ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
ფოტო: NASA
ასტრონომებმა NASA-ს ჰაბლისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპების მეშვეობით მზის სისტემის შორეული ტრანსნეპტუნური ობიექტები შეისწავლეს. მკვლევრებმა ასეთი 27 ახალი, უკიდურესად მკრთალი ციური სხეული აღმოაჩინეს. მათ შორის ყველაზე მცირე ზომის ობიექტის დიამეტრი 5 კილომეტრს არ აღემატება. მეცნიერები დაკვირვების ამ პროცესს დედამიწიდან მთვარეზე მანათობელი ციცინათელების დანახვას ადარებენ.
ჟურნალ The Astronomical Journal-ში გამოქვეყნებული ორი ახალი ნაშრომის მიხედვით (1,2), ეს ყინულოვანი სხეულები ნეპტუნის ორბიტის მიღმა მოძრაობს. ასეთი მცირე ზომის ობიექტები პლანეტების ფორმირების ადრეულ ეტაპს იდეალურად ასახავს. მილიარდობით წლის წინ სწორედ მსგავსი მყარი მასები, ანუ პლანეტოშენადედები, ერთმანეთს შეერწყა და სრულყოფილი პლანეტები წარმოქმნა. ამის მიუხედავად, ნეპტუნს მიღმა ეს პროცესი პირველ ეტაპზე შეწყდა, რამაც ადრეული მზის სისტემის გაყინული ნარჩენები ხელუხლებლად შემოინახა.
მკვლევრებმა ორი განსხვავებული ტიპის ტრანსნეპტუნური ობიექტები შეისწავლეს. პირველ ჯგუფში დინამიკურად "ცივი" ტრანსნეპტუნური ობიექტებია, რომლებიც მზის სისტემის სიბრტყეში თავდაპირველ, შედარებით წრიულ ორბიტაზე მოძრაობს; მეორე ტიპის, დინამიკურად "ცხელი" სხეულები ურანისა და ნეპტუნის ამჟამინდელ ადგილმდებარეობებს შორის ჩამოყალიბდა, მაგრამ აირის გიგანტი პლანეტების მიგრაციამ ეს ობიექტები უფრო შორს, მათ დღევანდელ პოზიციებზე გადაანაცვლა. დღესდღეობით ისინი უკიდურესად ელიფსურ ორბიტებზე გადაადგილდება და ჩვენი მზის სისტემის სიბრტყეს პერიოდულად კვეთს (შიგნით და გარეთ).
აქამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ხშირი შეჯახებების გამო მცირე ზომის სხეულების ზედაპირი შედარებით დიდი ტრანსნეპტუნური ობიექტებისგან განსხვავებული იქნებოდა. დაკვირვებამ საპირისპირო სურათი აჩვენა: რეალურად, ისინი ვიზუალურად ერთმანეთს ჰგავს. ეს მიანიშნებს, რომ პირველი ჯგუფი როგორღაც შეჯახებებამდე არსებულ მდგომარეობას ინარჩუნებს ან, უბრალოდ, ზედაპირი მნიშვნელოვნად არ ეცვლება.
"ადვილი წარმოსადგენია სცენარი, რომელშიც მუდმივი შეჯახებები და ფრაგმენტაცია ზედაპირის შედგენილობას ცვლის, რის გამოც მცირე ტრანსნეპტუნური ობიექტები დიდი სხეულებისგან განსხვავებულ ფერს იღებს. სწორედ ამიტომაა გასაოცარი, თუ როგორ 'ახსოვს' ამ უმცირეს ობიექტებს საკუთარი წარმოშობის ისტორია და როგორ ინახავს მას", — ამბობს კვლევის ავტორი, ანასტასია მორგანი.
ამ მოსაზრებას იზიარებს ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ ტრილინგიც:
"ე.წ. 'ცხელი' ტრანსნეპტუნური ობიექტები ზუსტად იმ ადგილის ნიშნებს ინარჩუნებს, სადაც წარმოიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მათი ორბიტები სრულად აირია".
გარდა ამისა, ვების ტელესკოპის მონაცემებმა კიდევ ერთი მოულოდნელი დეტალი გამოავლინა: პლანეტების ფორმირების მოდელების პროგნოზის საწინააღმდეგოდ, მეცნიერებმა გაცილებით ნაკლები მცირე ზომის სხეული იპოვეს. ამასთან, "ცხელ" და "ცივ" პოპულაციებში სხვადასხვა ზომის თანაფარდობა ერთმანეთს საკმაოდ ჰგავდა.
"საინტერესოა, რომ 'ცხელი' და 'ცივი' პლანეტოშენადედების ფორმირების პროცესში ზომების ერთნაირი თანაფარდობა მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადრეული მზის სისტემის სრულიად განსხვავებულ რეგიონებში ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, პროცესზე გარემო პირობებს საერთოდ არ უმოქმედია და მის შედეგად ორივე პოპულაციაში ერთნაირი ზომები განვითარდა", — ამბობს ვიქტორიის უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიელ ედუარდო.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ჰაბლისა და ვების მონაცემთა შეჯერების გარეშე ამ მასშტაბის პროექტი ვერ განხორციელდებოდა. ხილულ სინათლეში ჰაბლის მგრძნობელობისა და ინფრაწითელ დიაპაზონში ვების შესაძლებლობების გაერთიანება ასტრონომებს გაცილებით მეტ ინფორმაციას აძლევს, ვიდრე თითოეული ტელესკოპი ცალ-ცალკე.
კომენტარები