დედის რძეში კორონავირუსის ანტისხეულები ინფიცირების შემდეგ 10 თვის განმავლობაში ნარჩუნდება
ის მეძუძური ქალები, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, დედის რძეში ამ ინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულებს 10 თვის განმავლობაში ინარჩუნებენ. ამის შესახებ კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში მდებარე სინას მთის საავადმყოფოში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად ჩაატარეს, შედეგები კი ახლახან გამართულ სიმპოზიუმზე წარადგინეს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში COVID-19-ის მწვავე ფორმები უფრო იშვიათია, ვიდრე მოზრდილებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამის მიუხედავად, მაინც არსებობს შანსი, რომ 10-დან 1 მათგანს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდეს. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად და პატარების დასაცავად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს სწორედ დედის რძე ასრულებს.
ქალების ორგანიზმში ლაქტაციის დროს გამომუშავებული ანტისხეულები განსხვავდება იმუნოგლობულინ G-სგან, რომელიც ვაქცინირებული ადამიანების სისხლში გვხვდება. დედის რძე ამ უკანასკნელის გარდა, იმუნოგლობულინ A-საც შეიცავს, თანაც მეტი რაოდენობით. ამ ტიპის ანტისხეულები ბავშვების სასუნქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შიდა საფარს ეკრობა და ბაქტერიებსა თუ ვირუსებს იქ შეღწევის საშუალებას არ აძლევს.
სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში ინფექციაგადატანილი 75 მეძუძური დედის რძის ნიმუშები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მათი 88 პროცენტი იმუნოგლობულინ A-ს შეიცავდა. დაადგინეს ისიც, რომ ანტისხეულების უმეტესობას Sars-CoV-2-ის გაუვნებლების უნარი შესწევდა. რაც მთავარია, დაასკვნეს, რომ მათ ორგანიზმი 10 თვის განმავლობაში წარმოქმნის.
მეცნიერებმა, ასევე, Pfizer-ის, Moderna-ს და Johnson & Johnson-ის ვაქცინებით აცრილი ქალების მონაცემებიც გაანალიზეს. ყველა პირს, რომელსაც Moderna-ს ინიექცია ჰქონდა გაკეთებული და იმათ 87 პროცენტს, ვინც Pfizer-ის პრეპარატი მიიღო, რძეში იმუნოგლობულინ G აღმოაჩნდათ, 71 და 51 პროცენტს კი — იმუნოგლობულინ A-ს ტიპის ანტისხეულები. Johnson & Johnson-ის ვაქცინის შემთხვევაში, პირველი მათგანი 38 პროცენტს ჰქონდა, ხოლო მეორე 23 პროცენტს.
აღსანიშნავია, რომ ეს ანტისხეულები მხოლოდ პატარების დასაცავად არაა ეფექტიანი, არამედ მათი გამოყენება იმ ადამიანების სამკურნალოდაც შეიძლება, რომელთაც COVID-19 მძიმე ფორმებში აქვთ.
კომენტარები