრავმულმა მოვლენებმა იმიტომ მიიპყრო, რომ მისი ცხოვრებაც ტკივილით იყო სავსე, თუმცა მხატვრის მიერ ამ ამბების თითქმის დოკუმენტური სიზუსტით გადმოცემა შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს.
კალო ღიად კომუნისტი იყო და ადრეული ასაკიდანვე დაინტერესებული გახლდათ პოლიტიკით, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ ეს მისი ცხოვრების ბოლო წლებში შექმნილ ნაკლებად ცნობილ ნამუშევრებში ჩანს. ამ დროისთვის მას უკვე ძალიან დიდი ტკივილი განეცადა და გადაეტანა მრავალი ოპერაცია — მათ შორის, მუხლის ქვემოთ ფეხის ამპუტაცია. თუმცა კალო ხატვას 1953 წლამდე აგრძელებდა და, მართალია, ეს დიდ ძალისხმევად უჯდებოდა, მაგრამ მას განახლებული მიზანიც ჰქონდა.
კალოს ბიოგრაფმა, რაკელ ტიბოლმა შემოგვინახა მისი ნათქვამი ეს სიტყვები: "მე ძალიან დაინტერესებული ვარ ჩემი შემოქმედებით — ყველაფერზე მეტად, მისი შეცვლით, სასარგებლო რაიმედ გარდაქმნით, რადგან აქამდე ყველაფერი, რაც დამიხატავს, ჩემი პორტრეტებია, რაც ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩემი ნახატი უნდა ემსახურებოდეს [გულისხმობს კომუნისტური პარტიისადმი მსახურებას]. მე უნდა ვიბრძოლო მთელი ძალით, რამდენადაც ჩემი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს შეუძლია, რათა მცირეოდენით მაინც შევუწყო ხელი რევოლუციას. ეს არის ცხოვრების ერთადერთი და რეალური მიზეზი".
აღნიშნული აისახა მის ისეთ ნამუშევრებზე, როგორიცაა 1952 წლის ხალხთა კონგრესი მშვიდობისათვის (რომელიც 1953 წლიდან აღარ გამოფენილა). მასზე ნაჩვენებია ხილის ხეზე შემომჯდარი მტრედი და ორი სოკოს ღრუბელი, რომლებიც წარმოადგენენ კალოს კოშმარებს ბირთვული ომის შესახებ. იგი გახდა მრავალი სამშვიდობო ჯგუფის აქტიური წევრი: აგროვებდა მექსიკელი ხელოვანების ხელმოწერებს "მსოფლიო მშვიდობის საბჭოს" მხარდასაჭერად და ეხმარებოდა მექსიკის პარტიზანთა მშვიდობის კომიტეტს. ეს ნახატი კი იმისთვის შექმნა, რომ რივერას ის ორგანიზაციის, "ხალხთა კონგრესი მშვიდობისათვის", 1952 წელს ვენაში გამართულ შეკრებაზე წაეღო.
მტრედები გვხვდება მის რამდენიმე გვიანდელ ნატურმორტშიც — ისევე, როგორც მექსიკის დროშები ან ფერების სქემები (საზამთრო გამოყენებულია დროშის ფერების — მწვანის, თეთრის და წითლის სადემონსტრაციოდ), რაც მიანიშნებს კალოს განზრახვაზე, საკუთარი ნამუშევრებით გადმოეცა ნაციონალიზმისა და კომუნიზმის მნიშვნელობა. არასასიამოვნო სანახავი კია, მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ მის ბოლო ნახატებში ვაწყდებით სტალინის სიყვარულით შესრულებულ გამოსახულებებსაც. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდისთვის კალოს პოლიტიკური შეხედულებები მეტად მილიტარისტული გახდა.
მისი გვიანდელი ნახატებიდან ყველაზე ემოციური ალბათ ავტოპორტრეტი, ფრიდა ცეცხლში (ავტოპორტრეტი მზესუმზირას შიგნით) არის. ეს არის შემზარავი, სქლად შეღებილი, ფერადი იმპასტო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კალომ ამ ტილოს დანა დაუსვა და საღებავი გადაფხიკა — იგი იმედგაცრუებული იყო საკუთარი შრომისუუნარობით ან, შესაძლოა, გრძნობდა, რომ მისი აღსასრული ახლოვდებოდა. ტიბოლმა, რომელიც ამ დესტრუქციული ქმედების მოწმე გახდა, მას "თავგანწირვის რიტუალი" უწოდა.
"ეს არაჩვეულებრივი სურათია", — ამბობს ლოზანო, — "ესთეტიკის თვალსაზრისით, ეს ძალიან საინტერესოა — როდესაც შენი სხეული აღარ გემორჩილება, როდესაც შენი გონება აღარ არის საკმარისი იმის გამოსახატად, რისი დახატვაც გსურს, ერთადერთ გზად გამოსახულების დეკონსტრუქცია რჩება. ეს არის ხელოვნების არსის აღქმის ძალიან თანამედროვე, კონცეპტუალური პოზიცია: რომ ნახატის შექმნისას მთავარი მხოლოდ ხელობა არაა, არამედ ისიც, თუ რისთვის იქმნება იგი".
შედეგად ვიღებთ ნახატს, რომელიც არასრულყოფილია და ძალიან შორს დგას კალოს უფრო ცნობილი ავტოპორტრეტებისგან თხელი, გლუვი ზედაპირებითა და დახვეწილი დეტალებით. თუმცა ის მაინც საოცრად ძლიერი ნამუშევარია, რომელიც აღიარებას იმსახურებს. არის რაღაც უაღრესად მტკივნეული მხატვარში, რომელიც საკუთარი გამოსახულების შექმნითაა ცნობილი, ამ დროს კი თავისი საბოლოო შემოქმედებითი აქტით სწორედ ამ გამოსახულებას ანადგურებს. თუმცა ავტოპორტრეტის განადგურებით კალომ საკუთარი შემოქმედება უფრო მეტყველი გახადა.
კომენტარები