იაპონიაში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანზე ტკიპის ნაკბენით გადადის
იაპონიაში მდებარე ჰოკაიდოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად ინფექციური დაავადების გამომწვევი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანზე ტკიპის ნაკბენით გადადის. მისი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, მაღალი სიცხე, ასევე, სისხლში თრომბოციტებისა და ლეიკოციტების ნაკლებობა ფიქსირდება. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
სპეციალისტთა განცხადებით, 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე, იაპონიაში ეს ინფექცია სულ მცირე 7 ადამიანს შეხვდა, თუმცა მსხვერპლით არც ერთი შემთხვევა დასრულებულა. ვირუსი, რომელსაც იეზო უწოდეს, მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც 2019 წელს ერთ-ერთ საავადმყოფოს 41 წლის კაცმა სიცხისა და ფეხის ტკივილის გამო მიაკითხა. მას კუნძულ ჰოკაიდოს ტყეში სერნობისას ტკიპამ უკბინა
პაციენტს წარმატებით უმკურნალეს და 2 კვირაში გაწერეს. თუმცა, მედიკოსთა მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქმე სრულიად ახალ პათოგენთან ჰქონდათ. მომდევნო წელს, სამედიცინო დაწესებულებაში იმავე ჩივილებით კიდევ ერთი პირი მივიდა.
მათი სისხლის ნიმუშებიდან გამოცალკევებული ვირუსის გენეტიკურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ის ორთონაიროვირუსის გვარის წარმომადგენელია, რომელიც Nairoviridae-ს ოჯახს მიეკუთვნება. 2014 წლიდან შეგროვებული მონაცემების გამოკვლევამ კიდევ 5 დაავადებულის არსებობა გამოავლინა, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევაც აღენიშნებოდათ.
პათოგენის წყაროს დასადგენად, მეცნიერებმა ამ რეგიონის ველურ ბუნებაში მობინადრე ცხოველებიდან 2010-დან 2020 წლამდე პერიოდში აღებული ნიმუშები შეისწავლეს. შედეგად, ანტისხეულებს მიაგნეს იეზოს ხალებიან ირმებსა და ენოტებში. ვირუსის რნმ-ს მიაკვლიეს ჰოკაიდოში გავრცელებული ტკიპების სამ სახეობაშიც.
როგორც აღმოჩნდა, ეს ვირუსი ადამიანზე ცხოველიდან ტკიპის მეშვეობით გადადის. არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი კუნძულის გარეთაც გასულიყო, რასაც მეცნიერები უახლოეს მომავალში გაარკვევენ.
კომენტარები