ივანიშვილის ბიზნესცენტრთან 3 აქტივისტი დააკავეს. ინფორმაცია On.ge-ს შსს-მ დაუდასტურა. ისინი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს, 16 ოქტომბერს მოძრაობამ მიშას თავისუფლებისთვის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა. აქციაზე აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის სახლთან სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქტივისტების თქმით, აქციები იქნება პერმანენტული და მათი მიზანია ექსპრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურამდე გათავისუფლდეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა. სააკაშვილი უკვე 16 დღეა შიმშილობს.