ასტრონომების ვარაუდით, ეს იდუმალი ობიექტი ერთდროულად სამი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს
არსებობს თუ არა პლანეტა, დაზუსტებით ჯერაც არ ვიცით, თუმცა პასუხს მომდევნო თვეების განმავლობაში ველით.
ორიონის თანავარსკვლავედში არსებული ვარსკვლავთა სისტემა, სახელად GW Ori, დედამიწისგან 1300 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და მტვრისა და გაზის უზარმაზარი დისკოთია გარშემორტყმული. მან ასტრონომთა ყურადღება მრავალი მიზეზის გამო მიიპყრო, ყველაზე აღსანიშნავი კი ისაა, რომ იგი ერთის ნაცვლად, სამვარსკვლავიანი სისტემაა.
საიდუმლოება კვლავაც არ სრულდება აქ: GW Ori-ს დისკო ორადაა გაყოფილი — იმის მსგავსად, სატურნის რგოლებს შორის რომ უზარმაზარი ნაპრალი ყოფილიყო — გარეთა რგოლი კი დაახლოებით 38 გრადუსითაა დახრილი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დისკოში არსებული ინტერვალი შესაძლოა, სისტემაში ერთი ან მეტი პლანეტის ფორმირებას გამოეწვია. თუ საქმე სწორედ ამაშია, ეს ჩვენთვის ცნობილი პირველი პლანეტა იქნება, რომელიც ერთდროულად სამი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული სამხრეთ ობსერვატორიის (ESO) პრესრელიზი გვაწვდის.
ახლახან ასტრონომთა გუნდმა GW Ori-ს სისტემის უფრო დეტალური მოდელი შექმნა. ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში მათ მიერ გამოქვეყნებულ მიგნებებზე დაყრდნობით, გაზიანი პლანეტა მტვრის ღრუბელში არსებული უზარმაზარი ნაპრალისთვის საუკეთესო ახსნაა. აღსანიშნავია, რომ იგი იუპიტერის მსგავსად მასშტაბურია. ამჟამად პლანეტას პირდაპირ ვერ ვაკვირდებით, თუმცა შესაძლოა, იგი უბრალოდ თავის ორბიტას ჭრიდეს "სიყმაწვილის წლებში".
ამასთანავე, არსებობს სხვა ახსნაც, რომლის მიხედვითაც ვარსკვლავთა გრავიტაციული ძალის მომენტი დისკოში სივრცეს ასუფთავებს, თუმცა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, დისკოში ამ თეორიის მხარდასაჭერად საკმარისი ტურბულენცია არ აღინიშნება.
რას დაინახავდით ამ პლანეტიდან?
როგორც New York Times-ი იუწყება, პლანეტა რომ სიცოცხლისათვის გამოსადეგი იყოს და რამენაირად ვარსკვლავთშორის სივრცეში მოგზაურობა შეგეძლოთ გაზის გიგანტთან მისაღწევად, სინამდვილეში ცაში სამ ვარსკვლავს ვერ დაინახავდით (თუმცა შესაძლოა, "ვარსკვლავურმა ომებმა" საწინააღმდეგო გაფიქრებინოთ).
ამის ნაცვლად, მხოლოდ მნათობთა წყვილს დაინახავდით, რადგან შიგნით ყველაზე უფრო ღრმად მყოფი ორი ვარსკვლავი ერთმანეთთან ისე ახლოს ბრუნავს, რომ სინათლის ერთ წერტილს წააგავს. მიუხედავად ამისა, პლანეტის შებრუნებისთანავე, ვარსკვლავების ამოსვლა და ჩასვლა თვალისმომჭრელი აისისა თუ დაისის სახით წარმოგიდგებოდათ — ვაღიაროთ, ნაკლებად სავარაუდოა, ეს რომელიმე ჩვენთვის ნაცნობ პლანეტაზე შეგხვდეთ.
კითხვა იმის შესახებ, არსებობს თუ არა პლანეტა, კვლავაც განხილვის საგანია, თუმცა ALMA-სა და ჩილეს Very Large Telescope ტელესკოპების დაკვირვებებმა შესაძლოა, მომდევნო თვეების განმავლობაში მოგვცენ პასუხი.
კომენტარები