მთვარე იმაზე დიდხანს იყო ვულკანურად აქტიური, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მისიის Chang'e 5 ფარგლებში მთვარეზე გაგზავნილი აპარატის მიერ მოპოვებული გეოლოგიური ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრი იმაზე დიდხანს იყო ვულკანურად აქტიური, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.
ჩინური აპარატი მთვარეზე 2020 წლის დეკემბერში დაეშვა და მისი ზედაპირიდან საერთო ჯამში 1.7 კილოგრამი წონის მქონე გრუნტი აიღო. უკანასკნელი 4 დეკადის განმავლობაში ეს პირველი მისია გახლდათ, რომლის მიზანიც ამგვარი მასალის დედამიწაზე ჩამოტანა იყო.
ჩინეთის გეოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე სპეციალისტებმა კოლეგებთან ერთად ნიმუშები შეისწავლეს და ისინი 2 მილიარდი წლით დაათარიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს ხელთ არსებულ სხვა გრუნტოვან მატერიასთან შედარებით, თითქმის 1 მილიარდი წლით გვიან წარმოიქმნენ.
აღნიშნული მასალა გახლავთ ბაზალტი, იგივე ვილკანური ქვა, რომელიც ლავის სწრაფი გაცივების და, შესაბამისად, გამყარების შედეგად ფორმირდება. ის მთვარის განვითარების იმ პერიოდს მიეკუთვნება, როცა ციური სხეულის ტემპერატურა ეცემოდა, მისი მაგნიტური ველი კი მცირდებოდა.
წესით, 2 მილიარდი წლის წინ დედამიწის თანამგზავრი უკვე ცივი უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მასზე სითბოს წყარო ჯერ კიდევ არსებობდა, რამაც ვულკანურ აქტიურობას შეუწყო ხელი.
მთვარიდან მოპოვებული ქვების ასაკის ცოდნა მკვლევრებს პლანეტების ზედაპირის დათარიღებისთვის ხშირად გამოყენებადი ტექნიკის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ეს მეთოდი მატერიის სიძველის კრატერების სიმრავლის მიხედვით დადგენას გულისხმობს — რაც უფრო ძველია ადგილი, მით უფრო მეტი და დიდი ჩაღრმავებაა მასზე.
ამ შემთხვევაში, ნიმუშები შტორმების ოკეანედ წოდებული რეგიონის აქამდე გამოუკვლეველი ნაწილიდანაა აღებული.
კომენტარები