ახალი კვლევის თანახმად, ადამიანებს 130 წლამდე მიღწევა შეუძლიათ
გამოცემაში Royal Society Open Science გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, სტატისტიკურად, ადამიანებს შეუძლიათ, 130 წლამდე ან უფრო მეტ ხანს იცოცხლონ, თუმცა ამის შანსი საკმაოდ მცირეა.
ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი უკვე დიდი ხანია, მეცნიერთა დავის საგანია. ზოგის აზრით, ეს ნიშნული 150 წელია, სხვები კი ფიქრობენ, რომ ასეთი მიჯნა საერთოდ არ არსებობს. ამ დებატებს შვეიცარიაში მდებარე ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტებიც შეუერთდნენ და იმ ადამიანთა მონაცემები გააანალიზეს, რომლებმაც 110 ან მეტ წლამდე მიაღწიეს. ასევე, მათიც, ვისაც 105 წელი შეუსრულდა ან ამ ასაკს გადასცდა.
პირველი ჯგუფის შესახებ ცნობები მათ საერთაშორისო ბაზიდან მოიპოვეს და ის 13 ქვეყანაში მცხოვრებ 1 100 ხანდაზმულს მოიცავს. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, მათზე ნაშრომის ავტორებმა იტალიაში 2009 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრამდე პერიოდში შეგროვებული მონაცემებიდან შეიტყვეს.
აღმოჩნდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი გარდაცვალების რისკი მუდმივად იზრდება, 110 წლის შემდეგ კი თითოეული წლის განმავლობაში სიკვდილის შანსი დაახლოებით 50-50-ზეა. მკვლევრები ამას მონეტის აგდებას ადარებენ, როცა არ იცი, რომელი მხარე დაჯდება. ერთ შემთხვევაში, მომდევნო დაბადების დღესაც იზეიმებ, ხოლო მეორეში — შემდეგი წლის რომელიმე მომენტში სიცოცხლეს დაასრულებ.
მეცნიერები გაანალიზებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ შესაძლებელია, სულ მცირე 130 წელს მივაღწიოთ. ექსტრაპოლაციის მიხედვით, ამის ქვემოთ რაიმე კონკრეტული ზღვარი რომ არსებობდეს, მას აქამდეც შევნიშნავდით.
ამ ყველაფრის მიუხედავად, აღნიშნულ ასაკამდე სიცოცხლის შანსი მილიონში ერთია და არაა გამორიცხული, რომ ასეთი რამ მომდევნო საუკუნეში ვიხილოთ. თუმცა, უფრო მეტისთვის, მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევები და სოციალური წინსვლა იქნება საჭირო.
კომენტარები