რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ბენძოყი დეპუტატის ცხოვრებიდამ
სკამზე თეთრი, ახლად გარეცხილი და ცოლის მიერ რუდუნებით გაუთოებული პერანგია გადაკიდებული. რაც პარლამენტარი გახდა, დამხმარე ქალიც აიყვანეს ოჯახში, მაგრამ კოსტიუმის გაუთოებას სხვას ვერავის ანდობს. პერანგის ქვეშ ზოლზე გასწორებული შარვალი ჰკიდია, სკამის საჯდომზე კი მშვიდად ასვენია ზოლიანი, ლურჯ და წითელ ფერებში "გადაწყვეტილი" ჰალსტუხი. როცა ბენძოყი დეპუტატი ამ ჰალსტუხს უყურებს, ეღიმება, ყოველთვის სიტყვა ყლინჯი ახსენდება და ცოტა ხნით ბავშვური სილაღე ენთება ტვინში. კარადის კარზე საკიდით პიჯაკია ჩამოკიდებული. დღეს ბენძოყი დეპუტატი მუქ ლურჯ კოსტიუმს ჩაიცვამს.
"არ უნდა დამელია ამდენი", „რუტინულად“ გაიფიქრებს და ოთახს თვალს მოავლებს. "პახმელიაზეა". ცოლს ტუმბოზე ცივი მინერალური წყალიც დაუდგამს. წამოიწევა, გახსნის ბოთლს, მოიყუდებს და ოდნავ შვებით ამოისუნთქებს. მის წინ თეთრი კედელია, ტელევიზორს რთავს და საყვარელი არხის ყურებას იწყებს. გუშინ ტელევიზორში იყო, უნდა გადაახვიოს და ნახოს როგორ ჩანს კამერებში, კარგად ილაპარაკა თუ დღესაც რამე კურიოზი ამოუქექეს?
ტელევიზორის თავზე წმინდა ილია მართლის (და არა ილია ჭავჭავაძის) ცნობილი ფრაზა აქვს გაკრული: "აბა მე დღეს ვის რა ვარგე?" ეს წესი წესად აქვს, ყოველ დილა-საღამოს ეკითხება საკუთარ თავს, ვის რა არგო. ჟურნალისტებთანაც ხშირად ამბობს თავისი ტრადიციის შესახებ. ხალხს ანდობს, როგორ მიჰყვება დიდი ილიას ნაკვალევს, მაგრამ იმას კი არასოდეს იტყვის და არც თავს არასდროს გაუმხელს, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არასდროს აქვს.
ეს ამბავი არც დღეს უნდა დაავიწყდეს. დღეს შოუშია მიწვეული, ლიბერალებს უნდა ეკამათოს ნარკოპილიტიკაზე. უყვარს ტელევიზორში გამოჩენა. ხანდახან დასცინიან კიდეც, მაგრამ რაც არ კლავს, აძლიერებს. რა სამწუხაროა, რომ ეს ფრთიანი ფრაზა ილიას არ ეკუთვნის, თორემ აუცილებლად ამას გამოაკრავდა ტელევიზორის თავზე, ჟურნალისტებსაც ამ ფრაზას ეტყოდა.
ტელეფონი რეკავს. ზემოდან ურეკავენ. ნომერი ტელეფონის კონტაქტებში არ უწერია, არ იცის რა უნდა დააწეროს, რჩევა? ტუქსვა? მესიჯბოქსი? ზედმეტად დიდი დილემაა. თან ისედაც ცნობს ამ ნომერს და რაღაზე ჩაიწეროს? თვითონ მაინც არასოდეს ურეკავს.
"მზად ხართ?" - ეკითხება მისტიური ხმა მკაცრად.
"არა. ჯერ მზად არ ვარ", იმ ხმამაც კარგად იცის, რომ მზად არ არის და გუშინ რესტორანში ბრძანდებოდა. ხალხში იყო გასული, ანეკდოტებს ყვებოდა, ხუმრობდა, ქეიფობდა. თამადობას ჯერ არ ანდობენ ხოლმე, არადა როგორ უნდა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლაც არ ეზარება, ყოველი გამოსვლის წინ სარკესთან ვარჯიშობს ხოლმე, მეტყველების ცნობილ პედაგოგიც აიყვანა. იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც იმდენად კარგად გამოვა ტრიბუნასთან, რომ მისი რომელიმე კოლეგის ყურადღებას მიიქცევს და იქნებ ვინმეს ნათლობაში ან ქორწილში თამადობასაც გამოჰკრას ხელი. ჯერ მხოლოდ დაბადების დღეების გამოცდილება აქვს და ისიც საძმაკაცოში.
ტელევიზიებშიც ამიტომ დადის, სტატუსს იწევს. მნიშვნელობა არ აქვს რას და როგორ ისაუბრებს, მთავარია ტელევიზორში გამოჩნდეს. მთავარია სუფრაზე ბევრმა ადამიანმა იცნოს. "ძალიან კარგი პიროვნებაა",- ასე იტყვიან მასზე, როცა ის გვერდით მჯდომებს დელეგაციაში ყოფნის დროს თავსგადამხდარ კურიოზებს მოუყვება.
დღეს გადამწყვეტი ეთერია. ალბათ ბევრი ხალხი უყურებს. მასთან ერთად სტუდიაში საზოგადოებისთვის ცნობილი ბარდი, სპორტსმენი, რაინდი და მანდილოსნობის ეტალონი ისხდებიან, თავისი სახლიდან სასიქადულო პოეტი ჩაერთვება. დღეს ყველა მას უყურებს, იქ უნდა დაჯაბნოს ხალხი, რომელსაც ერის გადაშენება და განადგურება უნდა. ამ საკითხში კომპეტენტური არ არის, მაგრამ იმ იდუმალი ნომრიდან მალე დაურეკავენ და დაარიგებენ, ეტყვიან რა და როგორ თქვას, მოამზადებენ. თან გამოცდილებად დაუგროვდა - აქ მთავარი არა არგუმენტები, არამედ ყვირილია, ოდნავი დაძაბულობა, ხალხის გულის მოგება, ახალგაზრდული აქტივიც მზად არის, ისინი ეთერში ყველა მის სიტყვაზე ტაშს დაუკრავენ და მოწინააღმდეგის გამოსვლას გადაფარავენ.
ტელეფონის ხმა ისმის. ამჯერად მესიჯია.
"მასალის კონსპექტები და მესიჯბოქსი მეილზე გამოგიგზავნეთ და ნახეთ", იუწყება იდუმალი ნომერი.
bendzokhi_deputati sabachka mail.ru - პაროლი რამდენიმე ადგილას უწერია, ბლოკნოტში, ფურცლის ნაგლეჯზე, რომელიც საფულეში უდევს, იმ ჟურნალის ყდაზე, რომელშიც მისი და ცოლის ხალასი ინტერვიუა დაბეჭდილი და, ყოველი შემთხვევისთვის, მისმა უფროსმა შვილიშვილმაც იცის.
მესიჯბოქსი დიდია, ბევრი რამ წერია, ამ პახმელიაზე ამდენი კითხვა ეზარება. თანაც ბავშვი ხომ არ არის? ყველაფერი ისედაც იცის. 90-იანები, გენოფონდი, დაპატარავებული ტვინი, გამომშრალი ორგანიზმი, თქვენ სად იყავით მაშინ, თქვენც ეგ გინდათ, ვერ ეღირსებით, ამ ქვეყანაში ამას არ დავუშვებთ, ხალხი არ დაუშვებს, ეკლესიას რა პასუხს აძლევთ? ცოდვაში ნუ აგდებთ ახალგაზრდებს - ეს რეპლიკებიც საკმარისია, "ყოჩაღ" - იტყვიან მასზე მისი პოტენციური თანამესუფრეები, როცა ის ამ სიტყვებით მოწინააღმდეგეებს სიტყვას შეაწყვეტინებს. როცა მისი დრო მოვა, ამ ყველა სიტყვას ერთად იტყვის, წინადადებაში რამდენიმე ზედსართავ სახელს ჩაამატებს, ძარღვებს დაიბერავს, ხელებს გაასავსავებს და თამადობა უკვე გარანტირებული აქვს.
"ჰო, ჩვენი შვილები", არ დაავიწყდეს, ინიშნავს.
ბენძოყ დეპუტატს კარგად ახსოვს 90-იანები, ახსოვს როგორ მოწამლეს სხვებმა თაობა, როგორ დაანგრიეს სხვებმა ქვეყანა, როგორ გაყიდეს სხვებმა სახელმწიფო ქონება აგურ-აგურ, როგორ ხოცავდნენ სხვები ერთმანეთს, როგორ იღებდნენ და იძლეოდნენ სხვები ქრთამს, როგორ კრიშავდნენ სხვები ნარკოტრაფიკს, როგორ წეწავდნენ სხვები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, როგორ დარბოდნენ სხვები ავტომატებით ხელში.
ეთერის მერე პირველი ყოველთვის იდუმალი ნომერი რეკავს, შენიშვნებს აძლევს და ხანდახან აქებს. დღეს ისეთი თემა აქვს, რომ შანსი არაა შენიშვნები მიიღოს. დღეს აუცილებლად ასიამოვნებს იმათ, იმ სხვებს. და როცა კმაყოფილი ღიმილით გათიშავს იდუმალი ხმის ზარს, უფროსი შვილიშვილი დაურეკავს და ეტყვის, რომ ფეისბუქზე ერთი ამბავია ატეხილი. ლიბერასტები ლანძღავენ, მაგრამ მისი მეგობრები, სხვები და პოტენციური თანამესუფრეები აქებენ, -"აი, ახლა დაგიწერა ვიღაცამ, ღმერთმა დაგლოცოსო!" მან იცის, რომ ამ საღამოს კიდევ ბევრ ზარს უპასუხებს და ბევრი ადამიანი შეაქებს, მაგრამ ყველაზე მეტად თავისი კოლეგის ზარს ელოდება, რომელიც მას თავის ოჯახში თამადად მიიწვევს. მან ზუსტად იცის, რომელ სადღეგრძელოს რის მერე იტყვის, მომავალ თაობასაც დალოცავს, იქნებ რამე ლექსიც თქვას, რომელი ლექსი? აი, ის, "იარონ! იარონ! იარონ!" უნდა გადაიმეროს.
- და ბატონო ბენძოყ, თქვენ რას გვეტყვით? - ოცნებებიდან წამყვანის ხმას გამოჰყავს. - რატომ ვიჭერთ ახალგაზრდებს და რატომ ვუშვებთ ციხეში 7, 8, 10 და ზოგსაც 20 წლით? ეს ბატონები ამბობენ, რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, თქვენ რა არგუმენტი გაქვთ ამის საწინააღმდეგოდ?
- იცით, მე მგონია, რომ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ.
ტაში. ტიხარი. ზარი ტელეფონზე.
კომენტარები