დედამიწის მახლობელი 2 ასტეროიდი 11 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ძვირფას ლითონს შეიცავს
ამერიკის შეერთებული შტატების პლანეტოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის მახლობლად მოძრავი 2 ასტეროიდი 11.65 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ძვირფას ლითონს შეიცავს. ვარაუდობენ, რომ მათში იმაზე მეტი რკინა, ნიკელი და კობალტია, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე მთლიანად.
გამოცემაში The Planetary Science Journal გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა 1986 DA-ს და 2016 ED85-ის სახელით ცნობილი ასტეროიდები შეისწავლეს და მათი მონაცემები ერთმანეთს შეადარეს. კერძოდ, ისინი ობიექტთა სპექტრულ მახასიათებლებს დააკვირდნენ, ანუ მათგან მომავალი, ტელესკოპებით დაფიქსირებული ელექტრომაგნიტური გამოსხივება გააანალიზეს.
"ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ დედამიწასთან ახლოს მოძრავ ამ ასტეროიდთა ზედაპირის 85 პროცენტს ისეთი ლითონები შეადგენენ, როგორიცაა რკინა და ნიკელი, ხოლო 15 პროცენტი სილიკატურ მატერიას უკავია, რაც არსებითად ქვაა. ისინი ძალიან ჰგვანან ქვა-რკინის მეტეორიტებს, მაგალითად, მეზოსიდერიტებს, რომლებიც დედამიწაზეა ნაპოვნი", — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ხუან სანჩესი.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ობიექტები მადნეულის მოსაპოვებლად გამოვიყენოთ. მომავალში, შესაძლოა, მსგავსი ასტრონომიული სხეულებიდან მიღებული რესურსებით დედამიწა ან სხვა პლანეტებსა თუ მათ ბუნებრივ თანამგზავრებზე დასახლებული კოლონიები მოვამარაგოთ.
აღსანიშნავია, რომ ასეთი სამიზნეები უკვე შერჩეულია. მათ შორისაა ასტეროიდი 16 Psyche, რომლის შემცველი ლითონების ღირებულება 700 კვინტილიონი აშშ დოლარია. NASA მის უკეთ შესასწავლად იქ ზონდის გაშვებას გეგმავს, რაც 2022 წლის აგვისტოში იგეგმება.
კომენტარები