საბერძნეთში ექიმებმა 100 ადამიანს ბრონქოსკოპია ჩაუტარეს, ანუ მათი სასუნთქი გზები სპეციალური კამერით დაათვალიერეს. შემდეგ თითოეული ინდივიდის ფილტვის ერთი ნაწილში სპეციალური ხსნარი გაატარეს, რათა ამოერეცხათ და ეს სითხე შეეგროვებინათ. მასში უჯრედები და სხვა ნივთიერებებიც იყო, რომლებიც ორგანიზმიდან გამოყვა.

ანალიზისას აღმოაჩინეს, რომ 70 პაციენტის ნიმუშში — სითხეში, ფილტვის ქსოვილში ან ორივეში — მიკროპლასტმასა იყო, ანუ პლასტმასის მიკრონაწილაკები. შესწავლილი 100 ადამიანიდან 50-ს მოგვიანებით ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. საინტერესო ისაა, რომ სწორედ მათ ნიმუშებში სხვებზე მეტი ასეთი მატერია დაფიქსირდა.

ასევე, იხილეთ: ადამიანი-პლასტმასა — რა ვიცით ნარჩენებზე, რომლებმაც უკვე ჩვენს სხეულში შემოაღწია

"თუ ამ ნაწილაკებს ყოველდღიურად ვისუნთქავთ, უნდა ვიცოდეთ, სად ხვდება ისინი ამის შემდეგ და რამდენად უკავშირდება დაავადებას", — ამბობს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და თესალიის უნივერსიტეტის მკვლევარი, ილიას დიმეასი.

მეცნიერებმა გამორეცხილი ნივთიერებების შემცველი სითხის გარდა, პაციენტთა 50%-ის ორგანიზმიდან ფილტვის ქსოვილის მცირე ნიმუშებიც ამოიღეს. მიკროპლასტმასას ორივე საკვლევ მასალაში ეძებდნენ და ნაწილაკების ტიპის იდენტიფიცირებასაც ცდილობდნენ.

ჯამში 232 ნაწილაკი აღმოაჩინეს. კვლევაში მონაწილე ადამიანთა 70%-ში მიკროპლასტმასას სულ მცირე ერთ ნიმუშში მაინც მიაგნეს. ყველაზე ხშირი ეს ფილტვის სიმსივნის მქონე ინდივიდებში იყო და, როგორც აღვნიშნეთ, რაოდენობითაც სხვებს აჭარბებდა. ამგვარი შედეგი მაშინაც შენარჩუნდა, როცა მხოლოდ სითხეები შეადარეს. კერძოდ, პლასტმასის მიკრონაწილაკები ონკოპაციენტების 66%-ის ნიმუშში დააფიქსირეს, ჯანმრთელ ადამიანებში კი — 46%-ისაში.

საინტერესოა იმ მონაწილეთა შედეგები, რომელთა ორივე საკვლევი მასალაც მოიპოვეს. თუკი სითხეში მეტი მიკროპლასტმასა იყო, მაშინ ფილტვის ქსოვილში ნაკლები შემცველობა ვლინდებოდა და პირიქით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მსგავსი ნაწილაკები ფილტვებში არათანაბრად გროვდება: სითხეში ისინი ჰაერით სავსე ღრუებიდან გადავიდა, უშუალოდ ფილტვში კი ქსოვილში იყო მოქცეული.

ნაწილაკების უდიდესი ნაწილი პოლიპროპილენი ან პოლიეთილენი აღმოჩნდა. ორივე მათგანი საკმაოდ გავრცელებულია და შეფუთვებში, ტექსტილში, საოჯახო ნივთებსა თუ სხვა სამომხმარებლო პროდუქტებში გვხვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ სიმსივნესა და მიკროპლასტმასას შორის კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ გამოვლენილა. ერთი მხრივ, შესაძლოა, ამგვარმა ნაწილაკებმა ანთებითი პროცესის მსგავსი პრობლემების წარმოქმნით კიბოს განვითარებას შეუწყოს ხელი. მეორე მხრივ, არაა გამორიცხული, უკვე ჩამოყალიბებულმა სიმსივნემ ნაწილაკები სხვაგვარად "მიიზიდოს". ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კვლევა კონტროლ ჯგუფს არ ითვალისწინებდა — ყველა მონაწილეს ბრონქოსკოპია ფილტვებთან დაკავშირებული სიმპტომების გამო ჩაუტარდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ მიკროპლასტმასის შესაძლო გავლენებზე ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. ფილტვის სიმსივნეზე საუბრისას მთავარ რისკად მაინც თამბაქოს მოხმარება რჩება. მავნე ზემოქმედებით გამოირჩევა დაბინძურებული ჰაერის სუნთქვაც.

ახლა სპეციალისტები აკვირდებიან, როგორ ურთიერთქმედებს პლასტმასის მიკრონაწილაკები ფილტვის უჯრედებთან და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტების ნიმუშებსაც აანალიზებენ. მათ იმედი აქვთ, რომ პოტენციური მიზეზ-შედეგობრიობის შესახებ მეტს გაიგებენ.

კვლევის დეტალებს მეცნიერები ევროპის რესპირატორული საზოგადოების კონგრესზე წარადგენენ, რომელიც ბარსელონაში იმართება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.