"წებო", რომელსაც ანტარქტიდის ყინულები უნდა შეეკავებინა, დნება
მეცნიერთა გუნდი კიდევ ერთხელ დააკვირდა ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობას და აღმოაჩინა, რომ "წებო", რომელიც ყინულის საფარს ერთიან მდგომარეობაში ინარჩუნებს, საგანგაშო მდგომარეობაშია.
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ამ კვირაში ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა, როდესაც ანტარქტიდის ყინულები დაშლას იწყებენ, საკუთარი თავის შეკეთების უნარს ამჟღავნებენ. ყინულის საფარის გათხელებისას წებო — ერთგვარი ყინულოვანი ნარევი ნაპრალების ამოვსებას იწყებს და ყინულის გიგანტურ ნატეხებს ერთად ინარჩუნებს. მაგრამ, როგორც NASA-ს და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, ეს წებო ისეთივე მოწყვლადია ტემპერატურის მატების და ცვალებადი კლიმატის მიმართ, როგორც ყინული. მისმა გათხელებამ კი, შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს.
მეცნიერებმა სამი სხვადასხვა სცენარის სიმულაცია შექმნეს: ერთ მათგანში მხოლოდ ყინულის საფარი განიცდის დნობას, მეორეში მხოლოდ ყინულოვანი ნარევი, მესამეში კი — ორივე მათგანი. სიმულაციებმა აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ნარევი ხელშეუხებელი რჩება, ყინულის საფარი საკუთარი თავის "შეკეთებას" ახერხებს. მაშინ კი, როდესაც ორივე მათგანი დნება, ყინულის ნატეხების წარმოქმნა ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
"ნარევის გათხელება კიდევ ერთი გზაა, რომლითაც კლიმატის ცვლილება ანტარქტიდის ყინულების უკან დახევას აჩქარებს", — ამბობს პრეს რელიზში კვლევის თანაავტორი და კალიფორნიის უნივერსიტეტის გლაციოლოგი, ერიკ რაინოტი. "ამის გათვალისწინებით, შესაძლოა იმ დროის და მასშტაბის გადაფასება დაგვჭირდეს, რომლითაც ზღვის დონე პოლარული ყინულის დნობის შედეგად მოიმატებს. ეს შესაძლოა უფრო მალე მოხდეს და უფრო დიდი მატება მივიღოთ, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი".
პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ნარევი, რომელიც წებოს ფუნქციას ასრულებს, ყინულის საფართან შედარებით ბევრად უფრო თხელია.
კვლევის მთავარი ავტორის და NASA-ის მკვლევრის, ერიკ ლარაუარის განცხადებით, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ წებო ბევრად უფრო თხელია, ვიდრე თვითონ ყინულის საფარი და როდესაც იგი დნობას დაიწყებს, იგი უბრალოდ გამოუსადეგარ ჭუჭყიან ნივთიერებად იქცევა.
გუნდმა აღმოაჩინა, რომ დღევანდელი ტემპით დნობა საკმარისია ბოლო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ყინულის ნატეხების გამოცალკევების ასახსნელად. იქიდან გამომდინარე, რომ ტემპერატურა მატებას განაგრძობს, ანტარქტიდა უფრო და უფრო ნაკლებად დაეყრდნობა ამ წებოს და ყინული გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
კომენტარები