ახლა, როგორც არასდროს, ინჟინრები და მეცნიერები ახალი ტექნოლოგიების შესაქმნელად შთაგონებას ბუნებიდან იღებენ. ეს ასევე ეხება ადამიანების მიერ შექმნილ უმცირეს საფრენ აპარატებს.

შთაგონებული იმით, თუ როგორ აფრქვევს ნაკერჩხალი თესლს, მკვლევრებმა შეიმუშავეს მცირე ზომის საფრენი მიკროჩიპები, რომლებიც თითქმის ქვიშის მარცვლის ზომისაა. ეს მფრინავი მიკროჩიპი ან "მიკროფლაიერი" იჭერს ქარს და ვერტმფრენის მსგავსად ტრიალებს მიწისკენ.

მფრინავი მიკროჩიპები, რომლებიც შექმნილია ილინოისის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის გუნდის მიერ, შეიძლება შეფუთული იყოს ულტრა-მინიატურული ტექნოლოგიით, მათ შორის სენსორებით, ენერგიის წყაროებით, უკაბელო კომუნიკაციის ანტენებით და მეხსიერების ჩამონტაჟებითაც კი.

"ამ ახალი ტექნოლოგიის შექმნით, ჩვენი მიზანი იყო მცირე ზომის ელექტრონულ სისტემებს შესძლებოდათ ფრენა. ეს შესაძლებლობები მოგვცემს საშუალებას გავავრცელოთ მაღალფუნქციური, მინიატურული ელექტრონული მოწყობილობები, რათა უფრო თავისუფლად მოვახდინოთ გარემოს დაბინძურების მონიტორინგი და მეორეს მხრივ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა", — ამბობს ჯონ როჯერსი, რომელიც ხელმძღვანელობდა ახალი მოწყობილობის შემუშავებას.

ინჟინრების გუნდს სურდა შეემუშავებინა ისეთი მოწყობილობები, რომელიც ჰაერში რაც შეიძლება დიდხანს დარჩებოდა, რაც მათ საშუალებას მისცემდა მაქსიმალურად გაეზარდათ შესაბამისი მონაცემების შეგროვება. როდესაც ეს ტექნოლოგია ჰაერში ეშვება, მისი ფრთები ურთიერთქმედებს ჰაერთან, რათა შეიქმნას ნელი, სტაბილური ბრუნვითი მოძრაობა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუნების ეფექტს ვაჯობეთ კიდევაც. თუნდაც ვიწრო გაგებით, მაგრამ ჩვენ შევძელით სტრუქტურების აგება უფრო სტაბილური ტრაექტორიით და უფრო კომფორტული სიჩქარით, ვიდრე ეკვივალენტური თესლი, რომელიც ვრცელდება მცენარეებიდან ან ხეებიდან", — თქვა როჯერსმა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ როჯერსის ლაბორატორია ავითარებს გარდამავალ ელექტრონიკას, რომელიც წყალში იხსნება მას შემდეგ, რაც ისინი აღარაა სასარგებლო.

"ჩვენი ტექნოლოგია გარემოს არ აზიანებს. როდესაც ტექნოლოგია ფუნქციას კარგავს, ის უვნებლად ნადგურდება", — ამბობს როჯერსი.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.